ირაკლი ღარიბაშვილი - მაქვს პატივი, საქართველოს ეკლესიასთან ერთად, უზრუნველვყო გელათის სამონასტრო კომპლექსის კონსერვაციის წარმატებით განხორციელება

მაქვს პატივი, საქართველოს ეკლესიასთან ერთად, უზრუნველვყო გელათის სამონასტრო კომპლექსის კონსერვაციის წარმატებით განხორციელება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც საპატრიარქოს გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის სახელით, საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ დამსწრე საზოგადოებას გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის მიმდინარე პროცესი და მომავალი სამუშაოების გეგმები გააცნო.

პრემიერის განცხადებით, გელათი წარმოადგენს ერის განუმეორებელ სულიერ და კულტურულ მემკვიდრეობას. ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სახელით, საქართველოს ეკლესიას, მეცნიერების წარმომადგენლებს, ქართველ საზოგადოებას დაუდასტურა თანადგომა გელათის საერთაშორისო დონის პროექტის განხორციელებაში.

„ალბათ, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ გელათი არის მართლაც უნივერსალური სულიერი იდეის მატერიალური ძეგლი, სადაც მეცნიერება და რწმენა ერთმანეთთან არის უნიკალურად შეზავებული. ჩვენ კარგად მოგვეხსენება, რომ სწორედ ამ უნიკალური, წმინდა სავანეს შექმნით, ჩვენმა დიდმა მეფემ, ლეგენდარულმა დავით აღმაშენებელმა, სწორედ სათავე დაუდო დიდი საეკლესიო მოღვაწის, კლიმენტი ალექსანდრიადის მოძღვრების განხორციელებას, რომ ცოდნა აღვსებულიყო რწმენით და რწმენა გამხდარიყო მცოდნეობითი. ამ გზით მოდიოდა გელათი საუკუნეთა განმავლობაში და დღეს ჩვენც, თანამედროვე საქართველოს მოქალაქენი, შვილები, სწორედ ამ ვალდებულების და აუცილებლობის წინაშე ვართ. საერო და სასულიერო მმართველობა, მეცნიერები და მოძღვრები, როგორც იტყვიან- ერი და ბერი, ერთად ვდგავართ გელათის სიწმინდისათვის, ვინაიდან ჩვენ ვაცნობიერებთ ამ მატერიალური ძეგლის უწმინდეს სულიერ იდეას და თითქოს ისევ გვაერთიანებს ჩვენი დიდი მეფე - დავითი და გვახსენებს თუ სად იქმნება და სად არის ქართველი ერის ჭეშმარიტი ერთობის ადგილი. ამიტომ, მე მინდა, ჩვენი მთავრობის სახელით, საქართველოს ეკლესიას, მეცნიერების წარმომადგენლებს, ქართველ საზოგადოებას დაგიდასტუროთ ჩემი თანადგომა ამ საერთაშორისო დონის პროექტის განხორციელებაში. მე ვარ ბედნიერი და მიხარია, რომ ერთად ვდგავართ ჩვენი ერის სულიერი და კულტურული ძეგლის დაცვისთვის და მაქვს პატივი, საქართველოს ეკლესიასთან ერთად, უზრუნველვყო გელათის სამონასტრო კომპლექსის კონსერვაციის წარმატებით განხორციელება,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება