საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში როკმუსიკის სამდღიანი ფესტივალი ჩატარდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში როკმუსიკის ფესტივალი ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორებმა, სტუ-ის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახემ“ და სტუ-ის პროფესორმა თამაზ კაპანაძემ როკის მოყვარულებს სამდღიანი ზეიმი აჩუქეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფესტივალში მონაწილეობდნენ როკ-მუსიკის ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლები: შოთა ძაგნიძე - ONE MAN BANDS, კაკო ვაშალომიძის ბენდი - NEW PROJECT, THE DISTORTION, დათო შუშანია - TAFU ROCK EXPERIENCE. ფესტივალის გახსნის ღონისძიებაზე მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ვოვა მოგელაძის ბენდი, ზაზა ყარალაშვილი - 60-70s ROCK BALLADS და ზაზა ხუციშვილის ბენდი, ხოლო დასკვნით კონცერტზე MAO BAND - თამაზ კაპანაძე და ALMOST FAMOUS BAND. კონცერტის დასასრულს კი ჯემსეიშენი გაიმართა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 55 წელზე მეტია როკმუსიკის ფესტივალი ტრადიციულად იმართება. თეატრ-სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორ ნუგზარ ბუცხრიკიძის განცხადებით, „რკინის ფარდის“ არსებობის მიუხედავად, ფესტივალს იმთავითვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„ინტერესი იყო ძალიან დიდი და საოცარი ენთუზიაზმი. რაც მთავარია, „გეპეის“ იმჟამინდელი ხელმძღვანელობა ახალგაზრდა თაობის გვერდით იდგა. „მოდინახეს“ დარბაზი 1969 წელს გაიხსნა და პირველი კონცერტი სწორედ ამ დარბაზში ჩატარდა. ამ ფესტივალის სულისჩამდგმელი თამაზ კაპანაძე იყო - ნიჭიერი მუსიკოსი და მსახიობი. სამჯერ აიღო გრანპრი იაპონიის, ამერიკისა და ჰოლანდიის საერთაშორისო ფესტივალებზე, დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. ფესტივალი, რომელიც თამაზის ინიციატივით ტარდებოდა, ყოველთვის იზიდავდა მსმენელს. წლევანდელი ფესტივალი, პანდემიის შემდეგ, პირველია. სასიხარულოა, რომ მიუხედავად იძულებითი შესვენებისა, წელსაც ინტერესი დიდია. სამი დღის განმავლობაში კონცერტებმა ანშლაგით ჩაიარა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, რომელიც ძალიან დაგვეხმარა იმ მხრივ, რომ როკმუსიკის ფესტივალი ისეთივე საინტერესო ყოფილიყო, როგორც ადრეულ წლებში. სამი დღის განმავლობაში მსმენელების წინაშე ყველა თაობის როკერები წარსდგნენ. ეს იყო ნამდვილი ზეიმი და მადლობა ყველას, ვინც ფესტივალი იძულებითი შესვენების შემდეგ აღადგინა“, - განაცხადა ნუგზარ ბუცხრიკიძემ.

როგორც როკმუსიკის ფესტივალის სულისჩამდგმელი, სტუ-ის პროფესორი, თამაზ კაპანაძე აცხადებს, გასული საუკუნის 60-70-იან წლებში, მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში ჰიპების მოძრაობა, როგორც პაციფისტთა პროტესტი ბურჟუაზიული სამყაროს მიმართ, აქტიური იყო, ე.წ. რკინის ფარდის არსებობის მიუხედავად, საქართველოშიც ტარდებოდა მუსიკალური აქციები ნიშნად პროტესტისა და ერთ-ერთი როკფესტივალი იყო.

„მაშინ, შავკოსტიუმიანი კაგებეს თანამშრომლების პირისპირ „გეპეის“ სტუდენტები და ლექტორები იდგნენ, რომლებიც მათ აგრესიას უმკლავდებოდნენ. ყველა მუსიკალური სიახლე სწორედ „გეპეიდან“ იწყებოდა და შემდეგ აქედან ვრცელდებოდა. მაშინ ახალგაზრდა თაობამ იცოდა რა სურდა, რა აინტერესებდა და რა რისკზე მიდიოდა, როდესაც როკის და ჯაზის კონცერტებს მართავდა ან თუნდაც ისმენდა. ეს არის როკის ვეტერანების ყოველწლიური შეკრება, ეს ჩვენი ფესტივალია, როდესაც ვიხსენებთ იმას, რაც გავიარეთ 70-იანებში. ეს იყო მთელი ეპოქა, რომელსაც, ვინც ვერ მოესწრო, ძნელად წარმოიდგენს. ამასთან ერთად, ჩვენ ყოველ წელს ვპატიჟებთ ახალგაზრდა შემსრულებლებს, რათა ერთმანეთს გამოცდილება გავუზიაროთ. ფესტივალმა ისეთივე ანშლაგით ჩაიარა, როგორც ეს 70-იან წლებში ხდებოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კარგი და ხარისხიანი მუსიკის მოთხოვნა ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ დავით გურგენიძეს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის“, - აცხადებს თამაზ კაპანაძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე