„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით სისტემამ თავიდან ბოლომდე მთლიანად ჩამოშლილობა აჩვენა.
მან პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის ლიდერებს მიმართა და საგამოძიებო კომისიის შექმნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ყველა პასუხისმგებელი პირი პასუხს აუცილებლად აგებს.
„შოვის ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. სტიქიას ოჯახები ემსხვერპლნენ. სამწუხაროდ ვნახეთ, რომ ამ ქვეყანაში ადამიანი დაცული არ არის, სისტემები არ არის აწყობილი ისე, რომ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე იზრუნოს, მყისიერად იმოქმედოს. ალბათ, გაცილებით მძიმე იყო „ქართული ოცნების“ სახე, რომელიც ვიხილეთ, ინდიფერენტული დამოკიდებულება, ადამიანობისგან დაცლილი დამოკიდებულება ამ პროცესში. მართლა კითხვა გიჩნდება ადამიანს, რა გულმა გაუძლო ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, რომ პირველივე დღეს მყისიერად არ ჩავიდა რაჭაში და საკუთარ თავზე არ აიღო მთელი ამ სამაშველო ღონისძიების მართვის პასუხისმგებლობა. რა გულმა გაგიძლოთ, როცა პირველ ღამეს საერთოდ შეაჩერეთ სამაშველო ოპერაციები და ფაქტობრივად, ადამიანები ამ მძიმე გასაჭირში მიატოვეთ. რომ არა მოხალისე მაშველები, შეიძლება კიდევ უფრო მეტი მსხვერპლი ყოფილიყო. რა გულმა მოგცათ იმის უფლება, რომ თავს დაესხით მოხალისეებს, გადარჩენილ ადამიანებს, მათზე ორკესტრირებული შეტევა განახორციელეთ. აღარაფერს ვამბობ იმ ამორალურ საქციელზე, რომ ისევ ოპოზიციისკენ იშვერთ ხელს, რაღაც სისულელეების მოგონება, ჩემი გვარიც გააჟღერეს ამ საკითხთან დაკავშირებით, რა რეგულაციებზე საუბრობთ?! გარემოს დაცვის სამინისტრო მთლიანად გააუქმეთ, აღარ არსებობს ქვეყანაში. აი, ეს არის თქვენი სახე, როცა ხელისუფლებაში არსებული ძალის პრიორიტეტი არის არა ადამიანი, არამედ ფულის კეთება, ძალაუფლებით ტკბობა. სისტემამ თავიდან ბოლომდე მთლიანად ჩამოშლილობა აჩვენა“,-განაცხადა ვაშაძემ.
მისი განმარტებით, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია აუცილებლად შეიქმნება.
„ერთ პირობას ვაძლევთ მოქალაქეებს, შოვის ტრაგედია ვერცერთ შემთხვევაში ვერ დარჩება ასე მიგდებულად და უყურადღებოდ, ამას „ქართული ოცნება“ ვერ გადაატარებს, რაც არ უნდა მცდელობა ჰქონდეს. ყველა, ვინც პასუხისმგებელია ადამიანების სიცოცხლეზე, აბსოლუტურად ყველა აგებს პასუხს! ამ პარლამენტში იქნება, თუ შემდგომში, ამ საკითხზე აუცილებლად შეიქმნება საგამოძიებო კომისია. ყველა ადამიანი, ვინც პასუხისმგებელია გარდაცვლილი ადამიანების სიცოცხლეზე, აბსოლუტურად ყველა აგებს პასუხს. და საერთოდ, რა მორალია, რომ თურმე არავინ დამნაშავე არ ყოფილა, არავინ არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე. წარმოუდგენელია, სადამდე დაეცა თქვენი მორალური საწყისები. პრიორიტეტია ფული და არა ადამიანი, ეს არის ვითარება დღეს საქართველოში. ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ქვეყანას, სადაც ყველა მოქალაქე იქნება დაცული, სადაც სისტემა იმუშავებს გამართულად, სადაც ყველა კრიზისი მყისიერად მოგვარდება იმ აწყობილი სისტემით, რასაც ქართველ ხალხთან ერთად შევქმნით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.