გრიგოლ გეგელია - თუ ირაკლი კობახიძე აშშ-ის ახალი ელჩის მიდგომების შეცვლაში გულისხმობს, რომ ამერიკა შეაქებს ან ტაშს დაუკრავს, ამის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს - აშშ-მ იცის, რომ „ოცნება“ ემსახურება პუტინს და ლავროვს

[ირაკლი კობახიძე] მიდგომების შეცვლაში თუ გულისხმობს, რომ რუსეთის მსახურ ხელისუფლებას ამერიკა ან შეაქებს ან ტაშს დაუკრავს, ამის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს,- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების შეფასებისას განაცხადა. საუბარია განცხადებაზე, რომელშიც ირაკლი კობახიძემ საქართველოში აშშ-ის ახალ ელჩთან დაკავშირებით აღნიშნა: „იმედი აქვს, რომ აშშ-ს ახალი ელჩი საქართველოში, რობინ დენიგენი იმ პოლიტიკას რადიკალურად შეცვლის, რომელსაც მისი წინამორბედი, კელი დეგნანი აწარმოებდა“.

მისივე განმარტებით, „აშშ-მ კარგად იცის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ლავროვს, პუტინს და სხვებს ემსახურება“.

„მიდგომების შეცვლაში თუ გულისხმობს, რომ რუსეთის მსახურ ხელისუფლებას ამერიკა ან შეაქებს ან ტაშს დაუკრავს, ამის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს. აშშ-მ გადასარევად იცის და შეიძლება ყველაზე კარგად, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ლავროვს, პუტინს და სხვებს ემსახურება; რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსების შემოსევის და ქართველების გაქცევის ავტორია; რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველო ქართველების გარეშე მივიღოთ; რომ ამ ხელისუფლების პირობებში, ჩვენს ქვეყანას არავითარი ევროპული მომავალი არ გააჩნია“,-განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ამასთან, გეგელიამ კობახიძის აღნიშნულ განცხადებას „უკულტურობა“ უწოდა.

„კობახიძის განცხადება უკულტურობაა. ეს ნიშნავს იმას, რომ ის კელი დეგნანის მიდგომებს პირველი, არასწორად და მეორე, მის პირად მიდგომებად თვლის, რაც ამავე დროს, არაკომპეტენტურობის გამოვლენაა. ირაკლი კობახიძეს, როგორც ჩანს, არ ესმის ან არ უნდა ესმოდეს, როგორ მუშაობს სახელმწიფო დეპარტამენტი. ელჩის მიდგომები აშშ-ს სახელმწიფო პოზიციას წარმოადგენს“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

გარდა ამისა, მან „ლელოს“ და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის შესაძლო გაერთიანების შესახებ ინფორმაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ, როდესაც გახარია პარტიის „კონკრეტულ კითხვებს კონკრეტულ პასუხს გასცემს, მეტი საუბარი იქნება შესაძლებელი, მანამდე კი, საუბარიც ზედმეტია“.

გიორგი გახარიას პასუხები ფუნდამენტურ კითხვებზე არ გაუცია, რომლებიც მისი მმართველობის წლებთან დაკავშირებით დგას. ეს, როგორც მამუკა ხაზარაძეს, ისე ყველა ჩვენგანს ძალიან ხშირად გვაქვს დაფიქსირებული. ეს არის კითხვები 20 ივნისთან დაკავშირებით, კერძაიას საქმესთან დაკავშირებით, ანაკლიის პროექტის ჩაძირვასთან დაკავშირებით, კორუფციასთან დაკავშირებით. მათ შორის, მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ წერილსაც ვგულისხმობ, მაგრამ არ მინდა გამოყოფა. ეს ჩვენთვის პერსონალური ინტერესის მატარებელი კითხვები არ არის. ეს სახელმწიფოებრივი კალიბრის შეკითხვებია.

ამ კითხვებზე ადეკვატური პასუხების მიღების შემთხვევაში, ვფიქრობ, სიტუაციის სხვანაირად დანახვა შეიძლება. მოდი პირდაპირ ვიტყვი, თუ ჩვენ კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები დავინახეთ, თუნდაც თეორიულად, მეტი საუბარი იქნება შესაძლებელი. ახლა საუბარიც კი შეუძლებელია“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო