კობა კობალაძე ვეტერანებთან ერთად, შოვში, სტიქიის ზონაში იმყოფება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, რეგიონული სამმართველოების წარმომადგენლებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში, სტიქიური უბედურების ზონაში იმყოფებიან. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში, უკვე ჩართულია ომისა და თავდაცვის ძალების 30-ზე მეტი ვეტერანი; მობილიზებულია 600-ზე მეტი ვეტერანი და ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის მედპერსონალი სრული შემადგენლობით, რომლებიც სრულ მზადყოფნაში არიან, შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, ნებისმიერ დროს ჩაერთონ სამაშველო და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ოპერაციებში.

„სტიქიის ზონაში, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი; მოწყობილია საველე შტაბი, რომელიც მუდმივ კავშირზეა ონის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილ საკოორდინაციო შტაბთან; ადგილზე მუშაობენ გეოლოგებიც. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, კურორტ შოვში მიმდინარე სამუშაოებში, თავდაცვის ძალები ჩაერთო.

შეგახსენებთ, შოვში, მეწყერი, 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს, 16 ადამიანი ემსხვერპლა; 25-მდე დაკარგული მოქალაქის ძებნის სამუშაოები კი, მესამე დღეა, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, 00:00 საათიდან 8 აგვისტოს 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

ამასთან, სახელმწიფო დროშები დაეშვება 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით