რუმინეთის სენატის პრეზიდენტი - რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის იმ რეფორმებს, რომელიც ევროკავშირისკენ არის მიმართული

მოხარული ვარ, რომ ჩვენთან იმყოფება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი - დღევანდელი ვიზიტი ასახავს კარგ პოლიტიკურ ურთიერთობას რუმინეთსა და საქართველოს შორის, მათ შორის ჩვენს პარლამენტებს შორისაც, - ამის შესახებ რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა, ნიკოლაე-იონელ ჩუკამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

რუმინეთის სენატის პრეზიდენტის განცხადებით, რუმინეთი არის საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი და ღია მხარდამჭერი ქვეყნის ევროპული დღის წესრიგის, რომელსაც ახორციელებს საქართველო.

„ჩემი ქვეყანა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 2014 წლის 3 ივლისს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა. რუმინეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის იმ რეფორმებს, რომელიც ევროკავშირისკენ არის მიმართული. ჩვენ გვინდა, რომ ეს პროცესი წავახალისოთ, რადგან ეს საქართველოსა და მისი ხალხისთვის განვითარების შესაძლებლობებს ნიშნავს“, - განაცხადა რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, რუმინეთი მზადაა, გააძლიეროს ორ ქვეყანას შორის საპარლამენტთაშორისო დიალოგი, მათ შორის საპარლამენტო კომიტეტებს შორისაც, სადაც შეუძლიათ განიხილონ საქართველოს ევროპული დღის წესრიგი.

„მივესალმები ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო დელეგაციის დონეზე თანამშრომლობის ერთობლივ დეკლარაციას. ეს არის მომენტი, რომელიც ასახავს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ადასტურებს ჩვენს ორმხრივ ინტერესებს საქართველოსა და რუმინეთს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად. ევროპული დღის წესრიგი არის ჩვენი დისკუსიების მთავარი ფოკუსი, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი თემა, რომელზეც დისკუსიების გაღრმავება გვინდა ორმხრივ ურთიერთობებში“, - განაცხადა რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, რუმინეთმა და საქართველომ ორმხრივი ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აიყვანეს.

„ჩვენ მზად ვართ, ერთად ვიმუშაოთ ამ პარტნიორობის შემდეგი განვითარებისთვის. მხედველობაში მაქვს შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობა, ასევე მჭიდრო ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მოვაქციოთ პროექტებზე დაფუძნებული თანამშრომლობის განვითარებას, განსაკუთრებით, ეს ეხება ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის პროექტებს. მწვანე ენერგეტიკული დერეფანი და შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელი ამ თანამშრომლობის მხოლოდ ორი მაგალითია. ვაფასებ ღია და გულწრფელ დიალოგს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ბატონ შალვას ამ ვიზიტისთვის, რომელიც ჩემი აზრით, კიდევ ერთი ნაბიჯია ჩვენს ქვეყნებს შორის დიალოგის გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა ნიკოლაე-იონელ ჩუკამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება