ირაკლი კობახიძე - კანდიდატის სტატუსი რადიკალურ ოპოზიციაში არავის უნდა, არც „ნაცმოძრაობას“, არც „ლელოს“, არც გახარიას და არც „გირჩს“, რადგან საკუთარი პროცენტების დაკარგვის ეშინიათ - ფიქრობენ, რომ რეიტინგი ქვემოთ ჩამოვა

კანდიდატის სტატუსი რადიკალურ ოპოზიციაში არავის უნდა, არც „ნაცმოძრაობას“, არც „ლელოს“, არც გახარიას, არც „გირჩს“ და ასე შემდეგ იმიტომ, რომ ყველას საკუთარი პროცენტების დაკარგვის ეშინია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, „ნაციონალური მოძრაობის“ არსებული პატარა რეიტინგი ისედაც დააკლდება და პატარა პარტიები, რომლებიც კობახიძის თქმით, ისედაც ქვემოთ არიან, კიდევ უფრო ქვემოთ ჩამოვლენ.

„რადიკალური ოპოზიცია შეწუხებულია იმით, რომ ქვეყანა ძალიან მაღალი ალბათობით, კანდიდატის სტატუსს იღებს. მათ ეშინიათ, რომ ის პროცენტებიც დააკლდებათ, რაც შემორჩენილი აქვთ. „ნაციონალური მოძრაობა“ 20%-ს ქვემოთ არის ჩამოსული და კანდიდატის სტატუსის მიღების პირობებში ფიქრობენ, რომ ეს 20%-ს ქვემოთ რეიტინგი გახდება 10%-ზე ქვემოთ. იგივე შიში აქვს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც დაკავშირებულია კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“, ეს არის „ლელო“, გახარია და ა.შ. მათ ეშინიათ, რომ დააკლდებათ ხმები, თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ამით არიან შეწუხებული და ამიტომ აწარმოებდნენ მთელი წელიწად ნახევრის განმავლობაში კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ კამპანიას. ჯერ იმედი ჰქონდათ, რომ რევოლუციას მოაწყობდნენ, ივნისში სცადეს და არ გამოუვიდათ. შემდეგ უკვე შიში ჰქონდათ, რომ თუ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭებოდა, მათ პროცენტები დააკლდებოდათ“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია შეგნებულად ატყუებდა საზოგადოებას, რადგან კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით რევოლუციის მოწყობა სურდა.

„მათი რიტორიკა იყო ის, რომ კანდიდატის სტატუსი იყო საოცრება. კანდიდატის სტატუსი ნიშნავდა მილიარდობით ევროს. კანდიდატის სტატუსი ნიშნავდა იმას, რომ ერთი ნაბიჯი და უკვე ვიყავით ევროკავშირის წევრი. ატყუებდნენ საზოგადოებას იმისთვის, რომ ჭარბი ემოციები გამოეწვიათ. გახსოვთ, შარშან, ივნისში მათ სწორედ ამ საკითხთან კავშირში სცადეს რევოლუციის მოწყობა, თუმცა, ჩაუვარდათ და ეს ყველაფერი არ გამოუვიდათ. ადრე თუ იყო საოცრება კანდიდატის სტატუსი, ახლა ამბობენ, რომ საერთოდ არაფერი ყოფილა. ჩვენ არც მაშინ ვატყუებდით საზოგადოებას და არც ახლა ვატყუებთ. რეალურად, კანდიდატის სტატუსი არის მნიშვნელოვანი გზავნილი, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მილიარდობით ევრო შემოვა ამის გამო საქართველოში და არც იმას ნიშნავს, რომ ხვალ და ზეგ გავხდებით ევროკავშირის წევრი. გახსოვთ ლატვიის მოქმედი პრეზიდენტის განცხადება უკრაინის შესახებ, რომ უკრაინა ალბათ, 2050 წელს გახდება ევროკავშირის წევრი. სტანდარტი არის ის, რომ 10 წელი მაინც სჭირდება ქვეყანას კანდიდატობიდან სტატუსამდე. ისინი ატყუებენ საზოგადოებას, თუმცა, ჩვენ არ ვატყუებთ. რასაც ამბობდნენ, იმის სრულიად საპირისპიროს აცხადებენ. ეს მათ არაკეთილსინდისიერებაზე მეტყველებს. ისინი საზოგადოებას შეგნებულად ატყუებდნენ იმის გამო, რომ კანდიდატის სტატუსთან კავშირში რევოლუციის მოწყობა უნდოდათ“, - განაცხადა კობახიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო