იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლად არჩეული არამოსამართლე წევრი გოგა კიკილაშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, გოგა კიკილაშვილი განცხადებას ავრცელებს.

კიკილაშვილის განცხადებით, მიმდინარე საინფორმაციო კამპანია არასწორ მონაცემებს შეიცავს და მის პროფესიულ და პიროვნულ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

მისივე განმარტებით, ადგილი აქვს მცდელობას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად მისი არჩევა დაუკავშირდეს არა მის პროფესიულ კვალიფიკაციას, არამედ ნათესაურ კავშირებს.

„საზოგადოებისთვის მინდა განვმარტო, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა 2022 წლის 30 სექტემბერს და კანდიდატთა საკომიტეტო მოსმენები განხორციელდა 2022 წლის დეკემბერში. კანდიდატთა მოსმენა გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში და ჩანაწერები დღემდე ხელმისაწვდომია.

საზოგადოების ინფორმირებისთვის უნდა აღინიშნოს, რომ საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე.

არცერთ სტატიასა თუ სატელევიზიო სიუჟეტში არ გაჟღერებულა, რომ სწორედ, ჩემი სამეცნიერო და კვლევით საქმიანობის გათვალისწინებით მოხდა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლის მიერ ჩემი კანდიდატურის წარდგენა საქართველოს პარლამენტის წინაშე, კერძოდ ის, რომ აქტიური იურიდიული პრაქტიკის პარალელურად (საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ მოქმედი ადვოკატი და მედიატორი) 2015 წლიდან ვეწევი აკადემიურ საქმიანობას, ვარ სამართლის დოქტორი და ასოცირებული პროფესორი, მონაწილეობა მაქვს მიღებული სხვადასხვა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სამეცნიერო და კვლევით პროექტებში და ვარ 20-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მიდინარე წელსაც მოწვეული მკვლევარის სტატუსით სამეცნიერო კვლევით საქმიანობას ვახორციელებ ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტსა (გერმანია) და რეგენსბურგის უნივერსიტეტში (გერმანია).

ჩემი ბიოგრაფიული მონაცემების მოძიება ადვილად შეიძლება სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების, თუ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ვებ-გვერდებზე.

მიმაჩნია, რომ ჩემი კვალიფიკაცია, სრულად შეესაბამება დაკავებულ პოზიციას და ჩემს შესახებ არასწორი და არასრული მონაცემების მიზანმიმართულად გავრცელება ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, - აცხადებს გოგა კიკილაშვილი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის