თენგიზ ფხალაძე - სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკაში სანახაობები სჭარბობს რეალურ პრობლემებზე მსჯელობას, ამ დროს საფრთხე ყოველდღიურად მატულობს

ისრაელში პალესტინელების გააქტიურებაზე, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ახლა რაც ისრაელში ხდება, რამდენად შეძლებს ისრაელი გაუმკლავდეს პალესტინელების ფართომასშტაბიან ომს, უკრაინაში მიმდინარე ომისა და აზერბაიჯანში მიმდინარე პროცესების ფონზე რამდენად ადეკვატურია საქართველოს საგარეო პოლიტიკა და ის, რაც ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ხდება, „ინტერპრესნიუსი“ ჯიპა-ს ასოცირებულ პროფესორს, ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროს მეცნიერ-თანამშრომელს, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.

- ბატონო თენგიზ, ჩვენი საუბარი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტით უნდა დავიწყოთ.

როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერის ერთობლივი პრესკონფერენციიდან გახდა ცნობილი, საქართველომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებებში ფასილიტატორის როლი შესთავაზა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერმა იმედი გამოთქვეს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა მალე დასრულდება და მას ხელი საქართველოში მოეწერება.

თქვენ როგორ შეაფასებდით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებების ადგილად საქართველოს შერჩევას და ამ პროცესში მონაწილეობის პერსპექტივას?

- ბოლო დროს ჩვენს რეგიონში მართლაც უდიდესი ცვლილებები მოხდა. აზერბაიჯანმა აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა. ასეთი პრეცედენტი პოსტსაბჭოთა სივრცეში ჯერ არ მომხდარა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენის მიღწევა შეიძლება თანამიმდევრული პოლიტიკით, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის მუდმივი გაძლიერებით და სტრატეგიული აზროვნებით. სამწუხაროდ, ამ კონტექსტში ჩვენ ბევრი რამ სასწავლი გვაქვს.

ილჰამ ალიავის ვიზიტი მნიშვნელოვანია, მით უფრო რომ უკვე ჩანიშნულია საქართველოს პრემიერის საპასუხო ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ და თანამშრომლობაც მეტად უნდა გავამდიდროთ ახალი პროექტებითა და ინიციატივებით.

ცხადია, რომ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა შუა დერეფანია, რომლის მიმართაც ინტერესი რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა გაზარდა. მაგრამ ამ გაზრდილ ინტერესს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მენეჯმენტი სჭირდება და აქ საქართველო-აზერბაიჯანის ტანდემს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

იმისათვის, რომ თანამედროვეობის გამოწვევებს ვუპასუხოთ რამდენიმე საკითხია გადასაჭრელი: ეს გახლავთ ინფრასტრუქტურა - საგზაო, სარკინიგზო, საზღვაო, საბაჟო და სატარიფო პოლიტიკა, მონაცემთა გაცვლა და დერეფნის ერთიანი მართვის სისტემის ჩამოყალიბება. იმედია ყველა ეს თემა სრულფასოვნად იყო განხილულ შეხვედრაზე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც ვთქვით აზერბაიჯანმა აღიდგინა ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ სამშვიდობო შეთანხმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ჯერ კიდევ მისაღწევია.

დღეს ეს მოცემულობა იცვლება და საქართველო შეიძლება გახდეს მოლაპარაკებების ადგილი... თუკი მოვლენები ამ სცენარით განვითარდება, ეს კარგი იქნება საქართველოსთვისაც, აზერბაიჯანისა და სომხეთისათვის და ზოგადად მთელი რეგიონისათვის

მოგეხსენებათ, წინა კვირას დაგეგმილი იყო ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა ესპანეთში. სამწუხაროდ ეს შეხვედრა ჩაიშალა, მაგრამ იგი აუცილებლად უნდა გაიმართოს და ძალიან კარგი იქნება, თუ ის გაიმართება საქართველოში. საქართველოს არაერთხელ შეუთავაზებია საკუთარი ტერიტორია მოლაპარაკებებისათვის, თუმცა მხარეები სხვა პლატფორმას ამჯობინებდნენ, რას სრულიად გასაგებია იმ პერიოდის პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით.

მაგრამ, დღეს ეს მოცემულობა იცვლება და საქართველო შეიძლება გახდეს მოლაპარაკებების ადგილი. პრეზიდენტი ალიევმა განაცხადა, რომ სიამოვნებით მიიღებს პრემიერ ღარიბაშვილის წინადადებას საქართველოში სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის შესახებ, თუკი ასეთ შეთავაზებას პრემიერი ფაშინიანიც დათანხმდება.

თუკი მოვლენები ამ სცენარით განვითარდება, ეს კარგი იქნება საქართველოსთვისაც, აზერბაიჯანისა და სომხეთისათვის (თავისთავად) და ზოგადად მთელი რეგიონისათვის.

- მესამე დღეა თვალს ვადევნებთ „ჰამასის“ გააქტიურებას ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ისრაელ-პალესტინის დაპირისპირებას დიდი ხნის ისტორია აქვს, მაგრამ იმ მასშტაბის პალესტინელების შეტევა, რაც ახლა ხდება, ბევრის დაკვირვებით ბევრს არ ახსოვს. პალესტინელები აქტიურობენ არა მხოლოდ აშქელონისა და სდეროთის ქალაქებში. უკვე ვიცით, რომ ისრაელის „რკინის გუმბათი“ ვერ გაუმკლავდა პალესტინელების რაკეტებს.

ისრაელის ელჩმა რუსეთში განაცხადა, რომ ამ პროცესების უკან ირანი დგას და პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს. პრემიერმა ნეთანიაჰუმ კი თქვა, რომ “მტერი უპრეცედენტო ფას გადაიხდის“, მაგრამ ფაქტია, რომ ბრძოლები გრძელდება. ახლა ხშირად ისმის კითხვა, როგორ გამოეპარა ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებს ის, რომ ისრაელის სახელმწიფოზე თავდასხმა მზადდებოდა.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმას რაც ახლა პალესტინელების მიერ ისრაელის წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლას ეხება?

- პირველ რიგში, კიდევ ერთხელ, ვუცხადებ სოლიდარობას ისრაელს და მის ხალხს. ტერორიზმი უნდა დამარცხდეს და ტერორისტული ორგანიზაციები უნდა აღმოიფხვრას.

რაც პარასკევს მოხდა, არ იყო მხოლოდ მორიგი შეტევა, ესაა ომი, კარგად დაგეგმილი და მომზადებული, რის დაწყებასაც ჰამასი მნიშვნელოვანი დახმარების გარეშე ვერ გაბედავდა. დარწმუნებული ვარ, გარე ძალებმა დიდი როლი ითამაშეს როგორც ოპერაციის მომზადებაში, ასევე ჰამასისთვის შეიარაღების მიწოდებაში.

ჰამასმა არა მხოლოდ სამხედრო ოპერაცია წამოიწყო, არამედ განსაკუთრებული სისასტიკის დემონსტრირებასაც ახდენს. ყველაფერი მეტყველებს, რომ სასტიკი და სისხლისმღვრელი ბრძოლები ჯერ წინაა. ისრაელის პასუხი ძალიან მძიმე იქნება ჰამასისთვისაც და მისი გარე მხარდამჭერებისთვისაც.

ახლო აღმოსავლეთში არეულობა დღეს, როგორც არასდროს, ჯდება რუსეთის ინტერესებში. ამიტომაც არ გამიკვირდება, თუ ჰამასის შეიარაღებაში ან დაფინანსებაში რუსული კვალიც გამოიკვეთება

თქვენ ირანი ახსენეთ, თუმცა ის ჰამასის ერთადერთი მხარდამჭერი არაა, უკვე გამოჩნდა თალიბანის განცხადებაც, სავარაუდოდ სხვებიც გამოჩნდებიან. გარდა ამისა ახლო აღმოსავლეთში არეულობა დღეს, როგორც არასდროს, ჯდება რუსეთის ინტერესებში. ამიტომაც არ გამიკვირდება, თუ ჰამასის შეირაღებაში ან დაფინანსებაში რუსული კვალიც გამოიკვეთება.

- პალესტინელებმა მეორე ფრონტი გაუხსნეს ისრაელს ლიბანის მხრიდან, ანუ იმ ქვეყნიდან, სადაც თურქეთის გავლენა ძლიერი არაა და ირანი დომინირებს. ირანის სულიერი ლიდერის ჰამეინის თანაშემწემ გაავრცელა განცხადება, რომ ირანი ბოლომდე დაუჭერს მხარს პალესტინელი ხალხის განმათავისუფლებელ ბრძოლას ისრაელის წინააღმდეგ.

ბრძოლების ინტენსივობა და ხასიათი იმაზე მიანიშნებს, რომ როგორც ხშირად ხდებოდა ხოლმე, მალე ვერ და არ დასრულდება ისრაელის წინააღმდეგ პალესტინელების ამბოხი. ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირება რომ არახალია, ცნობილია. თეირანს არასდროს დაუმალავს, რომ მისი მიზანია ისრაელის სახელმწიფოს განადგურება.

თქვენი დაკვირვებით, ახლა რა შეიძლება იყოს ისრაელის წინააღმდეგ ირანელების დახმარებით პალესტინელების გააქტიურების მიზეზი?

- მიზეზები ბევრია. გარე ფაქტორებიდან გამოვყოფდი იმას, რომ დასავლეთის ყურადღება ძირითადად უკრაინისკენაა მიმართული. გარდა ამისა, G-20-ის სამიტზე გაჟღერებული ახალი სატრანსპორტო დერეფანი: ინდოეთი-არაბთა გაერთიანებული საემიროები-საუდის არაბეთი-იორდანია-ისრაელი-ევროკავშირი. ამ პროექტზე ჩვენთან საერთოდ არ ლაპარაკობენ, არადა მისი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა უაღრესად დიდია. ისრაელის პრემიერმა სამიტის გადაწყვეტილებას „ისრაელის ოცნების ახდენა“ უწოდა.

გარე ფაქტორებიდან გამოვყოფდი იმას, რომ დასავლეთის ყურადღება ძირითადად უკრაინისკენაა მიმართული. გარდა ამისა, G-20-ის სამიტზე გაჟღერებული ახალი სატრანსპორტო დერეფანი: ინდოეთი-არაბთა გაერთიანებული საემიროები-საუდის არაბეთი-იორდანია-ისრაელი-ევროკავშირი

რა თქმა უნდა, არის ქვეყნები, ვისაც ეს გადაწყვეტილება არ ესიამოვნა და რეგიონში არეულობით ცდილობს ხელის შეშლას. არსებობს შიდა ფაქტორებიც, მათ შორის 2019-2022 პოლიტიკური კრიზისი ისრაელში, რამაც თავისი როლი შეიტანა ეროვნული უსაფრთხოების დასუსტებაში.

- დამკვირვებელთა ნაწილი ისრაელის წინააღმდეგ პალესტინის გააქტიურებას, უკავშირებს აშშ-ს მიერ ინიციირებულ და ინდოეთის მიერ მხარდაჭერილ პროექტს - „ეკონომიკური დერეფანი - ინდოეთი- შუა აღმოსავლეთი -ევროპა,“, რომელსაც საუდის არაბეთზე და ისრაელზე უნდა დაევლო.

ბევრის ვარაუდით, ისრაელში პალესტინელების გააქტიურება უკავშირდება იმას, რომ ამ პროექტი უკმაყოფილო იყო ჩინეთი. როგორც ამბობენ, ამ საქმეში მას ეხმარება არა მხოლოდ ირანი, არამედ ირანი, სადაც ამას წინათ ვიზიტად იმყოფებოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ. თუმცა, შოიგუს თეირანში ვიზიტი როგორც ამბობენ უკავშირდებოდა აზერბაიჯან-სომხეთის სადაო საკითხს, კერძოდ ზანგეზურის კორიდორის პერსპექტივას.

ასეთ ვითარებაში რომ სიტუაცია სწრაფად არ ჩაცხრება ცხადია. რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ პალესტინელების უკან ირანის გარდა იდგეს ჩინეთი და რუსეთი? და თუ ასეა, ყველაფერი რით შეიძლება დასრულდეს?

- ისრაელს აქვს განსაკუთრებული უნარი, საჭიროების შემთხვევაში გამოავლინოს საოცარი ეროვნული ერთიანობა. ამიტომაც დარწმუნებული ვარ, ამ საფრთხესაც ისრაელი სათანადოდ უპასუხებს. ეს არის ქვეყანა, რომელიც დიდ რესურს ახმარს თავდაცვისუნარიანობასა და ეროვნული უსაფრთხოებას. რაც მთავარია, ეს არის ხალხი, რომელიც მზადაა იბრძოლოს საკუთარი ქვეყნისთვის, საკუთარი სახელმწიფოებრიობისთვის. ასეთი ქვეყნის დამარცხება შეუძლებელია.

ისრაელს აქვს განსაკუთრებული უნარი, საჭიროების შემთხვევაში გამოავლინოს საოცარი ეროვნული ერთიანობა. ამიტომაც დარწმუნებული ვარ, ამ საფრთხესაც ისრაელი სათანადოდ უპასუხებს

დარწმუნებული ვარ, ისრაელი მიიღებს სათანადო საერთაშორისო დახმარებასაც. შეერთებულმა შტატებმა უკვე განაცხადა, რომ ისრაელს „ექნება ყველაფერი“, რაც დასჭირდება თავდაცვისათვის.

რაც შეეხება კონფლიქტის გაღვივებაში სხვა ქვეყნების ინტერესებს, როგორც აღვნიშნე, არ გამიკვირდება რუსული კვალის გამოჩენა. რაც შეეხება ჩინეთს, ის ძალიან ფრთხილია და, როგორც წესი, სხვა მეთოდებს ამჯობინებს ხოლმე კონკურენტებთან ურთიერთობაში.

არ გამიკვირდება რუსული კვალის გამოჩენა. რაც შეეხება ჩინეთს, ის ძალიან ფრთხილია და, როგორც წესი, სხვა მეთოდებს ამჯობინებს ხოლმე კონკურენტებთან ურთიერთობაში

- უკრაინაში მიმდინარე ომის, ასევე რეგიონში მომხდარი ცვლილების ფონზე როგორ შეაფასებდით ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს? თუნდაც პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებულ იმპიჩმენტის პროცესს? აქციებზე კარვების აკრძალვას, მაშინ როცა მიუხედავად იმისა, რომ „რევოლუციის მომწყობი“ არც ძალა ჩანს და არც რევოლუციური სიტუაცია?

- სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკაში სანახაობები სჭარბობს რეალურ პრობლემებზე მსჯელობას. ამ დროს საფრთხე ყოველდღიურად მატულობს. მაგალითისთვის თუნდაც ოჩამჩირეში რუსული ფლოტის განთავსების გადაწყვეტილებაც საკმარისია. პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება დაუყოვნებლივ ატეხდა განგაშს და ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებაზე იზრუნებდა. ამ დროისთვის უკვე:

- უნდა მოგვეთხოვა გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევა

- მოგვეთხოვა საკითხის განხილვა ეუთოში

- მიგვემართა ნატოსა და ევროკავშირისთვის პრობლემის ევროპული და შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში განსახილველად

- მოგვეთხოვა ორმხრივი კონსულტაციები სტრატეგიულ პარტნიორებთან

- საქართველოს პარლამენტს უნდა მიეღო შესაბამისი რეზოლუცია და მიმართვა პარტნიორი ქვეყნებისადმი

- პარტნიორებთან შეთანხმებით უნდა მოგვემზადებინა საპასუხო ზომები, თუნდაც იმ რუსული კომპანიების მიმართ, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობენ.

კიდევ ბევრი რამ შეიძლებოდა, მაგრამ არაფერი გაკეთებულა, გარდა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებისა. იმ მდგომარეობამდე მივდივართ, რომ სრულად ვკარგავთ წინააღმდეგობის გაწევის უნარს, ვკარგავთ ეროვნულ მედეგობას და ისე ვაკნინებთ ეროვნულ უსაფრთხოებას, რომ რუსეთს უბრძოლველად შეუძლია დაასრულოს ქართული სახელმწიფოს არსებობა.

ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლების ქმედებები ოპტიმიზმის საფუძველს მიტოვებდეს, მაგრამ იმედი მაინც არსებობს, იმედი იმისა, რომ გადაწყვეტილება დაეფუძნება არა მხოლოდ ხელისუფლების ქმედებების შეფასებას, არამედ ევროკავშირის გეოპოლიტიკურ ხედვას - „ევროპა ლისაბონიდან თბილისამდე“

და ასეთ ვითარებაში ჩვენ მთავარ თემად ვაქციეთ უნდა მისალმებოდა თუ არა ზურაბიშვილი შტაინმაიერს ან რომელიმე სხვა ლიდერს, ან როგორ გაიშალოს თუ არ გაიშალოს კარავი აქციების დროს. როგორ შეიძლება ასეთ სახელმწიფოს ვინმემ სერიოზულად შეხედოს?! ამიტომაც ხშირად ვხდებით ადვილად ხელწამოსაკრავი, „აქეთ-იქეთ“ ქვეყანა.

- მალე საქართველოს, უნგრეთის პრემიერი ორბანი ეწვევა, რომელსაც ევროსტრუქტურებში პუტინის მხარდამჭერად მიიჩნევენ. მალე გაირკვევა ევროკავშირი მიანიჭებს თუ არა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

უკრაინაში მიმდინარე ომის, ასევე რეგიონში მომხდარი ცვლილების ფონზე როგორ შეაფასებდით ქვეყნის საგარეო პოლიტიკას? იმ ფონზე რაც ევროპასა და ჩვენში ხდება, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ საქართველო ევროპულ პერსპექტივას არ დაკარგავს?

- ძალიან ცოტა დრო რჩება საბოლოო გადაწყვეტილებამდე. ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლების ქმედებები ოპტიმიზმის საფუძველს მიტოვებდეს, მაგრამ იმედი მაინც არსებობს, იმედი იმისა, რომ გადაწყვეტილება დაეფუძნება არა მხოლოდ ხელისუფლების ქმედებების შეფასებას, არამედ ევროკავშირის გეოპოლიტიკურ ხედვას - „ევროპა ლისაბონიდან თბილისამდე“.

ორივე მიდგომას საკუთარი არგუმენტები მომხრეები ჰყავს. გეოპოლიტიკური ხედვის მომხრეები ეფუძნებიან იმას, რომ საქართველო, თავისი არსით, ევროპული ქვეყანაა, ქართველი ხალხი საკუთარ მომავალს ევროპულ ოჯახში ხედავს, მან ამისთვის ბევრი რამ გაიღო და ამიტომ, მიუხედავად ხელისუფლების შეცდომებისა, საქართველო არ უნდა იქნეს მიტოვებული. მან უნდა მიიღოს სტატუსი, მაგრამ დათქმებით და მხოლოდ ამ დათქმების შესრულების შემთხვევაში დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები.

მთავარი კი ისაა, რომ შედეგს მხოლოდ შეხვედრები კი არა, რეალური რეფორმები სჭირდება. მუშაობა, რეფორმები, ცვლილებები და არა თვითკმაყოფილება, პარტნიორებთან ქედმაღლობა და კონსპირაციის თეორიები

მოწინააღმდეგენი კი ამბობენ, რომ ევროკავშირმა საკუთარი გეოპოლიტიკური ხედვა საქართველოსადმი უკვე დააფიქსირა „ევროპული პერსპექტივის“ მინიჭებით. ამით მან უპასუხა ქართველი ხალხის ევროპულ სულისკვეთებას, ხოლო სტატუსი უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ მიღწევებს, არსებული შეცდომების გამოსწორებას, რეფორმების პროგრესს და ამ მიმართულებით საქართველოს ძალიან ბევრი აქვს გასაკეთებელი.

აი, ამ ორ მიდგომას შორის არის დღეს ჭიდილი. ჩვენი ამოცანაა, რომ მომხრეებს არგუმენტები გავუძლიეროთ და კონტრარგუმენტები გავაბათილოთ.

ორბანის ჩამოსვლას რაც შეეხება, უნგრეთი მეგობარი სახელმწიფოა, რომელიც მხარს გვიჭერს როგორც ევროპულ, ასევე ევროატლანტიკურ მისწრაფებებში. უნგრეთის პრემიერი არასოდეს გვაკრიტიკებს, ამიტომაც საქართველოს მთავრობისთვისაც ის კომფორტული პარტნიორია. თუმცა ვისურვებდი იმ ლიდერებთან იყოს მეტი ურთიერთობა, რომლებიც სკეპტიკოსებს მიეკუთვნებიან, გვაკრიტიკებენ და ევროპულ გზაზე მეტ პროგრესს მოითხოვენ ჩვენგან.

გადაწყვეტილების მიღებას სჭირდება ყველას თანხმობა - ყველა წევრი სახელმწიფოს, ევროკომისიის და ევროპარლამენტის, ამიტომ წინ დიდი სამუშაოა, დრო კი ცოტა. მთავარი კი ისაა, რომ შედეგს მხოლოდ შეხვედრები კი არა, რეალური რეფორმები სჭირდება. მუშაობა, რეფორმები, ცვლილებები და არა თვითკმაყოფილება, პარტნიორებთან ქედმაღლობა და კონსპირაციის თეორიები.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი