ჯეიმს ობრაიენი - ახლა კითხვაა, ხომ არ გადაწყვეტენ საქართველოში ბიზნესების მცირე ჯგუფი და პოლიტიკური გავლენის მქონე პირები, ქვეყანა იყოს რუხი ზონა - ჩვენი გამოწვევაა, მივუთითოთ ხალხს: ახლა არის გარდამტეხი წერტილი

ახლა კითხვა ისაა, ხომ არ გადაწყვეტენ საქართველოში ბიზნესების მცირე ჯგუფი და პოლიტიკური გავლენის მქონე პირები, რომ საქართველო იყოს რუხი ზონა, რუსეთსა და დასავლეთს შორის, - ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ობრაიენმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას, მიენიჭოს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი, რაც საქართველოს დაფინანსებასა და ტექნიკურ დახმარებაზე წვდომას გაუხსნის.

“საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რუსეთი ახლა ხმაურობს. ცდილობს, ეს ტერიტორია სამხედრო პროექციის ბაზად გამოიყენოს. ეს ის არის, რასაც ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. ქართველი ხალხის 85-90%-ს სურს იყოს კანონმორჩილი საზოგადოების ნაწილი, მათ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება. სურთ, ძალიან ახლოს იყვნენ შეერთებულ შტატებთან. საკითხავია, ბიზნესების მცირე ჯგუფი და სხვები, რომლებსაც აქვთ გარკვეული პოლიტიკური გავლენა, ამჯობინებენ თუ არა [საქართველოს] რუსეთსა და დასავლეთს შორის, რუხ ზონად ყოფნას. ასე რომ, ჩვენი გამოწვევაა, მივუთითოთ ხალხს ყოველ ჯერზე: ახლა არის გარდამტეხი წერტილი, როცა გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. ამიტომ, ჩვენ დავაწესეთ გარკვეული სანქციები და წამოვაყენეთ გარკვეული მოთხოვნები რეფორმებთან დაკავშირებით. ჩვენ სრულად ვმუშაობთ ჩვენს მეგობრებთან ევროკავშირიდან. ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას, მიენიჭოს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი, რაც საქართველოს გაუხსნის დაფინანსებასა და ტექნიკურ დახმარებაზე წვდომას. ჩვენ ვთქვით, რომ არის მთელი რიგი ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც საქართველომ უნდა გაატაროს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას ჩვენ არ ვიღებთ, მაგრამ ვიყენებთ ჩვენს შესაძლებლობებს იმისთვის, რომ ამ პროცესს მხარი დავუჭიროთ“, - განაცხადა ობრაიენმა, რომლის თარგმანსაც „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!