საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე, უახლოეს მომავალში, კონფუცის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი დაიწყებს ფუნქციონირებას.
სამოქმედო გეგმის დეტალები ჩინეთის სიჩუანის მეცნიერებისა და ინჟინერინგის უნივერსიტეტში სპეციალური მიწვევით მყოფმა სტუ-ის დელაგაციამ, კანცლერის, პროფესორ კარლო კოპალიანის ხელმძღვანელობით, ჩინური უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, პროფესორ შანგუო ტუოსთან სამუშაო შეხვედრისას განიხილა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრაში სიჩუანის მეცნიერებისა და ინჟინერინგის უნივერსიტეტის მხრიდან მონაწილეობდნენ პროფესორები: ვიცე-პრეზიდენტი უიბო ლუო, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ვიცე-დირექტორი ქინგშან ფუ, ბიოლოგიური ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი ლი ჯანგი, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ადმინისტრირების დეპარტამენტის დირექტორი, კომპიუტერული მეცნიერებისა და ინჟინერიის კოლეჯის დეკანი ია დონგვიუ და ჩინეთის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი იუ უა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრას სტუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის უფროსი, საერთაშორისო ურთიერთობების აკადემიური დოქტორი თამილა ყურაშვილი ესწრებოდა.
სტუ-ის კანცლერის, კარლო კოპალიანის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე კონფუცის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაარსების საფუძველი ჩინურ უნივერსიტეტთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმია, რომელსაც მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სიჩუანის მეცნიერებისა და ინჟინერინგის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტისას მოეწერა ხელი.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის განხორციელებასაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სიჩუანის მეცნიერებისა და ინჟინერინგის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში უახლოეს მომავალში დავიწყებთ, ეს ჩვენი უნივერსიტეტის ბაზაზე კონფუცის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაარსებაა. კონფუცის ინსტიტუტი ჩინური ენისა და კულტურის შემსწავლელი საუნივერსიტეტო ცენტრის ფუნქციასაც იტვირთებს და ამას გარდა, ნაყოფიერად და აქტიურად ითანამშრომლებს, როგორც ჩინეთის კვლევების ჩვენს საუნივერსიტეტო ცენტრთან, ასევე, უნივერსიტეტის სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან და ცენტრთან. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მეცნიერებმა და მკვლევრებმა, ჩინელ კოლეგებთან ერთად, ინოვაციების ერთობლივად დანერგვის მიმართულებით იმუშაონ. დარწმუნებული ვართ, განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩვენი კოლაბორაცია ორივე უნივერსიტეტისთვის დადებით შედეგს გამოიღებს და საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობას უფრო მრავალმხრივს გახდის. თუ გავითვალისწინებთ ბოლო ორი ათეული წლის მანძილზე ჩინეთის ეკონომიკური განვითარებისა და სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის ტემპს, ეს თვალნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყნის სწრაფი განვითარება მეცნიერების, განათლების, ინოვაციებისა და ინჟინერიის ძლიერი ბაზით. ვფიქრობთ, ასეთი შესაძლებლობა ცალსახად უნდა გამოიყენოს აღმავლობის გზაზე მყოფმა ჩვენმა ქვეყანამაც“, - აცხადებს კარლო კოპალიანი.
როგორც სტუ-ის კანცლერი აღნიშნავს, სამუშაო შეხვედრისას მხარეებმა სამეცნიერო-აკადემიური პარტნიორობის გაღრმავების, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სალექციო კურსების შემუშავების, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მობილობის პროცესის გააქტიურების შესაძლებლობებზეც იმსჯელეს, რაც ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო-სამეცნიერო თანამშრომლობის გაფართოებასა და მაღალი ტექნოლოგიების ერთობლივად დანერგვას შეუწყობს ხელს.
სტუ-ის ინფორმაციით, ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია სიჩუანის მეცნიერებისა და ინჟინერინგის უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო ლაბორატორიებს გაეცნო, გარდა ამისა, დაათვალიერა სიჩუანის პროვინციის ქალაქ იბინში მდებარე რამდენიმე კომპანიის ინფრასტრუქტურა, მათი ქარხნები, ლაბორატორიები და მუზეუმები, მათ შორის: Contemporagy Amperex Technology Co Limited-ი (CATL), რომელიც სპეციალიზებულია ელექტრომობილებისა და სხვადასხვა სისტემებისთვის განკუთვნილი ბატარეების წარმოებაში, ავტომობილების მწარმოებელი კომპანია - Yibin Kaiyi Automobile Co., Ltd და ალკოჰოლური სასმელების კომპანია - Wuliangye Yibin Co., სადაც წარმოების პროცესში გამოყენებული ინოვაციური ტექნოლოგიები სიჩუანის მეცნიერებისა და ინჟინერინგის უნივერსიტეტთან კოლაბორაციითაა დანერგილი.