დაბა ჩოხატაურში ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიმართ ძალადობის საქმეზე დაკავებულ 4 პირს ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ გირაო შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო.
საქმის პროკურორი, ლევან კლდიაშვილი დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის პოზიცია არ გაითვალისწინა და ოთხივე დაკავებულს 7000-7000 ლარის (ქონების უზრუნველყოფით) გირაო შეუფარდა.
მოსამართლემ ბრალდებულებს დავით მჟავანაძესთან მიახლოება აუკრძალა.
როგორც პროკურორმა განაცხადა, ოზურგეთის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4-მა პიროვნებამ 20023 წლის 3 სექტემბერს, დაბა ჩოხატაურში აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯგუფურად ჩაიდინეს ძალადობა დაზარალებულთან მიმართებაში. აღნიშულთან დაკავშირებით ოთხივე პირს ბრალდების მხარემ წარუდგინა დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ბრალდებულებთან მიმართებაში ბრალდების მხარემ სასამართლოში იშუამდგომლა პატიმრობა, კონკრეტულ პირებთან მიმართებაში მათი პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე და ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე მოთხოვნილ იქნა პატიმრობა, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია. რაც გასაჩივრდება, რა თქმა უნდა, ბრალდების მხარის მიერ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში“, - განაცხადა პროკურორმა.
ბრალდებულების ადვოკატის შეფასებით, სასამართლომ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო.
,,დანაშაულის სიმძიმისა და ხარისხიდან გამომდინარე სასამართლომ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება. სხვა შემთხვევაშიც სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე რეალურია ის რაც ბრალდებულებს შეეფარდათ. ბრალდებულებმა გამოიყენეს დუმილის უფლება. ცნობდნენ თუ არა თავს დამნაშავედ, სასამართლო პროცესებზე გაირკვევა“, - განაცხადა ადვოკატა მერაბ ფუტკარაიამ.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ცნობით, 3 სექტემბერს ჩოხატაურში “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს, ნოდარ დუმბაძის სკვერის გასხვისების საინფორმაციო ბუკლეტების დარიგების დროს, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.