სოსო ფხაკაძე - დარწმუნებული ვარ, ბიზნესი კარგად გამოიყენებს „აბრეშუმის გზის ფორუმის“ პლატფორმას, ახალ კომუნიკაციებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ აქტიური მხარდამჭერი და სპონსორია. ასეთი ტიპის მასშტაბური ღონისძიება, საკომუნიკაციო პლატფორმა ყოველთვის ექცევა მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფებისა და კომპანიების ყურადღების ცენტრში, - ამის შესახებ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტმა, ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.

ფხაკაძის თქმით, წლევანდელი „აბრეშუმის გზის ფორუმი“ წინა ფორუმებისგან მასშტაბურობით გამოირჩევა. მისივე განმარტებით, ძალიან ბევრი ქვეყანაა წარმოდგენილი, ამ პროცესში ინტეგრირებულები არიან როგორც ქართული, ასევე უცხოური კომპანიები.

„საქართველოს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა აქვს და ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვანი ფუნქცია შევასრულოთ ტრანსკონტინენტური სავაჭრო ურთიერთობების განვითარების საქმეში, ამ ფუნქციას ჩვენი ქვეყანა ასრულებს, მაგრამ უფრო ეფექტურად შესასრულებლად საჭიროა გლობალური სურათის შეხედვით გავითავისოთ ჩვენი როლი, რა არის ჩვენი ფუნქცია ამ ნაწილში, ამ ტიპის პლატფორმა ამის საშუალებას იძლევა…

საბოლოო ჯამში ნებისმიერი პროექტი დასრულებამდე კერძო სექტორს მიჰყავს, ამ კუთხით სახელმწიფოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული პროექტების ნაწილში. ბოლო წლებში ძალიან ბევრი ახალი კომპანია შეიქმნა, ეს ყველაფერი ეკონომიკური ზრდის ტემპში, დასაქმების ზრდაში აისახა, ახლა ბევრად მეტი ადამიანია დასაქმებული ვიდრე წლების წინ“,- განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტის განმარტებით, ფორუმი ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას და ახალი ურთიერთობების დამყარებას.

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი ტიპის ურთიერთობები ახალ საშუალებებს იძლევა, ხსნის ახალ ფანჯარას როგორც ქვეყნისათვის, ასევე ბიზნესისთვის. ამის შემდეგ იწყება ახალი ურთიერთობები კომპანიებს შორის, რაც გადაითარგმნება ინვესტიციებში, ახალი ინვესტიციები კი ახალი სამუშაო ადგილები და ბიზნესის შემდგომი განვითარებაა. დარწმუნებული ვარ ბიზნესი კარგად გამოიყენებს ამ ახალ პლატფორმას, ახალ კომუნიკაციებს“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ პირველად 2015 წელს ჩატარდა, წელს ის მეოთხედ იმართება. წლევანდელ ფორუმში მონაწილეობს 60-მდე ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი, სხვადასხვა ქვეყნების სამთავრობო უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები, საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება