ალეკო ელისაშვილი ირაკლი ბერაიას - ყოველ სხდომაზე შეგახსენებ, სირცხვილია ყოველი დღე, რომელსაც თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ატარებ

პირდაპირ გეუბნები, სირცხვილია ირაკლი, ისევ რომ ხარ თავმჯდომარე. უღირსი საქციელი როცა ჩაიდინე, მაშინ უნდა გეფიქრა, ვინ გექაჩებოდა ენაზე იმ საზიზღრობებს რომ აყრანტალებდი?! - ყოველ სხდომაზე ამას შეგახსენებ, - ასე მიმართა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი ბერაიას, რომელმაც პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.

მან ბერაიას კომიტეტის თავმჯდომარის საპარლამენტო თანამდებობის დატოვებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ამ ოთახში განსაკუთრებით მიყვარდა - ხოლმე მუშაობა, იმიტომ, რომ ოფიცრების ფოტოები ჰკიდია. ღირსეული ხალხის, ვინც ამ ქვეყანას ემსახურებოდა: კვინიტაძე, მაზნიაშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი... სირცხვილია ირაკლი, პირდაპირ გეუბნები, სირცხვილია, ისევ რომ ხარ თავმჯდომარე. იმისთვის, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ჯანსაღი ვითარება დაბრუნდეს, ღირსება უნდა დაბრუნდეს! უღირსი საქციელი როცა ჩაიდინე, მაშინ უნდა გეფიქრა, ვინ გექაჩებოდა ენაზე, იმ საზიზღრობებს რომ აყრანტალებდი?! შესაბამისად, ვერ გაგრძელდება აქ ჯანსაღად და ჯანმრთელად სიტუაცია, სანამ ამ თანამდებობას იქნები ჩაბღაუჭებული, როგორც ახლა იქცევი. ყოველ სხდომაზე ამას შეგახსენებ, რომ სირცხვილია ყოველი დღე, რომელსაც ატარებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე. აქ ღირსება უნდა იყოს. შეურაცხყოფას არ ვაყენებ არცერთ კომიტეტს, ყველა კომიტეტი მნიშვნელოვანია, მაგრამ აქ, ამ კომიტეტში, პირველ რიგში, უნდა იგრძნობოდეს და უნდა იყოს ღირსება. ახლა ეს არ იგრძნობა, დაკარგულია, შენი უღირსი საქციელის გამო, ირაკლი ბერაია!“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილის გამოსვლას, კომიტეტის სხდომაზევე უპასუხა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაიამ. მისივე თქმით, მან საკუთარი განცხადებების გამო სინანული უკვე გამოხატა და ის გადადგომას არ აპირებს.

„მე ამ თემაზე ერთხელ უკვე ვისაუბრე. დღესაც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ, რა თქმა უნდა, ის სამწუხარო გამონათქვამი, რაც ჩემ მიერ იქნა გაჟღერებული პლენარულ სხდომაზე, ვფიქრობ, რომ არ უნდა თქმულიყო, ეს იყო მიუღებელი და ამასთან დაკავშირებით მე განვაცხადე. შესაბამისად, ამ თემაზე მეტი დეტალის თქმას არ ვაპირებ, ყველაფერი არის ნათქვამი. ასევე, ყველას გასაგონად იმასაც ვიტყვი, რომ გადადგომას არ ვაპირებ, ეს ყველამ მინდა კარგად გაიგოს, ერთხელ და სამუდამოდ! მანამ, ვიდრე მეც და ჩემი გუნდიც მივიჩნევთ, რომ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტში ჩვენ ერთად ვაკეთებთ საქვეყნო საქმეს, ჩემი პოზიცია არის ასეთი, ამასთან დაკავშირებით სპეკულაციები უნდა დასრულდეს. მე თქვენ და თქვენს ზოგიერთ კოლეგას ნამდვილად არ მოგთხოვთ „ბოდიშის“ მოხდას, იმიტომ, რომ მივიჩნევ, თქვენი აზროვნება და თქვენი შეგნება ამას ვერ შესწვდება. ასე რომ, ამ საკითხზე დავასრულოთ საუბარი!“- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. აღნიშნულის შემდეგ, ირაკლი ბერაიამ ბოდიში მოიხადა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება