არჩილ თალაკვაძე - „ქართულმა ოცნებამ“ რეალურად გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროპული ინტეგრაციისთვის და ყოველდღიური მცდელობა, რომ თითქოს ეს ყველაფერი არ არსებობს, ძალიან სასაცილოდ გამოიყურება

„ქართულმა ოცნებამ“ რეალურად გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის და შესაბამისად, ყოველდღიური მცდელობა, რომ თითქოს ეს ყველაფერი არ არსებობს, ძალიან სასაცილოდ გამოიყურება - საქართველო ობიექტურად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და სამართლიანად ეკუთვნის, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დაბრუნდა საქართველოში ევროპული პერსპექტივა. ამასთან, თალაკვაძის აზრით, საქართველო ობიექტურად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

„ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებასთან ერთად რეალურად გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის - ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და კანდიდატის სტატუსი - ეს არის ის კონკრეტული შედეგები, რომელიც საქართველომ და მისმა ხელისუფლებამ რეფორმების და მიღწეული პროგრესის საფუძველზე მიიღო. შესაბამისად, ყოველდღიური მცდელობა, რომ თითქოს ეს ყველაფერი არ არსებობს, ძალიან სასაცილოდ გამოიყურება. ამას აკეთებენ ჩვენი კოლეგები, რომლებმა დაასამარეს ყველაფერი ევროპული და დიდი ხნით დაბლოკეს საქართველოს სვლა ევროკავშირისკენ. რასაც თქვენ აკეთებდით ევროპის და დასავლეთის სახელით, ყველაფერი ეს რეალურად ანტიევროპული იყო. მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაბრუნდა საქართველოში ევროპული პერსპექტივა, რადგან ევროპა არის, როდესაც ადამიანის უფლებები დაცულია; ევროპა არის, როდესაც ქვეყნის ხელისუფლება პასუხისმგებლობიანად ეპყრობა უსაფრთხოების საკითხებს და იცავს მშვიდობას; ევროპა არის როდესაც ქვეყანა ხდება პროგნოზირებადი და ინვესტორებმა იციან, რომ ქვეყანა, სადაც ინვესტიციას დებენ, დაცული იქნება და ხელისუფლება მაქსიმალურს გააკეთებს, რომ მშვიდობა შენარჩუნებული იყოს; ევროპა არის საკუთრების უფლების დაცვა და არა ის, როგორც თქვენ ექცეოდით საკუთრებას; ევროპა არის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაუბრუნდათ მოქალაქეებს; ევროპა არის მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც თქვენი ხელისუფლების პირობებში არასდროს ყოფილა; ევროპა არის კანონის უზენაესობა, როდესაც ყველას, მიუხედავად თანამდებობისა, მოეთხოვება, დაიცვას კონსტიტუცია და მხოლოდ ამ პირობებში განახორციელოს თავისი მიზნები; ევროპა გახლავთ მრავალფეროვანი მედია და როგორც დღეს ვიგებთ, სწორედ ამ თავისუფალ მედიას, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა რეალური, ამოფარებული არიან კრიმინალები და კრიმინალით ნაშოვნი ფულით პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. საინტერესოა, ამაზე თქვენნაირი მამაცი მედიის დამცველების კომენტარები. რატომღაც ჩუმად ხართ და შეფასებას არ აკეთებთ, რადგან თქვენ გაწყობთ ის, რაც გამოაშკარავდა. ეს რომ მეორე მხარეს მომხდარიყო, დარწმუნებული ვარ დილიდან კრიტიკის მხარეს იქნებოდით.

საქართველო ობიექტურად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და სამართლიანად ეკუთვნის. ამ დარბაზში არიან ადამიანები, ვინც ამის წინააღმდეგ მოქმედებენ. ამასთანავე საქართველოს დატოვება სტატუსის გარეშე, როდესაც რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებია, სწორი გადაწყვეტილება არ იქნება. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მივიღებთ შედეგს და ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო