აჭარის უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

აჭარის უმაღლეს საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. როგორც მათ განაცხადეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა მმართველი გუნდის წევრებს განუცხადა, რომ ნოტარიუსის ფუნქციას ნუ შეასრულებენ.

„თავიდან ებრძოდით თავისუფალ ჟურნალისტებს, გადააყენეთ აჭარის ტელევიზიის დირექტორი, შეეცადეთ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, ხალხის გადასახადებიდან ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებელი, მალე აჭარის ტელევიზია ბიურო გახდება. რა დამსახურება აქვს გიორგი კოხრეიძეს და თამილა დოლიძეს, როცა სხვა უკეთესი კანდიდატებია“, - აღნიშნა ელგუჯა ბაგრატიონმა.

„გასვლისას შუქი ჩავაქრეთ, რადგან უმაღლეს საბჭოში ჩამობნელდა. აჭარის ტელევიზია პროპაგანდის ნაწილი ხდება. ხელისუფლებამ გადაწყვიტა მედიის ყველა კარი დახუროს. წინასწარ ვთქვით, რომ ადამიანებმა წარმატებით შეასრულეს დავალება, მოახდინეს მენეჯმენტის შეცვლა და თავისუფალი ჟურნალისტების დევნა. მათ კარგი გამოცდილება აქვთ, როგორ დაუქვემდებარო საზოგადოებრივი მაუწყებელი “ქართული ოცნების” ოფისს”, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთმა წევრმა გია აბულაძემ.

აღნიშნულს გამოეხმაურა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე. „გულწრფელად გითხრათ, მინდოდა კომენტარის გაკეთება, მაგრამ არ ღირს”,- აღნიშნა დავით გაბაიძემ.

„ქართული ოცნების” კიდევ ერთმა წევრმა დავით ბაციკაძემ კი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართა, რომ ისინი სხდომაზე საერთოდ არ უნდა შესულიყვნენ.

„არც უნდა შემოსულიყავით. გადი გარეთ“, - განაცხადა დავით ბაციკაძემ.

აჭარის უმაღლესმა საბჭომ, საქართველოს პარლამენტში წარსადგენად 7 კანდიდატიდან ორს: თამილა დოლიძეს და გიორგი კოხრეიძეს დაუჭირა მხარი. აჭარის უმაღლეესი საბჭო სამი დღის ვადაში აღნიშნულ კანდიდატებს კენჭისყრისთვის საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება