ნიკოლოზ ვაშაკიძე - საქართველოს ხელისუფლების რუსეთის „არგაღიზიანების“ პოლიტიკა გამოცდის წინაშე დადგა

საქართველოს ხელისუფლების რუსეთის „არგაღიზიანების“ პოლიტიკა ბოლო დროს სერიოზული გამოცდის წინაშე დადგა. ამაზე მეტყველებს მრავალი ფაქტი, მათ შორის საოკუპაციო ხაზზე საქართველოს მოქალაქის ვერაგული მკვლელობა და სერგეი ლავროვის განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთი ამიერკავკასიიდან არსად წასვლას არ აპირებს - ცხადია, ეს ყველაფერი საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს უკავშირდება, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, რუსეთი გააძლიერებს პროვოკაციებს და დივერსიულ მოქმედებებს საქართველოს წინააღმდეგ, ამ პირობებში საქართველო მაქსიმალურად აქტიური უნდა იყოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საერთაშორისო არენაზე.

„როგორც ირკვევა, რომ აღიზიანებ თუ არა, რუსეთი მაინც ღიზიანდება. ღიზიანდება თავად საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, არსებობის ფაქტით. „ქართული ოცნების“ პოლიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არ უნდა გახდეს საჯილდაო ქვა დასავლეთსა და რუსეთს შორის, დროში ავლენს საკუთარ თავს, როგორც მცდარი მიდგომა. ის მოსაზრება, რომ საქართველო უნდა იყოს მაქსიმალურად ჩუმი, პასიური და შეუმჩნეველი საერთაშორისო არენაზე, კრიტიკას ვეღარ უძლებს. სამხრეთ კავკასია და, შესაბამისად, საქართველო, გვინდა თუ არა, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, იყო და იქნება მსოფლიოს და რეგიონის ძალთა ცენტრების მაღალი ინტერესის საგანი და ამ ვითარებაში, ჩვენი პასიურობა მხოლოდ მას უწყობს ხელს, ვინც ჩვენს ჩაყლაპვას ცდილობს. ჩირგვში ჯდომა არ ამართლებს, რადგან ამ ჩირგვიდან ყურები მაინც გვიჩანს და თუ არ ვიმოძრავეთ, ამ ჩირგვში მოგვადგებიან და გადაგვსანსლავენ.

როგორც ჩანს, რუსეთი გააძლიერებს პროვოკაციებს და დივერსიულ მოქმედებებს საქართველოს წინააღმდეგ. ამ პირობებში საქართველო მაქსიმალურად აქტიური უნდა იყოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საერთაშორისო არენაზე. აუცილებელია ქვეყნის შიგნით უსაფრთხოების სტრუქტურების და ზომების გაძლიერება. ქვეყნის გარეთ კი აქტიური კონსულტაციები და უსაფრთხოების ზომების ძიება შესაბამის მნიშვნელოვან მოთამაშეებთან, როგორებიც არიან აშშ, ევროკავშირი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ირანი და ჩინეთი. რაც შეეხება თავად რუსეთს, არავინ ამბობს, რომ მისი ინტერესების იგნორირება და მასთან ურთიერთობების არდალაგება სწორი გზაა. ოღონდ, უნდა ვიცოდეთ, რომ თუ საქართველო სხვა, ზემოთ ნახსენები მიმართულებებით არ იაქტიურებს, რუსეთთან ურთიერთობების დალაგების კუთხით არაფერი გამოვა“, - აცხადებს ნიკოლოზ ვაშაკიძე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება