სოსო გიორგაძე ევროპის საპატენტო უწყების (EPO) პრეზიდენტს შეხვდა

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის 64-ე სესიის ფარგლებში „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტს ანტონიო კამპინოსს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა „საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ“ შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხი განიხილეს.

„მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ვალიდაციის შეთანხმების ძალაში შესვლისთვის განსახორციელებელ რიგ სამუშაოებზე, კერძოდ, EPO-ს და „საქპატენტის“ IT სისტემების ვალიდაციის რეჟიმთან შესაბამისობაში მოყვანის საჭიროებაზე, ასევე, საქართველოს საპატენტო ინსტრუქციაში შესატან ცვლილებებზე.

ვალიდაციის შესახებ 2019 წლის 31 ოქტომბერს ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიკაცია საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის 17 მაისს მოახდინა, ხოლო შეთანხმებით გათვალისწინებული საქართველოს საპატენტო კანონში შესატანი ცვლილებები ძალაში შევიდა 2023 წლის 2 ივნისს.

ცვლილებებით უცხოელი განმცხადებლები შეძლებენ უფრო მარტივად, ევროპული სტანდარტით საქართველოში საპატენტო დაცვის მოპოვებას, რაც პოზიტიური გზავნილია ინვესტორებისათვის. დღეის მდგომარეობით საქართველოში არსებობს გამოგონებაზე პატენტის მიღების მხოლოდ ორი გზა - განაცხადის პირდაპირ საქპატენტში და საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების (PCT) შესაბამისად შეტანილი საერთაშორისო განაცხადის ეროვნულ ფაზაში საქართველოში წარდგენა.

ვალიდაციის შეთანხმებასთან ერთად სოსო გიორგაძემ და ანტონიო კამპინოსმა განიხილეს 2022-2024 წლების ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხები, რომლებიც ითვალისწინებს „საქპატენტის“ ექსპერტებისა და პატენტრწმუნებულების კვალიფიკაციის ამაღლებას, სამართლებრივი კონსულტაციების ჩატარებას, EPO-ს საპატენტო საძიებო სისტემებთან წვდომის შესაძლებლობას და „საქპატენტში“ ახალი სერვისების დანერგვისა თუ საინოვაციო სფეროს განვითარების ხელშეწყობას.

შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ზემოაღნიშნულ საკითხებზე მუშაობას და იზრუნებენ დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებაზე. ევროპის საპატენტო ორგანიზაცია ევროპის მასშტაბით მეორე უმსხვილესი საჯარო სერვისების განმახორციელებელი ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს საპატენტო განაცხადების ექსპერტიზას და გასცემს ევროპულ პატენტებს. ორგანიზაციის საქმიანობა ევროპის მასშტაბით მიმართულია ინოვაციის, კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისაკენ. დღეისათვის, ევროპის საპატენტო ორგანიზაციაში გაწევრიანებულია 39 ქვეყანა, მათ შორისაა ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს