მამუკა მდინარაძე - ოპოზიციასთან ხვეწნას არ ვაპირებთ, რადგან მკაფიოდ დააფიქსირეს ზურაბიშვილის მიმართ მხარდაჭერა, როდესაც ის კონსტიტუციას  არღვევს - ვხედავთ, ერთი „მესიჯბოქსი“ აქვთ პრეზიდენტს და „ნაცკლასტერს“

რასაც ვვარაუდობდით, ისე აღმოჩნდა - ყველა გადაეფარა კონსტიტუციის დარღვევაში. [ოპოზიციასთან] ხვეწნას არ ვაპირებთ,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის მხრიდან პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ მკაფიოდ დააფიქსირა მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, „როდესაც ის კონსტიტუციას არღვევს“.

„იმპიჩმენტის აღსრულების ნაწილში აზრს ვერ ვხედავთ. მიგვაჩნია, რომ დღესაც შეუძლებელია 100 ხმის მობილიზება. ეს ჩვენი ვარაუდი იყო, მაგრამ ახლა უკვე მტკიცებულებებით გამყარდა - ყველა ამბობს, მხარს არ დავუჭერთო. პრაქტიკულად არ დარჩენილა პოლიტიკური ძალა, გარდა ერთისა - „ევროპელი სოციალისტებისა“, რომელსაც 4-კაციანი შემადგენლობა ჰყავს და მასთან ერთად უმრავლესობას 88 ხმის მოგროვება შეუძლია. რასაც ვვარაუდობდით, ისე აღმოჩნდა - ყველა გადაეფარა კონსტიტუციის დარღვევაში. არ ვაპირებთ მათთან კონსულტაციას და ხვეწნას - „იქნებ იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით მხარი დაგვიჭიროთ“. ხვეწნას არ ვაპირებთ, რადგან მათ მკაფიოდ დააფიქსირეს მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, როდესაც ის არღვევს კონსტიტუციას“,- განაცხადა მდინარაძემ.

გავრცელებულ მოსაზრებაზე, რომ შესაძლოა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებით ვაჭრობა დაიწყოს, მდინარაძე ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია, თუმცა ამბობს, რომ არ ჰგონია, რეპუტაციულად ისედაც ძლიერ დაზიანებული ადამიანი იმაზე წავიდეს, რომ „საკუთარი პერსონის აბსოლუტური პოლიტიკური ლიკვიდაცია გააკეთოს“.

„ეს აბსოლუტურად გააშიშვლებს იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტი დაექვემდებარა „ნაციონალური მოძრაობის“ შანტაჟს და რაღაც მოქმედება განახორციელა. არ მგონია, ამ გზით თვითდაზიანების რეჟიმზე იყოს პრეზიდენტი წამსვლელი, თუმცა გამორიცხული არაფერია, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ თუ არ ვცდები, დღეს გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპოზიცია ამით ევაჭრება პრეზიდენტს. თუ ეს მართალია და გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა, ე.ი. რაღაც წყაროზე დაყრდნობით იყო და როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია არსებობს. „ნაციონალურ მოძრაობას“ შეიძლება არ აწყობს, რომ ღიად უთხრას პრეზიდენტს, შეიწყალეთ, თორემ შეიძლება იმპიჩმენტს მხარს დავუჭიროთო, ამიტომ როგორც ჩანს, (თუ გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ასეთი ინფორმაცია გაავრცელა), ეს გვერდითა გზებიდან სცადეს. თუმცა არ მგონია, რომელიმე ადამიანი ასეთ ღია შანტაჟს დაექვემდებაროს, რადგან არ მგონია, რომ რეპუტაციულად ისედაც ასე ძლიერ დაზიანებული ადამიანი იმაზე წავიდეს, რომ აბსოლუტური პოლიტიკური ლიკვიდაცია გააკეთოს საკუთარი პერსონის. თუმცა გამორიცხვით ვერაფერს გამოვრიცხავთ, როდესაც ვხედავთ, რომ ერთი „მესიჯბოქსი“ აქვთ პრეზიდენტს და „ნაცკლასტერს“. საერთო დავალების მიმცემები ჰყავთ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო