თემურ მღებრიშვილი - დღეს ორი ცხედრის პოვნა მოხერხდა, მოზარდის ცხედარია ნაპოვნი ე.წ. კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე, მეორე კი მდინარის კალაპოტში, სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 2 კმ-ში იყო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, დღეს ნაპოვნი ორი ცხედრიდან ერთ-ერთი ე.წ. კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს, ხოლო მეორე მდინარის კალაპოტში, სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 2 კილომეტრში.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერჯერობით, არცერთი მათგანი არ არის ამოცნობილი.

„ორი ცხედრის პოვნა მოხერხდა. ერთი ცხედარი იყო უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში. ე.წ. კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე. მოზარდის ცხედარია. მეორე ცხედარი ნაპოვნია მდინარის კალაპოტში, სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 2 კმ-ში. ამ დროისთვის არის 21 ცხედარი ნაპოვნი და დარჩენილია 12, რომლის ძებნაც ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ამჟამად 9 ლოკაციაზე გვაქვს აქტიური საძიებო სამუშაოები. რაც შეეხება უფრო მეტ ინფორმაციას ცხედრების შესახებ, არ მინდა ისეთი ინფორმაციის გაჟღერება მომიწიოს, რაც შეიძლება მერე არ დადასტურდეს, ეს არის ერთი მოზარდის და ერთი მდედრობითი სქესის, თუმცა ჯერ კიდევ არ მინდა ვთქვა იმიტომ, რომ პროზექტურაშია. ამ დროისთვის თუ არ ვცდები, 4-ის იდენტიფიცირება მიმდინარეობს“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

მისი თქმით, სამძებრო ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს და უკვე ძალიან დიდი ტერიტორია არის გადამოწმებული.

„გარდა ამისა, მაღალი ტემპერატურაა და გარკვეული სახის დაავადებების საფრთხე არსებობს. აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები გვაქვს მიღებული პირბადეების საშუალებით. ვცდილობთ, ყველაფერი იმ პროტოკოლის ფარგლებში იყოს, რაც მსგავს სიტუაციებში აუცილებელია“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა იმ პირების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება, რომლებსაც სტიქიის ზონაში ამ დრომდე ეძებენ, თემურ მღებრიშვილმა განმარტა, რომ ეს საკითხი ჭირისუფლებთან უნდა შეთანხმდეს.

„გასაჯაროების შესახებ ინფორმაციაზე ვერაფერს გეტყვით. ჩემი აზრით, ეს უშუალოდ ჭირისუფლებთან უნდა შეთანხმდეს და მათი ნებართვის შემდეგ შეიძლება გასაჯაროვდეს, თუმცა, მეტს ვერაფერს მოგახსენებთ“,-განაცხადა მღებრიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო