საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი პროექტი - „სტუ-ჩემი წარმატების ფორმულა“ დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური სერვისების ცენტრის ინიციატივითა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, ახალი პროექტი - „სტუ-ჩემი წარმატების ფორმულა“ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, პროექტის ფარგლებში პირველი ღონისძიება სტუ-ის სატრანსპორტო სისტემები და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე ჩატარდა.

პროექტი სტუ-ის თოთხმეტივე ფაკულტეტზე განხორციელდება და მისი არსი ცალკეული ფაკულტეტების წარმატებული კურსდამთავრებულების სტუდენტებთან შეხვედრაში მდგომარეობს.

პროექტის - „სტუ - ჩემი წარმატების ფორმულა“ პირველი სტუმარი, სატრანსპორტო სისტემები და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით გეწაძე, ამავე ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა.

სტუ-ის სტუდენტური სერვისების ცენტრის ხელმძღვანელის, ლევან ფიფიას განცხადებით, პროექტის განხორციელებამდე სტუდენტებს შორის გამოკითხვა ჩატარდა, სურდათ თუ არა წარმატებულ კურსდამთავრებულებთან შეხვედრა.

„ინტერესი იმდენად დიდი იყო, გადაწყდა, პროექტი განგვეხორციელებინა. ვფიქრობ, სტუდენტებისათვის, საინტერესო იქნება ამა თუ იმ წარმატებული ინჟინერის, იურისტის, ბიზნესის წარმომადგენლის თუ სხვა პროფესიის ადამიანებთან შეხვედრა, მათი წარმატების ფორმულის ისტორიების მოსმენა. ეს იქნება მოტივაცია ახალგაზრდებისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო რექტორს მხარდაჭერისთვის, თითოეული ფაკულტეტის დეკანს, სტუდენტებს და რა თქმა უნდა, ჩვენს პირველ სტუმარს, ბატონ დავითს“, - განაცხადა ლევან ფიფიამ.

როგორც საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით გეწაძემ განაცხადა, მისთვის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუმრობა და სტუდენტებთან შეხვედრა დიდი პატივია.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამის სამივე საფეხური - ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა, გავიარე. უნივერსიტეტთან მთელი 11 წელი მაკავშირებს. ეს იყო მომავლის იმედით დატვირთული წლები. აქ შევიძინე ბევრი მეგობარი, მივიღე მაღალკვალიფიციური განათლება. წარმატება პირდაპირ კავშირშია არჩეული სპეციალობის სიყვარულთან, რაც ამარტივებს როგორც სწავლას, ასევე სამუშაო პროცესში ჩართვას. დღეს შევხვდი სტუდენტებს, რომლებიც ხვალ-ზეგ საავტომობილო გზების დეპარტამენტში, ან სხვაგან უნივერსიტეტში მიღებულ განათლებას გამოიყენებენ. სასიხარულოა, რომ ახალგაზრდები არიან მოტივირებული. იციან, რომ კვალიფიციურ კადრზე მოთხოვნა დიდია და ყველაფერს ცდილობენ, რომ საჭირონი გახდნენ. მინდა, მათ და უნივერსიტეტს წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა დავით გეწაძემ.

შეხვედრის დასასრულს, სტუ-ის სატრანსპორტო სისტემები და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა მადლობა გადაუხადა სტუდენტური სერვისების ცენტრს ინიციატივისათვის, რექტორს მხარდაჭერისათვის.

„ძალიან საინტერესო პროექტი დაიწყო სტუდენტური სერვისების ცენტრმა, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მათ, ასევე მადლობა რექტორს მხარდაჭერისთვის. მსგავსი პროექტები ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში აპრობირებულია. სტუდენტები მათი უნივერსიტეტის წარმატებული კურსდამთავრებულების ისტორიებს ისმენენ, რაც მათთვის მოტივაციაა. ძალიან მიხარია, რომ პროექტის განხორციელება ჩვენი ფაკულტეტიდან დაიწყეს. პროექტს წარმატებებს ვუსურვებ“, - განაცხადა ბორის გითოლენდიამ.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით