კახა კალაძე ლავროვის განცხადებაზე - „მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია“ - დღეს ყველაზე დიდი მტერი საქართველოს ჰყავს რადიკალური ოპოზიციის სახით, რა რუსეთზეა საუბარი?

საქართველოს არჩევანი ევროპული მომავალია, რისთვისაც ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მიერ ევროკავშირთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

მისივე შეფასებით, საქართველოსთვის ყველაზე დამაზიანებელი ქვეყნის შიგნით არსებული მტრობაა.

„ცხადია, ყველა ქვეყანას თავისი პოლიტიკური ინტერესი აქვს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა და დამოკიდებულება. ჩვენი არჩევანი ევროპული მომავალია და ამ რთულ გზაზე, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ცხადია, არსებობს გამოწვევები, სირთულეები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, თუმცა ყველაზე დამაზიანებელი და მძიმე მაინც, ქვეყნის შიგნით არსებული მტრობა მგონია. რომელ რუსეთის მტრობაზეა საუბარი, როდესაც შენი ქვეყნის პოლიტიკოსები ბრიუსელში გარბოდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ქვეყანას სტატუსი არ მიეღო? ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეფერხებულიყო; ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება არ გაფორმებულიყო. დღეს ყველაზე დიდი მტერი საქართველოს ჰყავს რადიკალური ოპოზიციის სახით. რა რუსეთზეა საუბარი?“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, ლავროვის განცხადება ევროკავშირის მისამართით გაკეთებული მუქარაა თუ საქართველოს, თბილისის მერი აცხადებს, რომ საქართველო ყოველთვის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.

„მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია“. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესი, ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს და ეს დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება. პირველი, რასაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება გაითვალისწინებს და გაატარებს, ეს ქვეყნის ეროვნული ინტერესია. რაც არ უნდა მოწოდებები და ზეწოლა იყოს, არ გადაიდგმება ისეთი ნაბიჯები, რომლებიც დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

შეგახსენებთ, სერგეი ლავროვმა ასეთი განცხადება გააკეთა: “ევროკავშირი არ მალავს განზრახვას, გაგვაძევოს ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან, ეს არ გამოვა“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება