აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა მეხუთე გამოსაშვები ცერემონია გაიმართა

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, 2023 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიას უმასპინძლა. წელს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამებს საქართველოში 103 კურსდამთავრებული ჰყავს, საიდანაც 40% ქალია. მიმდინარე გამოშვების 66%-მა სწავლა წარჩინებით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, 2023 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„დღეს, ჩვენ აღვნიშნავთ ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში განხორციელებული სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს (სდსუ) პროგრამების ბოლო გამოშვებას. სდსუ საქართველოში 2014 წლიდან ოპერირებს აშშ-ისა და საქართველოს მთავრობების ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს სამ პარტნიორ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და კერძო სექტორის ჩართულობით. შედეგად, 500-ზე მეტმა სტუდენტმა საქართველოში მიეღო ამერიკული განათლება და დიპლომი. პროექტი წარმოადგენს საუკეთესო მაგალითს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და ხელს უწყობს ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარებას“, - განაცხადა მაგდა მაღრაძემ, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ღონისძიებაზე ხელი მოეწერა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, პარტნიორ უნივერსიტეტებთან - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - თანამშრომლობით, 90 სტუდენტს მიიღებს სამ ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე: კომპიუტერული მეცნიერება, კომპიუტერული ინჟინერია და სამოქალაქო ინჟინერია. პროგრამები გამოცხადებულია და სტუდენტების მიღება 2023-2024 სასწავლო წლიდან არის შესაძლებელი.

„ცხრაწლიანი ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის შემდგომ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჩვენს სამ წამყვან სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის პარტნიორობა კიდევ 4 წლით გრძელდება. აღნიშნულ პროექტს ერთობლივად საქართველოს მთავრობა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით დააფინანსებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც განხორციელდა საქართველოსა და აშშ-ს შორის უმაღლესი განათლების მიმართულებით და სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, კიდევ ოთხი წლით გავაგრძელოთ ეს ნაყოფიერი თანამშრომლობა“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ცერემონიაზე დასასწრებად საქართველოს ეწვია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული მენეჯმენტის გუნდი კალიფორნიიდან, უნივერსიტეტის პრეზიდენტის, პროფესორი ადელა დე ლა ტორეს ხელმძღვანელობით.

„ღონისძიებას დაესწრნენ 2023 წლების კურსდამთავრებულები, მათი ოჯახის წევრები და მოწვეული სტუმრები, საქართველოს მთავრობის, საქართველოში ამერიკის საელჩოსა და ათასწლეულის ფონდის წარმომადგენლები, პროექტის პარტნიორი საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) - რექტორები და თანამშრომლები, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და კერძო-საჯარო პარტნიორობის ფონდის დონორები.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობა საქართველოსთან 2015-2023 წლებში დაფინანსებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფარგლებში, აშშ-სა და საქართველოს მთავრობების მიერ. პროექტის ჯამური ბიუჯეტია 63 მილიონი აშშ დოლარი, აქედან 33 მილიონი აშშ დოლარი გაიღო აშშ-ს მთავრობამ, დანარჩენი საქართველოს მთავრობამ, ხოლო 3 მილიონი აშშ დოლარი კერძო დონორებმა.

შედეგად, 2015 წლიდან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს საქართველოში სთავაზობდა მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC), აშშ-ის საბაკალავრო პროგრამებს საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგებში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა