გიორგი რუხაძე - ევროკომისიის გადაწყვეტილება უკრაინის დამსახურებაა და „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელმა ზელენსკის დაურეკა და მადლობა გადაუხადა? - ეს არის ინდიკატორი, რომ „ოცნება“ არასწორ მხარეს დგას

„სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებლის, გიორგი რუხაძის შეფასებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე რეკომენდაციის გაცემა საქართველოს მოსახლეობის, თუმცა პირველ რიგში, უკრაინის დამსახურებაა.

როგორც მან პალიტრანიუსისგადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, საქართველოს „რუსული კანონი რომ მიეღოთ, ეს შედეგი ვერ დადგებოდა“.

„აქედან მართლა დაიწყო უკვე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, აქამდე შესავალი იყო. ცნობილი კითხვა, ვისი დამსახურებაა? მგონი, ამაზე ევროკავშირის ჩანაწერი ნათლად მიგვანიშნებს- „რეკომენდაციას ვაძლევთ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ ხელისუფლება განახორციელებს მნიშვნელოვან რეფორმებს და აირეკლავს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ევროპულ მისწრაფებებს. შესაბამისად, მგონი, გასაგებია ვისი დამსახურებაა.

ასევე, პირველ რიგში, ეს არის უკრაინის დამსახურება. საქართველოს ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელმა აიღო ტელეფონი და დაურეკა პრეზიდენტ ზელენსკის ან უკრაინის პრემიერ-მინისტრს და მადლობა გადაუხადა? ეს არის იმ ახალგაზრდების დამსახურება, რომლებმაც თავგანწირვის შედეგად საქართველოს ხელისუფლებას არ მისცეს საშუალება, მიეღოთ რუსული კანონი. რუსული კანონი რომ მიეღოთ, ეს შედეგი ვერ დადგებოდა.ეს არის იმის დამსახურება, რომ ნიკა გვარამია დღეს ციხეში არ არის და არის გარეთ. ეს შესაძლებელი გახადა საქართველოს პრეზიდენტმა. ეს, ასევე, არის არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციის დამსახურებაც. ვისი დამსახურებაც უნდა იყოს, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაზე ცოტა გააკეთა ამ შედეგის დასადებად“,-განაცხადა რუხაძემ.

ამასთან, მისი შეფასებით, საქართველოს მთავრობასა და უკრაინას შორის ნულოვანი კომუნიკაცია არის ძალიან კარგი ინდიკატორი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება არასწორ მხარეს დგას და ეს კარგად აისახა იმ 9 დათქმაში, სადაც წერია, რომ საქართველო უნდა დაეხმაროს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში.

„საქართველომ უნდა შეწყვიტოს პრორუსული პოლიტიკა, რუსეთის მხარეს დგომა და ევროკავშირის მხარეს უნდა დადგეს. შესაბამისად, უნდა მიუერთდეს არაერთ აქტს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და დაეხმაროს უკრაინას რუსეთის დამარცხებაში,ეს წერია მეცხრე პუნქტში. მეორე არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს დეზინფორმაციის გავრცელება ევროკავშირთან მიმართებით -„ევროპა ომში გვითრევს“, „გლობალური ომის პარტია“, „ქვეყნის შიდა და გარე მტრები“, რომ „ევროპა გარყვნილების ბუდეა“, ეს ყველაფერი უნდა შეწყდეს“, - განაცხადა რუხაძემ.

ის ფიქრობს, რომ ხელისუფლება დაწესებულ დათქმებს არ შეასრულებს და იქნება მცდელობები, რომ პრობლემები შეიქმნას.

გიორგი რუხაძის აზრით, საზოგადოება და მედია ფხიზლად უნდა იყოს, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ნებისმიერ დროს შეიძლება ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება