აუცილებელია, ჩვენ უფრო მეტი, და უფრო ხმამაღლა ვისაუბროთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უაღრესად უარყოფით და საშიშ ტენდენციებზე, -ამის შესახებ საპარლამენტო ჯგუფ "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი, ქეთევან თურაზაშვილი აცხადებს, რითაც კირბალში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება.
ქეთევან თურაზაშვილის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია, საქართველოს პარტნიორების ხელშეწყობით, საქართველოს დეოკუპაციის პოლიტიკაზე აქტიური მუშაობა და მისი განხორციელება.
"საქართველოში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ხელშეწყობით, უშუალო მონაწილეობით, ჩართულობითა და პირდაპირი მოქმედებით, ჩვენ თვალწინ ყალიბდება უკიდურესად ანტიქართული, ფაშისტური რეჟიმები.
ჩვენს მოქალაქეებს ჩამორთმეული აქვთ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ქართველებს დევნიან, არ აძლევენ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებას, იტაცებენ, აწამებენ და კლავენ მხოლოდ იმის გამო რომ ისინი არიან ქართველები.
კირბალში მომხდარიც, ამ ტენდენციის დამადასტურებელი ერთ-ერთი შემთხვევაა.
რითაც არ უნდა დამთავრდეს ერგნეთთან შეხვედრა, რომელშიც სადამკვირვებლო მისიაც მონაწილეობს... რა დაპირებები და შეთანხმებებიც არ უნდა იყოს მიღწეული ამ შეხვედრაზე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მკაცრი რეაგირება მოახდინოს არამხოლოდ კონკრეტული შემთხვევების კვალდაკვალ.
აუცილებელია, ჩვენ უფრო მეტი, და უფრო ხმამაღლა ვისაუბროთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უაღრესად უარყოფით და საშიშ ტენდენციებზე.
მნიშვნელოვანია, არამხოლოდ კონკრეტულ დანაშაულში ბრალეულთა დასჯა, არამედ უმნიშვნელოვანესია, საქართველოს პარტნიორების ხელშეწყობით, საქართველოს დეოკუპაციის პოლიტიკაზე აქტიური მუშაობა და მისი განხორციელება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართველთა მცოცავი გენოციდი გაგრძელდება. საქართველოში რუსული ტერორიზმი და ფაშიზმი უნდა დასრულდეს და ეს უნდა მოხდეს მალე!", - აცხადებს ქეთევან თურაზაშვილი.