„ნაციონალური მოძრაობა“ კირბალში მომხდარ ფაქტზე -  ხელისუფლების მოღალატეობრივი, ოკუპაციასთან შემრიგებლური, კოლაბორაციონისტული პოლიტიკის შედეგია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებული მდგომარეობა არ გამოსწორდება მანამ, სანამ ხელისუფლების მხრიდან ოკუპანტთან და ოკუპაციასთან შემრიგებლური პოლიტიკა მიზანმიმართულად და შეგნებულად ხორციელდება.

„როგორც რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რუსმა ოკუპანტებმა, ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფელ კირბალის ორ მცხოვრებზე შეიარაღებული თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს. გვინდა, სამძიმარი გამოვუცხადოთ გარდაცვლილი თამაზ გინტურის ოჯახს.

ეს ყოველივე ხელისუფლების მოღალატეობრივი, ოკუპაციასთან შემრიგებლური, კოლაბორაციონისტული პოლიტიკის შედეგია, რომლის ერთ-ერთ მთავარ შედეგსაც ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მტერთან მარტო, დაუცველად დატოვება წარმოადგენს! ამასთანავე, ოკუპაციის ხაზის გადმოწევის არ შემჩნევის პოლიტიკამ, 2012 წლის შემდეგ, დამატებით 12 მილიონი კვ.მ-ის ოკუპაცია მოიტანა.

რეჟიმის სამარცხვინო, ანტიქართულმა ნაბიჯებმა, ჩვენი უამრავი თანამოქალაქის უფლებების შელახვა, მკვლელობა და გატაცება მოიტანა, რასაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არც დიპლომატიური, არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური კუთხით რეაგირება არ მოჰყოლია.

ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ხელისუფლებას, რომ ოკუპაციის ხაზის გასწვრივ, ვითარების დასტაბილურებისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია პოლიციის პირადი შემადგენლობისა და უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლების რაოდენობის მინიმუმ გაათმაგება, აგრეთვე, აუცილებელია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებსა თუ დაბებს, მიენიჭოთ განსაკუთრებული ეკონომიკური სტატუსი, ამასთანავე, სოციალური და ეკონომიკური კუთხით გაათმაგდეს დახმარება, რათა ჩვენმა თითოეულმა მოქალაქემ ქართული სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ყურადღება იგრძნოს.

“რუსული ოცნების” მიერ გატარებულ კოლაბორაციონისტულ, მოღალატეობრივ პოლიტიკას გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, ირაკლი კვარაცხელიას და უამრავი სხვა ჩვენი პატრიოტი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

საქართველო ოკუპანტ რუსეთთან მარტო და პირისპირ არ უნდა იყოს დარჩენილი, ამისთვის აუცილებელია, რომ საქართველოს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ჰქონდეს ბევრად უფრო მჭიდრო ურთიერთობა, რათა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დიპლომატიური, პოლიტიკური და ეკონომიკური მეთოდებით, მშვიდობიანად დაცვა, რასაც მოღალატეობრივი რეჟიმი შეგნებულად არ ახორციელებს.

მიგვაჩნია, რომ არსებული მდგომარეობა არ გამოსწორდება მანამ, სანამ ხელისუფლების მხრიდან ოკუპანტთან და ოკუპაციასთან შემრიგებლური პოლიტიკა მიზანმიმართულად და შეგნებულად ხორციელდება, სწორედ ამიტომ, ჩვენი ქვეყნის ამ ვითარებიდან გამოსაყვანად გადასადგმელი ერთადერთი და აუცილებელი ნაბიჯი არსებული რეჟიმის მშვიდობიანი გზით ხელისუფლებიდან ჩამოცილებაა.

ხელისუფლების მხრიდან მოვითხოვთ, გადაიდგას ოკუპაციის ხაზის გასწვრივ ვითარების დასტაბილიზირებისთვის აუცილებელი ნაბიჯები და ოკუპანტის მხრიდან განხორციელებულ აგრესიულ, პროვოკაციულ ნაბიჯებზე ეფექტიან რეაგირებას.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს და მთელ საქართველოს”, - ნათქვამია განცხადებაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო