პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ისრაელის ელჩს მოუსმინეს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰადას მეიცადს მოუსმინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომიტეტის სხდომაზე ისრაელში განვითარებული მოვლენების შედეგად დაღუპულ მშვიდობიან მოსახლეობას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

„ჩვენ ვაგრძელებთ პრაქტიკას, როდესაც უცხო ქვეყნების ელჩები მოდიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, რათა წარმოადგინონ საკუთარი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები. დღეს ჩვენი სტუმარია ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს ელჩი, ჰადას მეიცადი და, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილი იყო, რომ ეს მოსმენა მშვიდობიან გარემოში წარმართულიყო. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვიხილეთ ბარბაროსული თავდასხმა ისრაელზე. ტერორისტული თავდასხმა, რომელმაც ბოლო ინფორმაციით, დაახლოებით, 1300-მდე მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. მინდა გთხოვოთ, რომ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მეგობარი სახელმწიფოსადმი მხარდაჭერა გამოხატა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხის ურყევი ნება, ისრაელის სახელმწიფოსთან მაღალი დონის პარტნიორული ურთიერთობის შესახებ.

ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ისრაელისადმი სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის.

„ჩემს უსაყვარლეს სამშობლოს, ისრაელს უმძიმესი დღეები აქვს. „ჰამასის“ ტერორისტებმა მოკლეს 1300-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე. „ჰამასი“ არის სისხლისმსმელი ორგანიზაცია უკონტროლო ჯგუფებით, მათ ამოძრავებთ სიძულვილი, მათი სურვილია გაანადგურონ ჩვენი მოქალაქეები და ისრაელის სახელმწიფო“, - განაცხადა ჰადას მეიცადმა.

მისივე თქმით, „ჰამასის" მიერ განხორციელებული ეს თავდასხმა მიმართულია ყველაფრის წინააღმდეგ, რისაც ისრაელს, საქართველოს, ამერიკასა და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს სჯერა.

„ჩვენ მოვიგებთ ამ ომს. ბევრმა ქვეყანამ გამოთქვა თავისი ურყევი მხარდაჭერა ებრაელი ხალხის და სახელმწიფოსადმი. თბილისში, ბათუმში, ბევრი შენობა ისრაელის დროშის ფერებში განათდა. ვაფასებთ საქართველოს სოლიდარობას ჩვენი ქვეყნის მიმართ. მოვისმინეთ თქვენი აღმასრულებელი ხელისუფლების განაცხადი და მხარდაჭერა ჩვენი ხალხის მიმართ, ასევე, მოვისმინეთ რიგითი მოქალაქეების მხარდამჭერი განცხადებები. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭიროა ჩვენი მოქალაქეების დასაცავად. ჩვენ ვგლოვობთ გარდაცვლილებს და ვლოცულობთ ჩვენი მოქალაქეების, ქალების, ბავშვების უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა საქართველოში ისრაელის ელჩმა.

მათივე ცნობით, მოხსენების დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება