გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელ ნიკოლას სენდეროვიჩს შეხვდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის პირველმა მოადგილემ ნიკოლას სენდეროვიჩს საქმიანობის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„ევროკავშირი უკვე მრავალი წელია საქართველოს მხარდამჭერია, რასაც განსაკუთრებულად ვაფასებთ. ჩვენ ისტორიული მომენტის წინაშე ვდგავართ - საქართველომ უკვე მიიღო ევროპული პერსპექტივა და იმ ნაბიჯების გათვალისწინებით, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გადავდგით, ვიმედოვნებთ, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მივიღებთ. გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ, თუმცა, რა თქმა უნდა, კვლავ რჩება გამოწვევები. საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი მკაფიოდ აისახა ევროკომისიის წინაშე წარდგენილ ანგარიშში; აქტიურად ვმუშაობთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად; ამ პროცესში ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკოლას სენდეროვიჩმა აღნიშნა, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს რეფორმების განხორციელების საქმეში.
„შეხვედრაზე მხარეებმა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ნარჩენების მართვას, სამრეწველო ემისიებს, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის მიმართულებით წინგადადგმულ ნაბიჯებს, რადიაციულ და ბირთვულ უსაფრთხოებას, კლიმატის ცვლილებას, საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების გრძელვადიან კონცეფციას, გარემოს დაცვის მიმართულებით ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებს, ასევე, სურსათის უვნებლობას, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებასა და ექსპორტს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია სრულ აბსურდს უწოდებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომ აშშ-ს მიერ სანქცირებულ ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობას არ უწყვეტს.
„სრული აბსურდი და სიცრუეა, თითქოს, მოქალაქეობის ჩამორთმევით, საქართველოს რაიმე სახით ეზღუდება ოთარ ფარცხალაძის დევნა ან ნებისმიერი სხვა ადამიანის, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ჯაშუშობდა ან მძიმე დანაშაულს სჩადიოდა.
საიდან მოიტანეს ეს აბსურდი, წარმოდგენა არ მაქვს. ეს არის სისულელე უბრალოდ. თუ რამე ინტრიგის გეგმა არსებობს, რაც მე არ მესმის ზოგადად აბსურდის თეატრში ივანიშვილის რეჟიმთან შეყოლა, თან კანონის დარღვევით, არის მორიგი მავნებლობა სალომე ზურაბიშვილისგან", - აცხადებს გიგა ბოკერია.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
განცხადების თანახმად, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, ოთარ ფარცხალაძე მხილებულია ჯაშუშობაში და მის მიმართ დაწყებულია გამოძიება, შესაბამისად, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს როგორც საქართველოს მოქალაქე.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს კლერ ბაზი მელორის წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული კანონების, კანონპროექტების და დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შეფასებას სთხოვს.
როგორც წერილშია აღნიშნული, ევროკავშირის მხარესთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ვენეციის კომისიაში იგზავნება კანონის პროექტები, რომელიც 12 რეკომენდაციის შესასრულებლად განიხილა საქართველოს პარლამენტმა, ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების სამოქმედო გეგმა.
„ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, 2022 წლის ივლისს, ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებისა და კანდიდატის სტატუსისთვის 12 პრიორიტეტის განსაზღვრის შემდეგ, საქართველოს გულმოდგინედ ახორციელებს ევროკავშირის რეკომენდაციებს.
შედეგად, საქართველოს ინსტიტუტებმა, პარლამენტის თაოსნობით, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია საკანონმდებლო ცვლილებების მიღების და რეფორმების იმპლემენტაციის მიმართულებით, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა დემოკრატია და ევროპული დღის წესრიგი. მადლიერები ვართ ვენეციის კომისიის, რომელთან თანამშრომლობაც ამ პროცესში სასარგებლო იყო.
ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების გზაზე საქართველოს პარტნიორი იყო ევროკომისია. დამატებითი ახსნა-განმარტებებისთვის ჩვენ მუდმივ კომუნიკაციას ვინარჩუნებდით მის შესაბამის სამსახურებთან. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის და ევროკომისიის მაღალი ოფიციალური პირების საქართველოში ახლახან განხორციელებული ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო ევროკომისიის ოქტომბრის გადაწყვეტილებამდე დამატებითი ნაბიჯების გადადგმისთვის. კერძოდ, ევროკავშირის მხარესთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ვენეციის კომისიაში გიგზავნით შემდეგ დოკუმენტებს: საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტს;
- სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ კანონს; პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის მუხლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურზე; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის მუხლებს ანტიკორუფციული ბიუროს თაობაზე; საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტს; საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების სამოქმედო გეგმას.
ქალბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ ვენეციის კომისიის სამართლებრივი მოსაზრებების მომზადებას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით“, - წერს შალვა პაპუაშვილი, რომლის წერილსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"
გეოგრაფიული აღნიშვნა „ტენილი“ „საქპატენტში“ 2012 წლის 24 იანვარს არის რეგისტრირებული.
„საქპატენტმა“ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო.
ინფორმაციას ტენილის წარმომავლობის შესახებ „საქპატენტი“ ავრცელებს.
ჯავახეთის მძიმე ისტორიული წარსული არის მთავარი რამ, რამაც ჩამოაყალიბა ამ რეგიონის მოსახლეობის ცხოვრება, წეს-ჩვეულებები და კულინარია, მათ შორის, შეგვიძლია დავასახელოთ ტენილი ყველიც.
გემური თვისებების გარდა, ამ ყველს მთავარი ღირებულება ჰქონდა ის, რომ ის იყო ძალიან მსუბუქი. ამიტომ, მტრის შემოსევების დროს ხალხი სახლებს რომ ტოვებდა და თავს აფარებდა მღვიმეებს, გვირაბებს, მათ შეეძლოთ თან წაეღოთ ეს ყველი - თან მჩატე და თან სასარგებლო პროდუქტი. 300-გრამიანი ყველი წყალში დალბობის შემდეგ ფუვდებოდა, ერთ კილოიან მასად გადაიქცეოდა და მთელი ოჯახის გამოკვება შეეძლო. ამ პროპორციებით, გაქცევის დროს ერთ ადამიანს 100 კილომდე ყველის წაღება შეეძლო. ამ ღირსებებს ისიც ემატება, რომ მშრალ მდგომარეობაში 5 წელიც კი ინახებოდა. ამიტომ, რეგიონის ყველა ოჯახს სულ ჰქონდა მარაგში „ძაფებიანი ყველი“. ადგილობრივი მოსახლეობა გვიდასტურებს, რომ ეს ამბავი საქართველოს უძველესი ისტორიაა. დაახლოებით IV საუკუნით თარიღდება ის სამალავები, სადაც ხალხი დიდი დროის მანძილზე თავს აფარებდა აპოხტის (გამხმარი ხორცის), სომინი პურისა და ტენილი ყველის იმედად.
ნელ-ნელა დრო შეიცვალა. ომიანობა დასრულდა, ყველს კი თითქოს ფუნქცია დაეკარგა. მშვიდი ცხოვრების დროს მისი მარაგი აღარც იყო საჭირო. ამიტომ ხალხმა ახალი ფორმა მოიფიქრა და რძიდან მოხდილ ნაღებში მისი გადაზელა დაიწყო. მიღებულ საერთო მასას სპეციალურ ქოთნებში ტენიდნენ და ამ ფორმით ინახავდნენ. სახელწოდება ტენილიც სწორედ აქედან მომდინარეობს.
ტენილი მზადდება ცხვრისა და ძროხის მაღალცხიმიანი რძისგან. მისი ფორმა გადაზელის შემდეგ იცვლება და წვრილი ძაფების ფორმას იღებს. აქვს ნაზი და ელასტიკური კონსისტენცია, სასიამოვნო, სპეციფიკური სუნი და სუფთა, მოცხარო, ოდნავ მომჟავო გემო.
ტენილი ყველის დამზადების წესი ასეთია: მოსამზადებლად იყენებენ ხის გობს (მას წლის ნებისმიერ სეზონზე ერთნაირი ტემპერატურა აქვს და, ასევე, დასამჟავებელ ბაქტერიას თვითონ გამოყოფს, დედო აღარ არის საჭირო, ხის ჭურჭელი ყველს თავად ამჟავებს). ამჟავებულ რძეს ზემოდან ეხდება ნაღები, დარჩენილი რძით კი მზადდება ყველი. 2-დღიანი გამოშრობის შემდეგ იწყება ნაღებისა და ყველის შერევა-გადაზელა. აზელილ მასას აჩერებენ ერთი დღე, თან ატრიალებენ, რათა ყველა მხარე თანაბრად მოხვდეს ჰაერზე, შემდეგ კი იწყება ქოთნების გატენვა. ქოთანი აუცილებლად უნდა იყოს თიხის და სწორი ფორმის, მუცლის გარეშე, არ უნდა იყოს მოჭიქული, რათა თიხამ ისუნთქოს და ყველიც კარგად გამოაშროს. ქოთანი იდეალურად უნდა გაიტენოს ყველით და არ უნდა დარჩეს მასში ცარიელი წერტილიც კი, რათა ჰაერი არ შეიპაროს. ქოთანს თავზე მოეკვრება სუფთა ნაჭერი და გარკვეული ხნით შეინახება. გადმოღების დროს ძირს უნდა დაიყაროს სუფთა ნაცარი, ნაცარს გადაეფაროს ნაჭერი და სწორედ ამ ნაჭერზე იწყება ქოთნების პირქვე დამხობა. გადმოსულ ყველს თუ შრატი ან რაიმე სითხე გადმოჰყვა, მას ნაჭერი და ნაცარი აუცილებლად შეიწოვს და დატოვებს სუფთა მასას. ეს მასა იმ დრომდე უნდა დარჩეს ნაჭერზე, სანამ ბოლომდე ბუნებრივად არ გაიჩენს ობს. ყველა მხარეს და ყველა ნაკეცში უნდა მოხვდეს ობი, რათა სრულად შეიკრას. ამაზე ამბობენ - ეს არის ყველის თვითგადარჩენის ინსტინქტი, ამ ობით ტენილი თავად იკეთებს სტერილიზაციასო. გამზადებული ყველი წელიწადზე მეტ ხანს ჩვეულებრივ ინახება. ვინაიდან ტენილი ყველი დელიკატესია, მას მხოლოდ დღესასწაულებზე, ქორწილზე და საპატიო სტუმრების მოსვლისას ჭრიდნენ.
დამუშავების ტექნოლოგიისა და საყველე მასის მომწიფების მიხედვით, ტენილი მიეკუთვნება ჩედერიზებული ყველის ჯგუფს. ტენილი ყველის დამზადება სამცხე-ჯავახეთის მთელ რეგიონში ხდება, განსაკუთრებით კი ნაქალაქევის, მუსხისა და თმოგვის ტერიტორიაზე, ასევე, ქვემო ქართლში, დმანისის მუნიციპალიტეტში. „ტენილი“ ყველის დამზადების ტრადიცია დღემდე ცოცხალია. ადგილობრივი მოსახლეობა მას ზედმიწევნითი სიზუსტით ასრულებს, საქპატენტში რეგისტრაციის შემდეგ კი ყველა მეწარმე, რომელიც „ტენილი“ ყველის დამზადებას გადაწყვეტს, ვალდებულია რეგისტრირებული სპეციფიკაციის ყველა მოთხოვნის დაცვით იმოქმედოს, მხოლოდ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოახდინოს ყველის დასამზადებლად საჭირო რძის მიღება, გადამუშავება და ყველის წარმოება.
„ტენილის“ სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/#
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"