ნათია თურნავა 26-27 ოქტომბერს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობას მიიღებს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა 26-27 ოქტომბერს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნათია თურნავა პანელურ დისკუსიაში „ფინტეკის მომავალი მზარდ ეკონომიკაში“ მთავარი მომხსენებელი იქნება.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დისკუსიაში ნათია თურნავასთან ერთად გლობალური ტექნოლოგიების ცნობილი წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას - 500 Global-ის პარტნიორი პედრო ვიეირა, MME-ის იურიდიული პარტნიორი, არაერთი საერთაშორისო ტექნოლოგიისა და ფინანსური ბაზრის კომპანიის მრჩეველი ანდრეას გლარნერი, Bybit-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ბენ ჟოუ, Pave-ს აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი სალიმ დანანი. პანელს მოდერატორობას BBC World News-ის წამყვანი და ცნობილი სახე აარონ ჰესელჰარსტი გაუწევს.

„მომავლის მსოფლიო ციფრულ ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული. სერვისებისა და პროდუქტების გაციფრულება აჩქარებს განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას, აახლოებს ადამიანებს ერთმანეთთან და რესურსების უკეთ გამოყენების საშუალებას იძლევა. ეს ეხება მათ შორის ტრადიციულ საბანკო სექტორსაც. ფინანსური მომსახურების ინდუსტრიაზე, ფინტექს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დიდი გავლენა აქვს. განსაკუთრებულია ეს გავლენა განვითარებადი ქვეყნების ბაზრებისთვის.

„აბრეშუმის გზის ფორუმი“ მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური ტექნოლოგიების მხარდამჭერი რეგულაციური პოლიტიკის წარმოსაჩენად, რომელსაც სულ უფრო მეტად დადებითი გავლენა ექნება „შუა კორიდორის“ ქვეყნებს შორის ფინტექზე დაფუძნებული რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით. წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების გასაზიარებლად ვფიქრობ აღნიშნული ფორუმ მნიშვნელოვანი პლატფორმაა", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს საქართველო წელს უკვე მეოთხედ მასპინძლობს. ეს არის ორდღიანი პლატფორმა, რომელიც აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვან შესაძლებლობად იქცა. საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში წელს საქართველოს 60 ქვეყნიდან 2000-ზე მეტი დელეგატი ესტუმრება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება