ხატია დეკანოიძე პარლამენტის თავმჯდომარეს - მსგავსი სიტყვები, რაც ბერაიამ იკადრა, არსად მომისმენია - ეს არის სექსიზმი, მიზოგენია, ველი თქვენგან გამოხმაურებასაც, ბატონო შალვა

მსგავსი სიტყვები, რაც ირაკლი ბერაიამ იკადრა, არსად მომისმენია - ეს არის სექსიზმი, მიზოგენია, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან პარლამენტის თავმჯდომარეს მომხდარზე რეაგირებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტები არიან, არსებობს ზღვარი, რომელიც არავინ უნდა გადაკვეთოს.

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმას, რაც დღეს ჩვენმა კაცმა დეპუტატებმა ქალი დეპუტატების - ანა წითლიძისა და თეონა აქუბარდიას მიმართ იკადრეს. ეს იყვნენ ირაკლი ბერაია და ალუდა ღუდუშაური. მსგავსი სიტყვები, რაც ბერაიამ იკადრა, არ მომისმენია არსად. უმრავლესობიდან დეპუტატებს, განსაკუთრებით ქალებს, მინდა მივმართო - რაც პარლამენტში მოხდა, ამით საქართველოს მოქალაქეებს და მათ შორის ახალგაზრდა ქალებს ვეუბნებით, რომ თურმე ასე შეიძლება გავილანძღოთ და ჩვენზე იძალადონ ვერბალურად პარლამენტში, ეს არის კატასტროფა. ველი თქვენგან გამოხმაურებასაც, ბატონო შალვა. ის სიტყვები, რაც მოვისმინეთ, ვფიქრობ, არა მხოლოდ პარლამენტის დარბაზში, არამედ ზოგადადაც, მიუღებელი უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის. ოპონენტები ვართ, მაგრამ არსებობს ზღვარი, რომელიც არ უნდა გადაკვეთოს არა მხოლოდ კაცმა, არავინ. ეს არის სექსიზმი, მიზოგენია და ველი თქვენს გამოხმაურებას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ბერაია პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას „უსინდისო და სამარცხვინო მატყუარას“ უწოდებს და აცხადებს, რომ მისი განცხადება, თითქოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა „ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს მხარდამჭერ შესწორებას მხარი არ დაუჭირეს“, მიზანმიმართული დეზინფორმაციაა.

„ქალბატონი აქუბარდია არაერთხელაა ნამყოფი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე და როდესაც ჩემი არაერთი შენიშვნა ყოფილა ინიცირებული და შესწორება ანგარიშებში და როდესაც საქართველოს საკითხი გადიოდა, არც ერთხელ დარბაზში არ მჯდარა. „შოპინგზე“ იყო გაქცეული, ან მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით, „პახმელიაზე“ ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებოდა. მე და ჩემს კოლეგებს საკუთარი თავისთვის იმის უფლება არ მიგვიცია, რომ ბრალი დაგვედო მტრების დავალების შესრულებაში“,- განაცხადა ირაკლი ბერაიამ პლენარულ სხდომაზე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება