ამირან გამყრელიძე - უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო EG.5 ქვეშტამის და კორონავირუსის მიმართ - მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რა ხდება კოვიდთან დაკავშირებით, სტატისტიკა უნდა ქვეყნდებოდეს კვირაში ან თვეში ერთხელ

უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო EG.5 ქვეშტამის და კორონავირუსის მიმართ. პანდემია დასრულებულია, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რა ხდება კოვიდთან დაკავშირებით. სტატისტიკა უნდა ქვეყნდებოდეს კვირაში ან თვეში ერთხელ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მან კორონავირუსის ახალი ქვეშტამის, EG.5-ის მიმდინარეობის შეფასებისას განმარტა, რომ მას ახასიათებს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, კერძოდ, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე და ყელის ტკივილი. ამასთან, აღნიშნა, რომ ის „ომიკრონის“ სხვა შტამებისგან კლინიკურად არ განსხვავდება.

„მოგეხსენებათ, კორონავირუსის პანდემია მაისში დასრულებულად გამოაცხადეს. ამასთან, სამედიცინო წრეებში აღნიშნეს, რომ პანდემიური პროცესი დასრულდა, თუმცა ეს ვირუსი არსად გამქრალა, მას ბევრი მუტაცია ახასიათებს.

ალბათ, თქვენთვის ცნობილია, რომ ზოგი მუტაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით ძალიან საყურადღებო იყო, განსაკუთრებით აღსანიშნავია „ალფა“ და „დელტა“ შტამი, როდესაც მაღალი იყო, როგორც გავრცელება, ისე გარდაცვალება. ასევე გვახსოვს „ომიკრონი“, რომლის გავრცელება მაღალი იყო, მაგრამ სიმძიმე არ ჰქონდა ისეთი, როგორიც „დელტას“ და „ალფას“ ახასიათებდა.

ბოლო რამდენიმე თვეა, რაც კორონავირუსის ახალი ქვევარიანტი EG.5 გამოჩნდა. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განამარტავენ, დაახლოებით, 50 ქვეყანაშია ის გავრცელებული. ზოგადად, კოვიდის გავრცელება და ყოველდღიური შემთხვევები გასულ 1-2 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული. კორონავირუსი გადაიქცა რიგით რესპირაციულ ვირუსად, მაგრამ, ის გრიპსა და სხვა რესპირაციულ ვირუსზე მძიმეა. უფრო მეტი ყურადღება არის საჭირო EG.5 შტამის და კორონავირუსის მიმართ. რაც ლიტერატურიდან არის ცნობილი, კლინიკურად არ განსხვავდება „ომიკრონის“ სხვა შტამებისგან. მისი გარჩევა შესაძლებელია მხოლოდ გენომის სეკვენირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მუშაობს ამ საკითხზე. იცით, რომ ჩვენთან, საქართველოში, გენომის სეკვენირება შესაძლებელია, ე.წ. გენომიკური ზედამხედველობა მაღალ დონეზეა.

ხაზი მინდა გავუსვა, რომ პანდემია დასრულდა და ის, დიდი ალბათობით, არ განმეორდება, მაგრამ კორონავირუსი არსად გამქრალა და იცვლის გენეტიკურ შემადგენლობას. როგორც მე, ასევე სამედიცინო წრეებში ფიქრობენ, რომ დიდი ალბათობით, ის იქნება უფრო და უფრო სუსტი, მისი აგრესიულობა შემცირდება, მაგრამ საყურადღებო დარჩება, განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე მოსახლეობაში, ეს არის 60 წელს ზემოთ მოქალაქე, ასევე, ქრონიკული დაავადების მქონე პირი. სასურველია, მოსახლეობას პერიოდულად მიეწოდოს შესაბამისი რეკომენდაციები. მოგეხსენებათ, შემოდგომაზე, როდესაც აცივდება, რესპირაციული ვირუსების სეზონი დადგება, რასაც დაემატება კორონავირუსის სხვადასხვა მუტირებული შტამი. გლობალურად, ძალიან დიდი მუშაობა მიდის ლაბორატორიებსა და სამეცნიერო ცენტრებში ახალი ვაქცინების და წამლების შესაქმნელად. ასევე, მუშაობენ წამყვანი რესპირაციული ვირუსებისთვის ერთიანი ვაქცინის შექმნაზე, იგივე გრიპის და კოვიდის ვაქცინა. საუბარია, რომ შეიქმნას ვაქცინა, რომელიც კოვიდის რამდენიმე შტამზე იმუშავებს და უნივერსალური გადაფარვა ექნება. რეკომენდაციაა, რომ დიახ, პანდემია დასრულებულია, მაგრამ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. სხვადასხვა პერიოდში ახალი მუტირებული შტამი ჩნდება, მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა კორონავირუსთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, არ ვიცი რატომ არ ქვეყნდება სტატისტიკა, უნდა ქვეყნდებოდეს კვირაში ან თვეში ერთხელ სტატისტიკა. მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, ასევე უნდა იყოს სამედიცინო ქსელისთვის შეხსენება, რომ კორონავირუსი არ გაქრა, შესაბამისი მზადყოფნა არის საჭირო“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, სასურველია, ადამიანებმა შემოდგომაზე 1 „ბუსტერ“ დოზა გაიკეთონ, რათა რესპირაციული ვირუსების აქტიურობის დროს მეტად დაცულები იყვნენ.

„სიმპტომების დროს მნიშვნელოვანია ოჯახის ექიმს მიმართოთ, ჩაიტაროთ ტესტი, თუ ვლინდება ვირუსი, სულ მცირე 5 დღე იყავით იზოლაციაში. თუ რისკ ჯგუფს მიეკუთვნება პაციენტი, ქვეყანაში არსებობს კოვიდსაწინააღმდეგო მედიკამენტი „პაქსლოვიდი“. ასევე, როგორც ვიცი, ქვეყანაში კვლავ არის „ფაიზერის“ ვაქცინა. ახალი ქვეშტამის ვაქცინა გლობალურად მზად იქნება სექტემბრის ბოლოს. ბივალენტური ვაქცინა, რომელიც „ომიკრონის“ წინა შტამებზე მუშაობს, არსებობს.

სასურველია, ადამიანებმა შემოდგომაზე 1 „ბუსტერ“ დოზა გაიკეთონ, რათა რესპირაციული ვირუსების აქტიურობის დროს მეტად დაცულები იყვნენ. მნიშვნელოვანია მოქალაქეების დაცულობა, როგორც გრიპის, ასევე კორონავირუსი საწინააღმდეგო ვაქცინებით“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს