რომეო მიქაუტაძემ საერთაშორისო კონფერენციაში „კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში“ მონაწილეობა მიიღო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში „კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში“, რომელიც საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის (GNCOLD) ორგანიზებით გაიმართა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ კაშხლების უსაფრთხოების გრძელვადიანი უზრუნველყოფა ნებისმიერი ქვეყნისათვის, მათ შორის, საქართველოსათვის უდიდესი ამოცანაა.

მისი თქმით, თავისი მდიდარი ჰიდრორესურსების გამო, ქვეყანას აშენებული აქვს კაშხლები, მათ შორისაა, ენგურჰესი, რომელსაც 271,5 მ სიმაღლის თაღოვანი კაშხალი აქვს.

ამასთან, რომეო მიქაუტაძის თქმით, ამ ტიპის ნაგებობების მშენებლობა საქართველოში მომავალშიც იგეგმება და აქედან გამომდინარე კონფერენციის თემატიკა ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესია.

რომეო მიქაუტაძის თქმით, საქართველოში ნაგებობის უსაფრთხოებაზე კომპლექსური დაკვირვების საუკეთესო მაგალითი იყო ენგურის ჰესის მშენებლობა, ასევე მშენებლობისა და ექსპლუატაციის პერიოდში მუდმივი უწყვეტი მონიტორინგი თაღოვან კაშხალზე, დერივაციულ 15 კმ სიგრძის სადაწნეო გვირაბზე, არსებულ გეოლოგიურ რღვევაზე და ასე შემდეგ.

„სამყარო იცვლება, იზრდება გამოწვევები, ინერგება ახალი ტექნოლოგიები კაშხლების და ზოგადად ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობასა და ექსპლუატაციაში და ჩვენი სტრატეგია ამ მიმართულებითაც უნდა განვითარდეს, რათა არსებული რესურსები მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ,“ - აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ.

უწყების ცნობით, მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორებს ტრენინგისთვის, რომლის დროსაც კაშხლებისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების თანამშრომლები მიიღებენ მონაწილეობას და შეძლებენ, დარგში არსებულ ტექნოლოგიურ სიახლეებს გაეცნონ.

ინფორმაციის თანახმად, კონფერენცია გახსნა საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის (GNCOLD) თავმჯდომარემ დავით მირცხულავამ. ღონისძიებას დაესწრნენ ექსპერტები იტალიიდან, შვეიცარიიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან და სხვ. კონფერენციის მსვლელობისას ჩატარდება სამეცნიერო სესიები, სადაც წარსდგებიან სამეცნიერო თუ საინჟინრო სფეროს წარმომადგენლები და ისაუბრებენ რეგიონში და ასევე მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება