ირაკლი ღარიბაშვილი - მიხეილ ჩხენკელი წარმატებული მინისტრი იყო, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, ძალიან ბევრ რეფორმას ჩაუყარა საფუძველი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მიხეილ ჩხენკელი წარმატებული განათლების მინისტრი იყო.

როგორც მან მთავრობის სხდომაზე განათლების ახალი მინისტრის წარდგენისას განაცხადა, მიხეილ ჩხენკელმა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა და ბევრ რეფორმას ჩაუყარა საფუძველი.

„წარმოგიდგენთ განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს, გიორგი ამილახვარს. მანამდე მინდა გითხრათ, რომ მე უკვე შევხვდი მიხეილ ჩხენკელს. მან საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა. მინდა აღვნიშნო, რომ მიხეილ ჩხენკელი წარმატებული მინისტრი იყო. იგი 4 წელი ემსახურა ჩვენს მთავრობას, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ახალგაზრდა თაობას. მან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, ძალიან ბევრ რეფორმას ჩაუყარა საფუძველი. ბატონი მიხეილის გადაწყვეტილება და სურვილი იყო, რომ იგი თავის აკადემიურ საქმიანობას დაუბრუნდეს. კერძოდ, მიხეილ ჩხენკელი გააგრძელებს თავის საქმიანობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში უცხოელ მრჩეველთა ბორდის თავმჯდომარედ. მინდა ჩემი და მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო მიხეილ ჩხენკელს გაწეული საქმიანობისთვის და მის შემდეგ საქმიანობაში წარმატებები ვუსურვო“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს განათლების მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი გიორგი ამილახვარმა შეცვალა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრად გიორგი ამილახვარი თავად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.

ამილახვარი ამ დრომდე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს