გიორგი ბოტკოველი - მოვითხოვთ, პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს ფარცხალაძის, ღარიბაშვილისა და კალაძის მიმართ

მოვითხოვთ, პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს როგორც ოთარ ფარცხალაძეზე, ისე ირაკლი ღარიბაშვილსა და კალაძეზე, რომლებიც საქართველოში, ქართველი ხალხის ფულით და ინტერესების საწინააღმდეგოდ იწყობენ საკუთარ კომფორტს და ეწევიან დანაშაულებრივ საქმიანობას, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს ხელისუფლებაში იმყოფება „დანაშაულებრივი ბანდა, რომელიც ძარცვავს საქართველოს მოსახლეობას“.

„ჩვენ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ვიხილეთ, რომ კონკრეტული ფაქტებით დასტურდება იმ ადამიანების დანაშაული, რომელთაც დღეს ძალით აქვთ შეპყრობილი ხელისუფლების სადავეები. მთავარი დამნაშავე, მთავარი რუსი ოლიგარქი, რუსი ჯაშუში, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილია, ასევე მისი კონკრეტული წარმომადგენლები. ოთარ ფარცხალაძეზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა კონკრეტული ფაქტები გამოაქვეყნა და დაასანქცირა. საუბარია, რომ ფარცხალაძე, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში წარმოადგენდა რუსეთის ინტერესებს და ის არის დადასტურებულად რუსი ჯაშუში, "ფეესბეს" აგენტი, რომელიც აკონტროლებს საქართველოში არსებულ ბიზნესსექტორს. ასევე, ვსაუბრობდით დანაშაულებზე, რომელშიც ჩართული იყო საქართველოს ე.წ. პრემიერი, დედაქალაქის მერი. იმ დროს, როდესაც ღარიბაშვილის ოჯახი მილიონებს შოულობს, ასევე, მასთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ბანდა, სწორედ მის ქალაქში, დედოფლისწყაროში ადამიანები შიმშილით არიან შეპყრობილები. ვნახეთ, ფერმერების მიერ გამართული აქციები, რომლებიც დამოკიდებულები არიან ხორბლის მოსავალზე, ისინი მოითხოვენ პროდუქციის რეალიზებაში მხარდაჭერას.

ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რუსეთთან კავშირებით, საქართველოში ხდება, რუსეთ-უკრაინის ომის დროს, რუსეთის მიერ მოპარული ხორბლის შემოდინება, საქართველოში არსებულ მოსავალს კი ფასი გაუფასურებული აქვს. ვსაუბრობდით, რომ ის ბანდა, რომელიც კახეთში მოქმედებს, თავიდან ბოლომდე აკონტროლებს ყურძნის ბიზნესს, ამაში ჩართულია ღარიბაშვილთან დაკავშირებული ადამიანები. კახეთში არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. გუშინ საგამოძიებო ჟურნალისტების მხრიდან კონკრეტული ფაქტები ვნახეთ, სადაც დასტურდება, თუ როგორი დამნაშავეა ამ ქვეყნის პრემიერი, როგორი დამნაშავეა თბილისის მერი კახა კალაძე, რა ბიზნეს აქტიურობას და რეკეტს ეწევა ფარცხალაძე. მოვითხოვთ, კონკრეტულ ფაქტებზე დაიწყოს გამოძიება პროკურატურამ, როგორც ოთარ ფარცხალაძეზე, ისე ირაკლი ღარიბაშვილსა და კალაძეზე, რომლებიც საქართველოში, ქართველი ხალხის ფულით და ინტერესების საწინააღმდეგოდ იწყობენ საკუთარ კომფორტს და ეწევიან დანაშაულებრივ საქმიანობას“,- აღნიშნა ბოტკოველმა.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსად სამთავრობო თვითმფრინავით დედაქალაქის მერი, კახა კალაძეც დაფრინავდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება