თქვენი ცარიელი მშვიდობა ძალიან კარგად აღწერა ლელთ ღუნიამ და იქნებ კიდევ ერთხელ გადავიკითხოთ ბუმბერაზი კლასიკოსები, ისევე როგორც საქართველოს ისტორია და სიმართლე უთხრათ ხალხს, რომ თქვენი მშვიდობა არის კაპიტულაცია, თქვენი მშვიდობა არის სუვერენიტეტის მიტაცება რუსეთის მხრიდან! - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან მმართველ პარტიას და განსაკუთრებით საგარეო ურთიერთობაზე მომუშავე პოლიტიკოსებს მიმართა, როგორ არის უზრუნველყოფილი მშვიდობა, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში რუსეთი სამხედრო ბაზის განთავსებას გეგმავს და ამაზე „ქართული ოცნება“ შეფასებასაც კი არ აკეთებს.
„დღეს ამ დარბაზში კიდევ ერთხელ მოვისმინეთ საგარეო კომიტეტის თავმჯდომარისგან გურულების საყვარელი სადღეგრძელო - მშვიდობა და მე, სიმართლე გითხრათ, ბოლო პერიოდში ხშირად ვხედავ, რომ სადღეგრძელოების იქით ჩვენი საგარეო პოლიტიკა, ისევე როგორც საშინაო, ვეღარ მიდის. გულწრფელად მაინტერესებს, რა არის საქართველოს ეროვნული ინტერესი, მხოლოდ მშვიდობა თუ ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ჩვენი დემოკრატია და ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება.
როგორ მოხდა ისე, რომ ამ ეროვნულ ინტერესებს, რომელიც გაცხადებული იყო აქამდე, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობა შერჩა და ისიც ცარიელი. მე მაინტერესებს თქვენი გუნდის საგარეო მიმართულების ხელმძღვანელებისგან მოვისმინო პასუხი, როგორ უზრუნველყოფს მშვიდობას ის, როდესაც რუსეთის სამხედრო ბაზა უნდა განთავსდეს ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის პორტში და ამაზე ხმას არ იღებს „ქართული ოცნება“? რატომ არ მოვუწოდებთ პარტნიორებს, რომ ეს ფაქტი იყოს დაგმობილი და ერთიანი პოზიცია იყოს? რატომ ვერ გაბედა ირაკლი ბერაიამ „ქართული ოცნების“ დელეგაციის სამ წევრთან ერთად, რომ თუნდაც ოპოზიციონერი დეპუტატის წევრის მხრიდან ინიცირებულ ცვლილებებზე, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე, დარბაზში მაინც ყოფილიყო და ეჩვენებინა, რომ ეს საქართველოს დელეგაციის მხარდაჭერაა და არა მხოლოდ ოპოზიციის და რატომ ყოფთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისას თქვენ პარლამენტის დამოკიდებულებას? ეს უზრუნველყოფს მშვიდობას ? ან მშვიდობას როგორ უზრუნველყოფს ის, რომ თქვენ გეშინიათ ნებისმიერი რეზოლუციის მხარდაჭერა, რომელიც პუტინს ემუქრება გამოაცხადოს დიქტატორად? ასე იყო PACE-შიც, სადაც თქვენ ვერ მოიცალეთ, რომ საქართველოს სახელით ამ რეზოლუციისთვის მხარი დაგეჭირათ. აქამდე თავს იწონებდით ხოლმე, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მხარდაჭერას ახორციელებდით და ახლა ამისაც გეშინიათ. იქნებ მითხრათ, სირაქლემას პოზიცია როდის გახდა საქართველოს ეროვნული ინტერესი? რაც უფრო დავიმალებით და არაფერს ვიტყვით რუსულ ოკუპაციაზე და რაც უფრო არ შევიმჩნევთ იმ დაცინვას, რომელსაც ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ისვრიან, ეს როგორ უზრუნველყოფს მშვიდობას?
თქვენი ცარიელი მშვიდობა ძალიან კარგად აღწერა ლელთ ღუნიამ და იქნებ კიდევ ერთხელ გადავიკითხოთ ბუმბერაზი კლასიკოსები, ისევე როგორც საქართველოს ისტორია და სიმართლე უთხრათ ხალხს, რომ თქვენი მშვიდობა არის კაპიტულაცია, თქვენი მშვიდობა არის სუვერენიტეტის მიტაცება რუსეთის მხრიდან!“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"