ლევან დავითაშვილი - ველოდებით, რომ "აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში ბიზნესები მნიშვნელოვან და ხელსაყრელ გარიგებებს დადებენ, ამის წინაპირობები უკვე არის

„აბრეშუმის გზის ფორუმი" წარმატებით მიმდინარეობს - გარდა იმისა, რომ პრაქტიკულ შეთანხმებებს ეწერება ხელი სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, იმედი გვაქვს, რომ ფორუმის ფარგლებში ბიზნესებიც მნიშვნელოვან და ხელსაყრელ გარიგებებს დადებენ, ამის წინაპირობები უკვე არის, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მედიასთან კომენტარში განაცხადა, სადაც ფორუმის მთავარი სადისკუსიო პანელები შეაჯამა.

ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფორუმი ძალიან კარგი პლატფორმაა, სადაც პოლიტიკური ლიდერები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, ბიზნესების წარმომადგენლებს ხვდებიან.

„ასეთი პლატფორმა, როგორც წესი, სხვა ფორმატების დროს არ არის ხოლმე, როდესაც შეგვიძლია, აქტუალურ, მნიშვნელოვან საკითხებზე ვიმსჯელოთ, კონკრეტული პრობლემები დავსვათ და გადაწყვეტაზე შევთანხმდეთ", - განაცხადა მინისტრმა.

ფორუმის მთავარი თემა დაკავშირებადობის საკითხებს მოიცავს.

მინისტრის ინფორმაციით, საუბარი წარიმართა არამხოლოდ სატრანსპორტო, არამედ „შუა დერეფნის“ სხვა აქტუალურ საკითხებზე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიებაზე აქტიურად მონაწილეობენ „შუა დერეფნის“ ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნები - ყაზახეთი, უზბეკეთი, საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი, ასევე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი პირები.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მინისტრებთან ერთად, რომლებიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე არიან პასუხისმგებელნი, პანელს ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები - საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის და სახმელეთო-სატრანსპორტო ორგანიზაციის ხელმძღვანელები. ვისაუბრეთ განვითარების ტენდენციებზე, იმაზე, თუ როგორ შეიძლება „შუა დერეფანში“ არსებული გამოწვევები საერთაშორისო, მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით დაიძლიოს. იცით, რომ არსებობს მკაფიო საგზაო რუკა, რომელიც დინამიკაში ახლდება და ძირითადი პოლიტიკური ლიდერების მხრიდან მონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანია, რის შესაძლებლობასაც ფორუმი გვაძლევს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება