საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დასაქმების ფორუმის მონაწილე სტუდენტები და კურსდამთავრებულები სხვადასხვა ორგანიზაციაში სპეციალობით საქმდებიან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, რომლებმაც 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში სტუ-ის ადმინისტრაციის ხელშეწყობით ორგანიზებულ დასაქმების საუნივერსიტეტო ფორუმებში მიიღეს მონაწილეობა, სხვადასხვა პროფილის სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში სპეციალობით საქმდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სტუდენტთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების საუნივერსიტეტო პროგრამის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტში შეიქმნა კარიერული განვითარების განყოფილება, რომელმაც, 2022-2023 სასწავლო წლის მანძილზე, სტუ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ორგანიზება გაუწია ორი მასშტაბური დასაქმების ფორუმისა და საუნივერსიტეტო სივრცეში სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა რეგულარული ინტერაქციური შეხვედრების ჩატარებას დამსაქმებელ ორგანიზაციებთან.

სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, პროფესორ ნატო ქათამაძის თქმით, სტუდენტებს შორის ჩატარებული კვლევის შედეგების საფუძველზე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ განსაზღვრა პრიორიტეტული ორგანიზაციები და კომპანიები, რომლებიც დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მიზნით მოიწვია. დასაქმების მასშტაბური საუნივერსიტეტო ფორუმი პირველად 2022 წლის ოქტომბერში გაიმართა, მეორედ კი - 2023 წლის ივნისში. როგორც ნატო ქათამაძე აღნიშნავს, პირველი ფორუმის ჩატარებიდან რვა თვის განმავლობაში, დამსაქმებელთა მხრიდან დაინტერესების ზრდის შესაბამისად, მეორე ფორუმში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტში, ერთი წლის წინ, კარიერული განვითარების განყოფილება შეიქმნა. ამ პერიოდში ჩატარდა დასაქმების ორი საუნივერსიტეტო ფორუმი. პირველ ფორუმში 60-მა დამსაქმებელმა მიიღო მონაწილეობა, მეორეში კი 105 სხვადასხვა პროფილის სახელმწიფო და კერძო ორგანიზაცია იყო ჩართული. დასაქმების ფორუმის ჩატარებით, რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მიზნად დაისახეს, აქტიური მხარდაჭერა აღმოეჩინათ სტუდენტებისა თუ კურსდამთავრებულთათვის და მათთვის საუნივერსიტეტო სივრცეში შეექმნათ ქმედითი პლატფორმა, რომელიც გულისხმობს სტუდენტთა ინტერაქციურ შეხვედრებს საქართველოს შრომის ბაზარზე მოქმედი ავტორიტეტული ორგანიზაციებისა და ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებთან. ვფიქრობთ, რომ დასაქმების ფორუმის ერთ-ერთი წარმატება პირდაპირპროპორციულია ჩვენ მიერ ჩატარებულ კვლევასთან, რის საფუძველზეც განვსაზღვრეთ პრიორიტეტები და მოთხოვნის შესაბამისად მოვიწვიეთ დამსაქმებლები. პირველი ღონისძიების ჩატარების შემდეგ, იმდენად დიდი იყო ინტერესი, მეორე ფორუმზე მოსაწვევი კომპანიებისა და ორგანიზაციების რიცხვი ერთიორად გაიზარდა. აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ მეორე ფორუმის ჩატარებიდან თითქმის ორი თვე გავიდა და დასაქმების პროცესი ჯერაც არ დასრულებულა. როგორც დამსაქმებელი ორგანიზაციები გვატყობინებენ, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან გასაუბრება ისევ მიმდინარეობს“, - აცხადებს ნატო ქათამაძე.

გასული სასწავლო წლის მანძილზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალობით დასაქმებულ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შორისაა დიზაინის საერთაშორისო სკოლის საბაკალავრო პროგრამის წლევანდელი კურსდამთავრებული ნინო ხიტალიშვილი, რომელმაც მონაწილეობა მიმდინარე წლის ივნისში გამართულ დასაქმების საუნივერსიტეტო ფორუმში მიიღო. როგორც ნინო ხიტალიშვილი ამბობს, მას საშუალება მიეცა, არჩევანი რამდენიმე კომპანიას შორის გაეკეთებინა და თავისი სპეციალობით - ვიზუალური კომუნიკაციების მიმართულებით დასაქმებულიყო.

„მადლობას ვუხდი ჩემს უნივერსიტეტს დასაქმების ფორუმის ჩატარებისთვის. ეს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მხარდამჭერი ძალიან საჭირო პროექტია, რომელიც დაინტერესებულ ახალგაზრდებს სპეციალობით დასაქმების საშუალებას აძლევს, როგორც ეს ჩემ შემთხვევაში მოხდა. საუნივერსიტეტო ფორუმს ივნისის თვეში პირველად დავესწარი, ბევრი საინტერესო კომპანია იყო წარმოდგენილი კარგი შეთავაზებებით. არჩევანი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრზე შევაჩერე. გასაუბრების შემდეგ კი ვიზუალური კომუნიკაციების მიმართულებით თანამშრომლად ამიყვანეს. მუშაობა ახლახან დავიწყე, სამუშაო სივრცეს ვეცნობი - საინტერესო ჩანს თავისი პროექტებითა და მეგობრული გარემოთი“, - ამბობს სტუდენტი ნინო ხიტალიშვილი.

სტუ-ის ინფორმაციით, სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილება, მომავალი სასწავლო წლიდან, დასაქმების ფორუმების ჩატარების პარალელურად, უნივერსიტეტის თითოეულ ფაკულტეტზე მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების სპეციფიკის გათვალისწინებით, დასაქმების კონკრეტულად მისადაგებულ ღონისძიებებს ჩაატარებს, რაც სტუდენტებს კარიერული განვითარებისა და დასაქმების გაცილებით მეტ შესაძლებლობას მისცემს. გარდა ამისა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელშეწყობით, ჩატარდება სახელმწიფო ორგანიზაციებსა და კერძო სექტორში სამუშაო პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული ფორუმები, სადაც დამსაქმებელი ორგანიზაციები ახალგაზრდებს, პროფესიული დახელოვნების მიზნით, სამუშაო პრაქტიკას შესთავაზებენ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო