მამუკა გამყრელიძე - ნატო-ში აქტივობა ძალიან შემცირდა, დასავლეთისკენ ვართ, მაგრამ აღმოსავლეთისკენ ვიყურებით - ორ სკამზე თამაში არ გამოდის, ორივედან ჩამოვარდები

ნატო-ში აქტივობა ძალიან შემცირდა - საქართველოს მთავრობა მუდმივად ეუბნება მათ, რომ დღეს ამის დრო არ არის და ამის დრო როდის იქნება?, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

გამყრელიძის შეფასებით, საქართველომ მკაფიოდ უნდა აირჩიოს მიმართულება: დასავლეთისკენ არის თუ გაუგებარი, მულტიპოლარული დამოკიდებულება აქვს საერთაშორისო პოლიტიკასთან.

„როდესაც სიტუაცია მწვავდება, უნდა აირჩიო რაღაც მხარე. ორ სკამზე თამაში არ გამოდის, ორივედან ჩამოვარდები. ევროკავშირში დადიან, გარკვეული ინტენსივობით, თუმცა მეტი ინტენსივობა იქნებოდა უკეთესი. მთავარი ის არის, რომ ძალიან შემცირდა ნატო-ში აქტივობა. გულდაწყვეტილები არიან იმის გამო, რომ ურთიერთობები მინიმუმამდეა დაყვანილი. აქ უნდათ ჩამოსვლა და კონფერენციების ჩატარება. საქართველოს მთავრობა მუდმივად ეუბნება, რომ დღეს ამის დრო არ არის. და ამის დრო როდის იქნება?

დასავლეთისკენ ვართ, მაგრამ ამ დროს აღმოსავლეთისკენ ვიყურებით. მთავრობამ, ხალხმა და არასამთავრობოებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, რომ საქართველომ არ აიღოს კრედიტები ჩინეთისგან. აი, მაშინ დავიღუპებით. მონტენეგროს ქვეყნის მაგალითზე ნახონ, რა მდგომარეობაშია და ახლა როგორ უწევს მსოფლიო ბანკიდან სესხების აღება ჩინური კრედიტების ორმაგად დასაფარად“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძემ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელობა არ აქვს საქართველო 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიიღებს სტატუსს თუ მანამდე, რადგან ყველა შემთხვევაში სტატუსს მთავრობა კი არა სახელმწიფო იღებს.

„ჯერჯერობით დადასტურებით არაფერი უთქვამთ. მნიშვნელობა არ აქვს, კანდიდატის სტატუსს არჩევნების შემდეგ მოგვცემენ თუ მანამდე, მთავრობა ხომ არ იღებს? სტატუსს იღებს სახელმწიფო, რომელსაც წინსვლა სჭირდება. რატომ არ უნდა მივიღოთ არჩევნებამდე? კიდევ 1 წლით უნდა გადაგვიწიონ და ჩამოვრჩეთ? სისულელეა, ამ აზრს არ ვიზიარებ“,- აღნიშნა გამყრელიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო