მსოფლიოს 20-მდე ქვეყნის მონაწილეობით, საქართველოში დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტი გაიხსნა

დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, 7-9 ნოემბერს, ბორჯომში ჩატარდება. ღონისძიებას მსოფლიოს 20-მდე ქვეყნიდან 100-ზე მეტი დელეგატი ესწრება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბორჯომის სამიტი პირველი პრეცედენტია საქართველოს დაცული ტერიტორიების ისტორიაში, სადაც, მსოფლიოს წამყვანი ეროვნული პარკებისა თუ საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, შესაძლებელი იქნება ეროვნული პარკების საერთაშორისოდ აღიარებული, წარმატებული მართვის პრაქტიკის გაცნობა, განხილვა და გამოცდილების გაზიარება.

„დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ გახსნა. ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხატია წილოსანი, გარემოსდაცვითი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ღონისძიების პროგრამა მოიცავს პანელურ დისკუსიებს, თემატურ სემინარებს და პრეზენტაციებს. საერთაშორისო სპიკერები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, რუმინეთიდან, მაკედონიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, ირანიდან, ჩრდილო მაკედონიიდან, ალბანეთიდან, ბულგარეთიდან, მონტენეგროდან, და კორეის რესპუბლიკიდან განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საერთაშორისო მოდელები, ეროვნულ პარკებში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიები და სისტემები, ეკოტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის გზები.

სამიტის ფარგლებში, ასევე გაიმართება სპეციალური სესიები - „World Café მეთოდი”, რომელიც მიზნად ისახავს საკვანძო საკითხებისა და გამოწვევების სიღრმისეულ შესწავლას ეროვნული პარკების განვითარების ჭრილში. განხილული იქნება ეროვნული პარკების დაცვის და კანონაღსრულების, მდგრადი ტურიზმის განვითარების, ფინანსური მდგრადობის, სისტემების და ტექნოლოგიების, ბიომრავალფეროვნების აღდგენის საკითხები.

ღონისძიება ორგანიზებულია ფონდის Global Conservation მხარდაჭერით. ღონისძიების თანადამფინანსებლები არიან კავკასიის ბუნების ფონდი, საქართველოს ბანკი, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ზუკოვის ფონდი, (Succow Stiftung), USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა და SABUKO.

სამიტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე www.borjomisummit.ge,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება