პრემიერი - ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ უკანონოდ დაირეგისტრირა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები და ეს იყო რეალურად დიდი პრობლემა - გამოვდივარ ინიციატივით, რომ გამოვაცხადოთ ამნისტია ასეთ საქმეებზე

წლების განმავლობაში დაგროვდა შემდეგი სახის პრობლემა: ჩვენმა მოქალაქეებმა უკანონოდ დაირეგისტრირეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები და ეს იყო რეალურად ძალიან დიდი პრობლემა. ათეულობით საქმე დევს პროკურატურაში, მიმდინარეობს გამოძიება, ძალიან ბევრი გაუგებრობა მოხდა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ კონსულტაცია გვქონდა პროკურატურასთან, პარლამენტთან და გამოვდივარ ინიციატივით, რომ ასეთ საქმეებზე ამნისტია გამოვაცხადოთ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მან განმარტა, თუ რას გულისხმობს აღნიშნული ამნისტია და ვის შეეხება ის.

„ამნისტია გავრცელდება სსკ-ის 180-ე და 662-ე მუხლებით ჩადენილ დანაშაულებზე. ამნისტიის ფარგლებში, ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, პირობითი მსჯავრის, სასჯელისგან, მათ შორის აღუსრულებელი ჯარიმისგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც 2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით მოიპოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ ამნისტია გავრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელიც 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე სრულად აანაზღაურებს დანაშაულის ჩადენის შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს. აქვე უნდა განვმარტო, რომ ამნისტია არ გავრცელდება მოხელის მიერ ასევე სახელმწიფო საწარმოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო იურიდიული პირების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე ორგანიზებული ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევებზე.

სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან თავისუფალ მდგომარეობაში საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების გზით, ხოლო, თუ ეს შეუძლებელია მიწის ნაკვეთის ღირებულების ეკვივალენტური თანხის გადახდის გზით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან მიმართა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რეზო ჯაველიძეს, რომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მოქალაქეებს დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია, რას გულისხმობს აღნიშნული ამნისტია.

„ეს პროექტი გაკეთებული გვაქვს, გადავუგზავნით პარლამენტს და ამნისტია გაათავისუფლებს ჩვენ ძალიან ბევრ თანამოქალაქეს. ეს ტვირთი მოეხსნებათ, ძალიან ბევრი გაუგებრობა წარმოიქმნა ამის შედეგად“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო