„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - „მაუწყებლის შესახებ“ კანონში სადავო ცვლილებები აუარესებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ისედაც გაუარესებულ სტანდარტს და მაუწყებლებზე ზემოქმედების დამატებით რისკებს ქმნის

„მაუწყებლის შესახებ“ კანონში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული სადავო ცვლილებები აუარესებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების არსებულ ისედაც გაუარესებულ სტანდარტს და მაუწყებლებზე ზემოქმედების დამატებით რისკებს ქმნის, - ამის შესახებ აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამძჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში - „კანონის ძალით: ქართული მედია ცენზურის საფრთხის პირისპირ“.

როგორც ორგანიზაციის შეფასებაშია ნათქვამი, სიძულვილის ენის სამართლებრივი რეგულირება რისკის შემცველია კრიტიკული აზრის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულების, ძლიერი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების არარსებობისა და სასამართლო სისტემისადმი დაბალი ნდობის ფონზე.

„საერთაშორისო გამძჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებითვე, კანონპროექტის განხილვის პროცესი ინკლუზიური არ იყო.

„პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის გარეშე განიხილა და მიიღო „მაუწყებლის შესახებ“ კანონში უმრავლესობის დეპუტატების მიერ წარდგენილი ცვლილებები, რომელიც სხვა სიახლეებთან ერთად, ითვალისწინებს სიძულვილის ენისა და უხამსობის თვითრეგულირების სფეროდან (როცა პროფესიული სტანდარტების დაცვისა და გაუმჯობესებისთვის, მედია თავად განიხილავს საჩივრებს და მათზე რეაგირების ფორმებს) რეგულირების სფეროში გადატანას. სიძულვილის ენისა და უხამსობის საკითხების განხილვის კომპეტენცია და შესაბამისი სანქციების (გაფრთხილება, დაჯარიმება, ლიცენზიის/ავტორიზაციის მოქმედების შეჩერება) დაწესების უფლებამოსილება კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ენიჭება.

სიძულვილის ენის სამართლებრივი რეგულირება რისკის შემცველია კრიტიკული აზრის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულების, ძლიერი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების არარსებობისა და სასამართლო სისტემისადმი დაბალი ნდობის ფონზე. „მაუწყებლის შესახებ“ კანონში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული სადავო ცვლილებები აუარესებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების არსებულ ისედაც გაუარესებულ სტანდარტს და მაუწყებლებზე ზემოქმედების დამატებით რისკებს ქმნის“,- ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, ვეტო დაადოს საკანონმდებლო ცვლილებებს.

„არსებული რეალობის გათვალისწინებით, როდესაც გამოწვევად რჩება კრიტიკული მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ზოგადად კრიტიკული აზრის მიმართ ხელისუფლების ნეგატიური დამოკიდებულება, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი და პოლიტიზირება, სასამართლო სისტემის მიმართ დაბალი ნდობა - ამ პირობებში კომუნიკაციების კომისიისათვის მედიის დასანქცირების დამატებითი ბერკეტების და მედია პროდუქციის შინაარსში შესვლის კომპეტენციის მინიჭება რისკის შემცველია გამოხატვის თავისუფლებისათვის.

კანონი ვერ უზრუნველყოფს იმ მიზნის მიღწევას, რისთვისაც განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში დაშვებულია სიძულვილის ენის და უხამსობის სამართლებრივი რეგულირება და იგი შესაძლოა სადამსჯელო ბერკეტად იქცეს კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გამოყენებული.

ამდენად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიიჩნევს, რომ მსგავსი მნიშვნელობის ცვლილებები არ უნდა მიიღებოდეს დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციებისა და ფართო ჩართულობის გარეშე, რასაც მოითხოვს ევროდირექტივაც აუდიოვიზუალური მედიამომსახურების შესახებ.

მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს ვეტო დაადოს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც კრიტიკული მედიის ცენზურისა და დასჯის საფრთხეს შეიცავს“,- ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება