დავით უსუფაშვილი - დამნაშავეთა ბანდა ზის და გვიყურებს, თუ როგორ ჩავუშალეთ გეგმები? - აფეთქება კარვებში უნდოდათ და რაკი კარვები აღარ იქნება, რაღა ეშველებათ? აპირებს თუ არა ვინმე ამ ხალხის დაჩქარებულად დაჭერას?!

სუს-ი გვეუბნება, კონკრეტული ჯგუფები კონკრეტულ დროში აფეთქებებს, გადატრიალებისა და უბედურების მოწყობას აპირებენ, ხოლო ჩვენ ახლა პარლამენტში კარვებსა და ქოლგებზე ვმსჯელობთ - აპირებს თუ არა ვინმე ამ ხალხის დაჩქარებულად დაჭერას და ქვეყნის მოსალოდნელი ხიფათისგან დაჩქარებულად დახსნას?! - მიმართა “ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ინიციატორებს.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, საკანონმდებლო ინიციატივის მთავარი პრობლემა მისი კონტექსტია. უსუფაშვილმა ხელისუფლებას “სერიოზულობის ნატამალის“ გამოჩენისკენ მოუწოდა.

“გვეუბნებიან, რომ საქართველოს მყისიერი საფრთხე მოადგა, რომელიც შესაძლოა ოქტომბერ-დეკემბერში დიდ უბედურებაში გადაიზარდოს. სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახური გვეუბნება, რომ მათ იდენტიფიცირებული ჰყავთ კონკრეტული ჯგუფები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, მათ იციან აღნიშნული ჯგუფების მზაკვრული გეგმა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, იციან ამ გეგმის ისეთი დეტალებიც კი, თუ სად და როგორ აპირებენ ასაფეთქებელი ნივთიერებების შეტანას - მათ შორის ეს არის კარვების ქალაქი. აპირებენ ამ ქვეყნის დამხობას, გადატრიალებისა და უბედურების მოწყობას - ეს ყველაფერი იცის სუს-მა, იცის პოლიციამ, იცის უსაფრთხოების საბჭომ, იცის მთავრობამ და ამ ყველაფერს იმით ვუპირისპირდებით, რომ კანონში შეგვაქვს ცვლილება დემონსტრაციების დროს დროებითი კონსტრუქციების დადგმის შესახებ?!

მეგობრებო, კარგად დავუკვირდეთ რაზე ვლაპარაკობთ - თუ ეს ყველაფერი სუს-მა იცის, ეს იმას ნიშნავს, რომ სუს-ს დანაშაული გახსნილი აქვს. სახელმწიფო გადატრიალება და ის უბედურება, რაც სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია მოყვანილი და რასაც კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ეფუძნება, არის დასრულებული დანაშაული, რადგან სახეზეა დანაშაულის მომზადების ყველა კომპონენტი - პირთა წრე, მათი დანაშაულებრივი გეგმა, ინსტრუმენტები და ასე შემდეგ და აი ასეთ ვითარებაში პარლამენტის ტრიბუნიდან იმაზე უნდა ვსაუბრობდეთ, თუ რა იგულისხმება დროებით კონსტრუქციაში თუ სად არიან ეს დამნაშავეები? რატომ არ არიან ისინი დაჭერილი ან ძებნაში, რათა ეს ხალხი გავანეიტრალოთ?! წარმოდგენილი კანონით ხალხის ინტერესებს როგორ ვიცავთ? - ის დამნაშავეთა ბანდა ახლა ზის და გვიყურებს თუ როგორ ჩავუშალეთ გეგმები? - აფეთქება კარვებში უნდოდათ და რაკი კარვები აღარ იქნება, რაღა ეშველებათ? - ამ ტიპის მსჯელობებში სერიოზულობის ნატამალი ხომ უნდა იყოს!“, - მიმართა “ქართულ ოცნებას“ დავით უსუფაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება