მაკა ბოჭორიშვილი - ბევრი დამახინჯებული განცხადება მინახავს, მათ შორის, საინფორმაციო საშუალებების მხრიდანაც, როცა ხდება კონტექსტიდან აბსოლუტურად ამოგლეჯილი ინფორმაციის გავრცელება

ბევრი დამახინჯებული განცხადება მინახავს, მათ შორის, საინფორმაციო საშუალებების მხრიდანაც, როცა ხდება კონტექსტიდან აბსოლუტურად ამოგლეჯილი ინფორმაციის გავრცელება, ინგლისურად თარგმნა, გზავნა, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილი ბრიუსელში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი ვიზიტები ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია.

„ბრიუსელში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა კონსულტაციები მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არის ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი. ვიცით, რომ მზადდება შემდგომი ანგარიში საქართველოს შესახებ, რომელიც გამოქვეყნდება წლის ბოლოს. ზოგადად, რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის ვიყოთ გაფართოების პოლიტიკის ნაწილი, რა ტიპის ურთიერთობები და შესაძლებლობები იხსნება საქართველოსთვის, ეს მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, გვქონდეს კონსულტაციები, ამიტომ მნიშვნელოვანია სამუშაო დონეზე ასეთი ტიპის შეხვედრები რაც შეიძლება ხშირად იმართებოდეს ბრიუსელში ევროკომისიის წარმომადგენლებთან და უფრო მეტი თანამშრომლობა გვქონდეს სექტორული მიმართულებით, რომ ქვეყანამ მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით,"- განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კითხვაზე, ამის პარალელურად, რას ნიშნავს ხელისუფლების წარმომადგენელთა ის განცხადებები, რომელიც ფასდება ანტიდასავლურად და ხშირად ევროპელი პარტნიორების კრიტიკასაც იმსახურებს, ბოჭორიშვილი ამბობს, რომ განცხადებები ზოგჯერ კონტექსტიდან ამოგლეჯილად ვრცელდება.

"ძალიან ბევრი დამახინჯებული განცხადება მინახავს, მათ შორის, საინფორმაციო საშუალებების მხრიდანაც, როცა ხდება კონტექსტიდან აბსოლუტურად ამოგლეჯილი ინფორმაციის გავრცელება, ინგლისურად თარგმნა, გზავნა, მაშინ, როცა ჩვენ ვხედავთ წინადადებას პირველი ორი სიტყვა, ბოლო ორი სიტყვა არის და შუაში აკლია მნიშვნელოვანი ნაწილი, ასე ხდება ხშირად ინფორმაციების მანიპულაცია.

თქვენ მთხოვთ გავაკეთო კომენტარი ვიღაცის შეფასებებზე, რომელი განცხადება გაკეთდა ანტიდასავლური? ხელისუფლება, სამთავრობო უწყებები არიან პოლიტიკური ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანოები. ისინი არ შეიძლება მოქმედებდნენ პირადი ინტერესებისთვის, ისინი მოქმედებენ სახელმწიფოს ინტერესებისთვის. რომელი მაგალითი გვაქვს იმისა, რომ სამთავრობო უწყებები ანტიდასავლურ ნაბიჯებს დგამენ, თუ გაქვთ ასეთი მაგალითი, მოგისმენდით და მექნებოდა შესაბამისი რეაგირება,"- განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ამ კონტექსტში ბოჭორიშვილს შეახსენეს „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" პროექტი, რომელმაც პარტნიორებმა რუსულად შეაფასეს, რაზეც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტს აქვს უფლება ის განიხილოს, ხოლო თუ ეს აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს, არსებობს საერთაშორისო უწყებები, რომლებსაც შეუძლიათ დასკვნები დაწერონ და მიუთითონ ამაზე. ბოჭორიშვილის თქმით, პარლამენტმა კანონი არ მიიღო და ეს თემა დახურულია.

მისივე თქმით, სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანამ წინ წაიწიოს ევროინტეგრაციის კუთხით, თუმცა, ეს არ არის მარტივი პროცესი.

"სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანამ წინ წაიწიოს ევროინტეგრაციის კუთხით, ეს არ არის მხოლოდ 12 პუნქტის შესრულება, ეს არის კომპლექსური პროცესი და არც მარტივი პროცესი. ვიცით, დაჭირდება ამას წლები, რომ საქართველო გახდეს ქვეყანა, როგორიც ჩვენ გვინდა, რომ იყოს, როგორიც გვინდა, რომ იყოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ამ პროცესში ყველა ნაბიჯი იდგმება, რომ განხორციელდეს საჭირო რეფორმები, პროგრესი გვქონდეს და ეს ასახულია ევროკომისიის ანგარიშებში,"- განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა