სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ სანამ საჩივარს განიხილავს, მიზანშეუწონლად მიაჩნია საქართველოს მთავრობას დაავალოს[მიხეილ სააკაშვილის] დაუყოვნებლივი გადაიყვანა სხვა ქვეყანაში, მათ შორის სამკურნალო მიზნით. ეს არის სულ, რასაც ეს შეტყობინება ამბობს და ამ შეტყობინებას სასამართლოს მხრიდან რაიმე ტიპის განვრცობა არ მოჰყოლია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს ბუზისგან სპილოს შექმნას და ამ საქმესთან დაკავშირებით ნიშნის მოგებით საუბარს, - ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომელიც მან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ გააკეთა.
შოთა თუთბერიძის განმარტებით, იუსტიციის სამინისტრომ და ხელისუფლებამ ბუნდოვანება შექმნა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმად, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე, ამავდროულად, სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.
„მინდა გარკვეული ბუნდოვანება გავფანტო, რომელიც არსებობს ამ პასუხთან დაკავშირებით და ის ბუნდოვანება, რომელიც ხელისუფლებამ და იუსტიციის სამინისტრომ შექმნა დღევანდელი ბრიფინგით. ეს არ არის ევროსასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება სააკაშვილის საქმეზე, სადაც სააკაშვილის ძირითადი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით სასამართლო არსებითად ამ საქმეს განიხილავს. ეს გახლდათ პროცედურული ანუ ე.წ. დროებითი ღონისძიების სარჩელის განხილვამდე სააკაშვილის გადაყვანის საკითხთან დაკავშირებით მიღებული პროცედურული გადაწყვეტილება. ანუ დაცვის მხარემ, ბუნებრივია, პროცესის დაწყებისთანავე სცადა და გამოიყენა ყველა, თუნდაც ის ძალიან მცირე და თეორიული ბერკეტები, რომლის საშუალებასაც იძლეოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და სასამართლოს მუშაობის წესები. ე.წ. დროებითი ღონისძიება სწორედ ამგვარი ერთ-ერთი მექანიზმი იყო და ამ პროცედურულ საკითხზე ევროსასამართლომ არ დაავალა საქართველოს მთავრობას სააკაშვილის დაუყოვნებლივი გადაყვანა ვარშავაში, სულ მცირე, იქამდე ვიდრე საჩივრის განხილვა არ დასრულდება. ანუ დაცვის მხარის შუამდგომლობა გახლდათ სწორედ ეს, სასამართლო საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდეც კი, დაუყოვნებლივ დაევალებინა მთავრობისთვის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადაყვანა მომხდარიყო ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში. ეს პროცედურული ნაწილი არის მხოლოდ, რაზეც ჩვენ დღეს პასუხი მივიღეთ. თუმცა, არაერთხელ გვითქვამს, რომ ამ საკითხში მთავარი არის საჩივრის არსებითი განხილვა, ანუ ევროსასამართლო ამ საკითხზე იმსჯელებს და ამ საჩივარს არსებითად განიხილავს და ბუნებრივია, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება გადაწყვეტილების შემდეგ“- განაცხადა თუთბერიძემ.
მისი განმარტებით, უნდა ითქვას, რომ ბუნებრივია, ევროსასამართლო სახელმწიფოს არ და ვერ დაავალებდა იმგვარი ქმედების განხორციელებას, რასაც დაცვის მხარე არ ითხოვდა.
„მე მოვისმინე დღეს პოზიციები, რომ სასამართლომ თითქოს არ დაავალა იუსტიციის სამინისტროს მიხეილ სააკაშვილის საქართველოს სხვა კლინიკაში გადაყვანაც კი და ეს თითქოს, ნიშნის მოგებით იყო ნათქვამი. ამასთან დაკავშირებით უნდა განიმარტოს, რომ საქმის არცერთ ეტაპზე ჩვენი მოთხოვნა არ ყოფილა მესამე პრეზიდენტის გადაყვანა საქართველოს რომელიმე სხვა კლინიკაში, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ეს უზრუნველყოფს მის უფლებების ეფექტიან დაცვას და შესაბამისად, არარსებულ მოთხოვნაზე მითითება აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს გარკვეული პანიკა, რომელიც სახელმწიფომ შექმნა და რომლის შექმნასაც ხელისუფლება ცდილობს აბსოლუტურად უსაფუძვლოა. სააკაშვილის საქმეზე სამართლებრივი ბრძოლა არათუ გრძელდება, არამედ ვფიქრობ, რომ გადამწყვეტ ფაზაში შედის და მეტიც, ევროსასამართლოს ამ პასუხს საქართველოს ხელისუფლებამ არ ვფიქრობ, რომ დამატებითი კუდები უნდა გამოაბას, იმიტომ, რომ სასამართლოს არცერთი წუთით არ შეუტანია ეჭვი არც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეში, სასამართლოს არცერთი მინიშნება არ გაუკეთებია იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი კარგად არის, როგორც ეს იუსტიციის სამინისტროს ვერსია იყო და სასამართლოს არცერთი წუთით არ უთქვამს, რომ სააკაშვილის უფლებები საქართველოში არ ილახება. ერთადერთი, რაც სასამართლომ თქვა არის ის, რომ სანამ საჩივარს განიხილავს, მიზანშეუწონლად მიაჩნია საქართველოს მთავრობას დაავალოს დაუყოვნებლივი გადაიყვანა სხვა ქვეყანაში, მათ შორის სამკურნალო მიზნით. ეს არის სულ, რასაც ეს შეტყობინება ამბობს და ამ შეტყობინებას სასამართლოს მხრიდან რაიმე ტიპის განვრცობა არ მოჰყოლია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს ბუზისგან სპილოს შექმნას და ამ საქმესთან დაკავშირებით ნიშნის მოგებით საუბარს. ცხადია, საფუძველიც არ არსებობს, ჩვენ კვლავინდებურად დარწმუნებული ვართ იმაში, რომ სამართლებრივი კუთხით საბოლოო გამარჯვება ამ საქმეში ეკუთვნის და ექნება სწორედ საქართველოს მესამე პრეზიდენტს იმიტომ, რომ, ამ შემთხვევაში, სააკაშვილი იბრძვის არა საქართველოს წინააღმდეგ, როგორც ამას ბატონი ბრეგვაძე აცხადებს, სააკაშვილმა თავისი პოლიტიკური კარიერა საქართველოს წარმატებას მოახმარა სრულად, არამედ სააკაშვილი იბრძვის იმ უსამართლობის, იმ რუსეთიზაციის წინააღმდეგ, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს საქართველოში“- განაცხადა შოთა თუთბერიძემ.