აბსურდული ვნებათაღელვა იყო - ომის დაწყებიდან 2 კვირაში, ზელენსკი ნატო-ში შესვლის გადაფიქრებაზე საუბრობდა, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთისთვის ომის დაწყების საფუძველი სწორედ უკრაინის ნატო-სკენ სწრაფვა იქცა. ზელენსკის თუ აქვს ამაზე საუბრის უფლება, ჩვენ არ გვაქვს? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის მიერ გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გაკეთებულ განცხადებებს ვნებათაღელვის საბაბი არ აქვს, „გლობალურმა ომის პარტიამ კი ნაფთალინიდან ამოღებული აგენტები გამოაგორა“.
„დღემდე არ მესმის, რა იყო ვნებათაღელვის საფუძველი, იმდენად აბსურდული იყო ეს ვნებათაღელვა. საბაბს ვერ ვხედავ, ფაქტის კონსტატაცია მოხდა. გახსოვთ, გასული წლის მარტში, ომის დაწყებიდან 2 კვირაში, ზელენსკი ნატო-ში შესვლის გადაფიქრებაზე საუბრობდა, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთისთვის ომის დაწყების საფუძველი უკრაინის ნატოსკენ სწრაფვა იქცა.
ზელენსკის თუ აქვს ამაზე საუბრის უფლება, ჩვენ არ გვაქვს? თითიდან გამოწოვილი სპეკულაციებია.
გლობალურმა ომის პარტიამ, ამ კამპანიაში აბსოლუტურად ყველა აგენტი ჩართო, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მათ ვურჩევდი, მომავალში ნაკლებად გააშიშვლონ ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში საკუთარი აგენტები, გამოაგორეს ძველი, ნაფთალინიდან ამოღებული აგენტები. ლორა თორნტონი საერთოდ არ გვახსოვდა და უცბად გამოაგორეს სცენაზე.
ირაკლი ღარიბაშვილმა სადმე თქვა, რომ ნატო-ზე უარს ვამბობთ? საუბარი იყო ერთ-ერთ მიზეზზე. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ უკრაინაში ინტერვენციის ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის ნატოსკენ სწრაფვა იყო.
{რუსეთს} ძალიან მოსწონდა წინა ხელისუფლება, წინა ხელისუფლებამ ჩააბარა ტერიტორიების 20%, შემდეგ ცალმხრივად უვიზო რეჟიმი შესთავაზა, სტრატეგიული ობიექტები მიყიდა. თუ მაზოხიზმით არის ვიღაც დაკავებული, არ ვიცი. როდესაც საუბარია ორი ხელისუფლების შედარებაზე, წინა ხელისუფლების პირობებში რუსეთს ძალიან დიდი პროგრესი ჰქონდა საქართველოში გავლენის გაფართოების კუთხით, ჩვენი ხელისუფლების პირობებში აღარ აქვს“, - აღნიშნა კობახიძემ.