მთიან აჭარას ახალი ველომარშრუტი შეემატა

მთიან აჭარას ახალი წრიული საველოსიპედე მარშრუტი „გოდერძი-მწვანე ტბა-შავი ტბა“ შეემატა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, 24 კილომეტრიანი მარშრუტი, რომლის მარკირებაც წელს განხორციელდა, გოდერძის უღელტეხილიდან იწყება.

მათი ინფორმაციით, მარშრუტი გოდერძიდან მწვანე ტბამდე რიყეთისა და ლოდიძირის იაილებში გადის, სადაც მემთეურების ხის სახლებისა და ულამაზესი პეიზაჟების ნახვაა შესაძლებელი.

„მარშრუტის პირველი გაჩერება მწვანე ტბაა, სადაც მოგზაურებს პიკნიკი, ნავით ტბაზე გასეირნება და შთამბეჭდავი ფოტოების გადაღება შეუძლიათ. მწვანე ტბაზე შესვენების შემდეგ ველომარშრუტი შავი ტბისკენ გრძელდება. ტყის სიმწვანეში ჩაფლული შავი ტბა ზღვის დონიდან 1900 მეტრზე მდებარეობს. ტბა გარშემორტყმულია ალპური ტყით და ჭაობისათვის დამახასიათებელი მცენარეებით. შავი ტბის შემდეგ ველომარშრუტი ისევ გოდერძის უღელტეხილზე ბრუნდება.

სამთო ველომარშრუტის მარკირება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ განახორციელა. გარდა ველომარშრუტისა წელს, ტურისტული ნიშნულები ასევე დამონტაჟდა მთიანი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მდებარე ახალ საოჯახო-სასტუმრო სახლებთან, ღვინის მარნებთან და კოტეჯებთან. რაც შეეხება ტურისტულ ინფრასტრუქტურას, უკვე დასრულდა ხიხანი ციხეზე ასასვლელი და მირვეთის ჩანჩქერთან მიმავალი ტურისტული ბილიკების მოწყობა. ახალი საპიკნიკე სივრცეებისა და მცირე ინფრასტრუქტურის მშენებლობა სრულდება ღომას, ნამეფვარის, ბრილის, ჩალეწილებისა და ლელთის ტბის მიმართულებებზეც“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება