საია - „რუსული კანონის“ გაპროტესტების დროს უკანონოდ დაკავებული აქციის მონაწილის უფლებებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დავიცავთ

საიამ ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული მასობრივი აქციის დროს უკანონოდ დაკავებული და ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობილი, გიორგი მექვაბიშვილის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა. ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მომჩივანი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის წარდგენილი საჩივარით ევროპული კონვენციის მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (შეკრების თავისუფლება) მუხლების დარღვევის დადგენას ითხოვს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2023 წლის 7-8 მარტს, პარლამენტის მიმდებარედ გამართული აქცია, სახელმწიფომ საპოლიციო ძალის გამოყენებით დაშალა. ასევე, აღსანიშნავია, რომ პოლიცია აქტიურად იყენებდა აქციის მონაწილეთა განურჩეველი დაკავების პრაქტიკას.

აქციის დაშლისას გიორგი მექვაბიშვილი, სხვა პირის მიმართ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა სავარაუდო ძალადობრივ მოპყრობას ტელეფონით იღებდა და სამართალდამცავებს მოუწოდებდა, რომ არ ეძალადათ აქციის მონაწილეზე, რა დროსაც იგი პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისა ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე დააკავა.

სამართალდამცავთა განმარტებით, მომჩივანი დააკავეს იმის გამო, რომ ის არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, გაეთავისუფლებინა გზის სავალი ნაწილი, იმის მიუხედავად რომ მომჩივანი ტროტუარზე გადაადგილდებოდა. მომჩივანმა დროებითი მოთავსების იზოლატორში 35 საათზე მეტი გაატარა, ხოლო სახელმწიფოს დაკავების ვადის გახანგრძლივების მიზეზები არ დაუსაბუთებია. ამ საკითხით არც მოსამართლე დაინტერესდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას.

მომჩივანის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემა, 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე განხორციელდა, რის შედეგადაც მას 2000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება შაბლონური სახისაა და საქმის ინდივიდუალური გარემოებების სათანადო ანალიზს არ ითვალისწინებს. მიუხედავად საქმეში არსებული არაერთი ხარვეზისა, ხსენებული დადგენილება სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა.

საქმეში ნათლად გამოიკვეთა ქვეყანაში არსებული არაერთი სისტემური გამოწვევა, მათ შორის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის სამართლებრივი გარანტიების დაბალი სტანდარტი, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული შაბლონური/დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების პრაქტიკა, დაუსაბუთებლად პირის დაკავება, რომლებიც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით განმტკიცებულ გარანტიებს.

მომჩივანი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის წარდგენილი საჩივარით ევროპული კონვენციის მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (შეკრების თავისუფლება) მუხლების დარღვევის დადგენას ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში ეს საიას მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი მეორე საჩივარია, რომელიც საქართველოში თვითნებური დაკავების პრაქტიკასა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებში სასამართლო კონტროლის გარანტიების ნაკლოვანებებს შეეხება,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება