პარლამენტის დეპუტატის, პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, ქვეყანაში სტუდენტური ასაკის ახალგაზრდების დასაქმების დაბალი მაჩვენებელია და საქართველოდან წასვლაზე ყოველი მესამე ახალგაზრდა ფიქრობს.
ბუჩუკურის ინფორმაციით, ბაკალავრიატის საფეხურზე თითქმის 12%-ს სტუდენტის სტატუსი აქვს შეჩერებული.
„ჩემი მოთხოვნის საფუძველზე, განათლების და მეცნიერების სამინისტრომ ოფიციალურად მომაწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბაკალავრიატის საფეხურზე სულ რეგისტრირებულია 178 450 სტუდენტი და აქედან ფინანსური დავალიანების გამო, თითქმის 12%-ს სტუდენტის სტატუსი აქვს შეჩერებული. საუბარია 21 137 სტუდენტზე, რომელიც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ეს ის ახალგაზრდები არიან, რომლებსაც სწავლის საფასურის ვერ გადახდის გამო, სწავლის გაგრძელებაზე ფაქტობრივად ოფიციალურად უარი ეთქვათ. ამას ემატება ისიც, რომ „საქსტატის“ მონაცემებით, სტუდენტების ასაკობრივ კატეგორიაში დასაქმების დაბალი მაჩვენებელია და სამწუხაროდ, სახელმწიფო ხელს არ უწყობს სტუდენტური სამუშაო ადგილების შექმნას. ეს არის ის უპერსპექტივობა, რაც განაპირობებს იმ რთულ სურათს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული ბოლო კვლევებითაც დგინდება, რომ საკუთარი ქვეყნიდან წასვლაზე ყოველი მესამე ახალგაზრდა ფიქრობს.
სტუდენტების მძიმე სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით შემდეგი შემოთავაზება მაქვს - შეგვივლია თუნდაც პარლამენტის შიგნით შევქმნათ სამუშაო პლატფორმა, სადაც როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი გადაჭრის მექანიზმებზე პოლიტიკური შეთანხმება იქნება მიღწეული“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა, რომლის კომენტარსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.