ასოციაცია „ევროპის დროით“ „ევროკავშირის ბიულეტენს“ აქვეყნებს

ასოციაცია „ევროპის დროით“ გთავაზობთ „ევროკავშირის ბიულეტენს“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. თქვენ გაეცნობით ევროკავშირისა და საქართველო-ევროკავშირის შესახებ ზუსტ და ფაქტობრივ ინფორმაციას.

ევროკავშირს არ აქვს საკუთარი თავისთვის კომპეტენციების მინიჭების ძალაუფლება. ევროკავშირმა რომ მიიღოს სავალდებულო ბუნების გადაწყვეტილებები, კანონები, იმოქმედოს და აღასრულოს, მას წევრმა ქვეყნებმა უნდა გადასცენ კომპეტენციები. ევროკავშირისთვის კომპეტენციის გადაცემას სჭირდება: 1. ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა; 2. ევროკავშირის პირველად სამართალში ასახვა.

კომპეტენციები სამ ნაწილად იყოფა:

  • ექსკლუზიური კომპეტენციები;
  • გაზიარებული კომპეტენციები;
  • მაკოორდინირებელი და მხარდამჭერი კომპეტენციები.

ექსკლუზიური კომპეტენციის სფეროში მხოლოდ ევროკავშირს შეუძლია მიიღოს კანონები და მბოჭავი/სავალდებულო გადაწყვეტილებები. ექსკლუზიური კომპეტენციის სფეროებია:

  • საბაჟო კავშირი;
  • შიდა ბაზრის მარეგულირებელი კონკურენციის წესები;
  • მონეტარული პოლიტიკა და ევრო-ზონის ქვეყნები;
  • საერთო თევზჭერის პოლიტიკა ზღვის ბიოლოგიური რესურსების კონსერვაციის სფეროში;
  • საერთო კომერციული პოლიტიკა;

ექსკლუზიური კომპეტენციის სფერო, ძირითადად, დაკავშირებულია ბაზრის ფუნქცინირებასთან, ბაზრის უსაფრთხოებასა და ვაჭრობასთან. ზუსტად, ამ სფეროში, ევროკავშირი ფლობს ექსკლუზივს.

ეს ასპექტი თვალსაჩინოა ასოცირების შეთანხმებაშიც, რამეთუ საქართველოს ყველაზე მეტი ვალდებულება ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებისა (აპროქსიმაციისა) აქვს ასოცირების შეთანხმების სავაჭრო კარის (DCFTA) ნაწილში.

ევროკავშირში კონსენსუსის პრინციპით გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობა

ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულია როგორც წევრი სახელმწიფოების, ისე მთლიანად საერთო ევროპული (ევროკავშირის) ინტერესები. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან და მაღალი პრიორიტეტის საკითხებზე, დღემდე ევროკავშირში გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსის პრინციპით. ევროკავშირის ერთ-ერთ პოლტიკურ ინსტიტუტში - ევროპულ საბჭოში (რომელიც არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურთა სამიტი) გამოიყენება გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა - კონსენსუსი. კონსენსუსი ნიშნავს ყველა წევრი ქვეყანა თანახმაა. გადაწყვეტილება მანამდე არ მიიღება, სანამ ყველა არ მიაღწევს შეთანხმებას. ეს მოწმობს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებებში წევრი ქვეყნების ეროვნული/სუვერენული პოზიციები და საერთო ევროპული ინტერესები ერთმანეთთან თანხვედრაშია.

ევროკავშირის გაფართოებების დინამიკა

ევროკავშირმა თავისი ისტორიის მანძილზე (1951 წლიდან დღემდე), 72 წლის განმავლობაში, სულ შვიდჯერ გაიარა გაფართოების პროცესი და დღეს მხოლოდ 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თავდაპირველად, ევროგაერთიანება დააფუძნა 6-მა სახელმწიფომ (საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი). შემდეგ:

პირველი გაფართოება, 1973 წელი - დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, დანია;

მეორე გაფართოება, 1981 წელი - საბერძნეთი;

მესამე გაფართოება, 1986 წელი - ესპანეთი, პორტუგალია;

მეოთხე გაფართოება, 1995 წელი - ავსტრია, ფინეთი, შვედეთი;

მეხუთე გაფართოება, 2004 წელი - უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, მალტა, კვიპროსი;

მეექვსე გაფართოება, 2007 წელი - ბულგარეთი, რუმინეთი;

მეშვიდე გაფართოება, 2013 წელი - ხორვატია.

ლექსიკონი

ევროპული პარლამენტი (ევროპარლამენტი) არის ევროკავშირის ერთ-ერთი პოლიტიკური ინსტიტუტი. იგი კომპლექტდება პირდაპირი და პროპორციული არჩევნების გზით. ევროპარლამენტი ჩართულია ევროკავშირის კანონთა მიღების პროცესში ევროკავშირის საბჭოსთან ერთად, თუმცა არ აქვს უფლება დამოუკიდებლად მიიღოს სავალდებულო/მბოჭავი საკანონმდებლო აქტები. მას არ აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება. როგორც წესი, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას (მთავრობას) დააყენოს საკანონმდებლო წინადადება/ინიციატივა ან მიმართავს ევროკომისიასა და ევროკავშირის საბჭოს (ძირითად საკანონმდებლო ორგანოს) მიიღონ გადაწყვეტილებები. ევროპარლამენტი ამტკიცებს ევროკავშირის მთავრობას - ევროკომისიას, ირჩევს სახალხო დამცველს, უსმენს ევროკომისიის წლიურ ანგარიშს, მიმართავს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიიღოს ზომები ევროკომისიის ან ევროკავშირის საბჭოს წინააღმდეგ თუ მათ გადაუხვიეს ევროკავშირის სამართლის სულისკვეთებას და სხვა.

გამოქვეყნებები და მნიშვნელოვანი ლინკები

რედ.: ქარდავა ე., ჭელიძე გ., შენგელია ს., ევროკავშირის კანონთა სახე - რეგულირების პრაქტიკა საქართველოში, 2022, ავტორთა კოლექტივი: ქარდავა ე., ჭელიძე გ., ქალდანი თ., მოსახლიშვილი ლ., მენაბდიშვილი ს.

https://cu.edu.ge/files/Docs/Book%20LFEU%20Final%20for%20publicity%202022.pdf

მოგვწერეთ, გვკითხეთ

european.time.geo@gmail.com

ekakardava2014@gmail.com

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება