ლევან ლორთქიფანიძე - ვითარება მძიმეა, რუსეთი ნებისმიერ შემთხვევაში ხელს შეგვიშლის, მაგრამ მთავარია საქართველოს ევროპისკენ მოძრაობის პროცესი დაიძრას

მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაცია გასცა, საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ინტერპრესნიუსი“ კავკასიური სახლის თავმჯდომარეს, პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძეს ესაუბრა.

- ბატონო ლევან, მას შემდეგ, რაც 8 ნოემბერს ევროკავშირმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაცია გასცა, რითაც ევროკავშირმა დაადასტურა ევროკავშირის ნება, რომ საქართველოს რეალურად აქვს ევროპული პერსპექტივა, ქვეყანა, რეალურად აღმოჩნდა ახალ რეალობაში.

ახლა, როცა უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მოლაპარაკებების დასაწყებად ემზადება, საქართველოს ამ მიმართულებით გარკვეული გზა აქვს გასავლელი.

თქვენ როგორ შეაფასებდით ქართული პოლიტიკური კლასის, ერთი მხრივ, ხელისუფლების, ხოლო მეორე მხრივ, ოპოზიციური სპექტრის რეაქციას მომხდარზე?

- ტრადიციულად საქართველოს ხელისუფლება თვითტკბობისა და ქედმაღლობის გზას დაადგა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება მხოლოდ მათი შრომის დამსახურებაა. მთავრობის გზავნილი ამგვარია - რუსეთთანაც აღვადგინეთ უვიზო რეჟიმი და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა, ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობასაც გამოვკარით ხელი, „ოჯახის სიწმინდის“ ერთგულებიც ვართ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის წოდებაც დავიმსახურეთო.

ირაკლი ღარიბაშვილს ახალ ურჰო კეკონენად აცხადებენ, ფინეთის პრეზიდენტად, რომელმაც „ცივი ომის“ პერიოდში საბჭოთა მხარესთანაც დაამყარა კავშირი, კაპიტალისტურ ბანაკთანაც, პარალელურად კი ნოყიერი ნიადაგი შექმნა სკანდინავიური სახელმწიფოს ევროპულ თანამეგობრობაში გაერთიანებისთვის.

კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, რადგან რეგიონში ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარებაა შექმნილი და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ხელახალი ჩამოყალიბება მიმდინარეობს. რუსეთ-უკრაინის ომი რომ არ მიმდინარეობდეს, ალბათ, კანდიდატის სტატუსის მიღება 2030 წლამდე გაჭიანურდებოდა

ცხადია, ხელისუფლების მომხრეთა შეფასებები ცალმხრივი და გადაჭარბებულია. ბუნებრივია, ვერ უარვყოფთ ქართული დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო აპარატის რიგი თანამშრომლების თავდაუზოგავ შრომას ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის.

ვერ გავაუფასურებთ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ზოგიერთი გადაწყვეტილების მნიშვნელობას 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს - კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, რადგან რეგიონში ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარებაა შექმნილი და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ხელახალი ჩამოყალიბება მიმდინარეობს. რუსეთ-უკრაინის ომი რომ არ მიმდინარეობდეს, ალბათ, კანდიდატის სტატუსის მიღება 2030 წლამდე გაჭიანურდებოდა.

- ხელისუფლების რეაქცია გასაგებია. რაც შეეხება ჩემი პირველი კითხვის მეორე ნაწილს რას იტყოდით? როგორ შეაფასებდით მომხდარზე ოპოზიციური სპექტრის რეაქციას?

- ოპოზიციაც არ ღალატობს თავის გზას. გამაოგნებლად არათანმიმდევრული გახლდათ ოპოზიციურ ძალთა დამოკიდებულება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. თავდაპირველად ისინი აცხადებდნენ, რომ საქართველოს სტატუსის მოპოვების შანსი არ ჰქონდა. ოპოზიციონერთა ნაწილი უკანასკნელ მომენტამდე არ ზოგავდა ძალასა და ენერგიას, რათა ევროკავშირს საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილება მიეღო.

ოპოზიციის მიერ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გატარებული პოლიტიკა არასდროს ყოფილა მკაფიო და ერთგვაროვანი, რაც ხელისუფლებას აძლევს შანსს, რომ მიღწევა მხოლოდ პირად ძალისხმევად გაასაღოს

შემდეგ ანტისახელისუფლებო პარტიები ამტკიცებდნენ, რომ კანდიდატის სტატუსი არაფერს ნიშნავს და მისი მიღებით საქართველოსთვის არაფერი შეიცვლებოდა. ბოლო მომენტში კი ევროკავშირის გადაწყვეტილება იზეიმეს და წინ გადადგმული ნაბიჯი ფარსმან ქველიდან დაწყებული, მიხეილ სააკაშვილით დამთავრებული თითქმის ყველა ქართველი მმართველის პირად მიღწევად მონათლეს.

მოკლედ, ოპოზიციის მიერ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გატარებული პოლიტიკა არასდროს ყოფილა მკაფიო და ერთგვაროვანი, რაც ხელისუფლებას აძლევს შანსს, რომ მიღწევა მხოლოდ პირად ძალისხმევად გაასაღოს.

- ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა გარკვეულ წილად აცდენილია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას. დამკვირვებელთა ნაწილი თანხმდება, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა სინქრონული უნდა იყოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან, ამ თემაზე მინიშნებები გარკვეულ წილად შემაშფოთებელიცაა და დამაფიქრებელიც.

გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ საჭიროა საქართველო უფრო მკაფიო და ეფექტური იყოს ევროკავშირში მიმდინარე პროცესებთან, ასევე უკრაინა-რუსეთს ომის შესახებ რუსეთიდან მომდინარე დეზინფორმაციას დაკავშირებით.

8 ოქტომბრის შემდეგ საკმაო დრო გავიდა, მაგრამ, ამ თემაზე სახელისუფლებო გუნდიდან მკაფიო პასუხები, ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ მოგვისმენია.

გაქვთ იმის განცდა, რომ ხელისუფლება უახლოეს მომავალში გაითვალისწინებს ამ ორ თემაზე ანგარიშში მოხვედრილ შენიშვნებს?

- პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოვლენების შეფასებისას ძალიან უყვარს მაგალითების მოხმობა საუნივერსიტეტო ცხოვრებიდან. „ქართული ოცნება“ მაგონებს იმ სტუდენტს, რომელმაც სხვების დახმარებითა და ლექტორის გულისხმიერების წყალობით ძლივს ჩააბარა შუალედური გამოცდა, ამიტომ ბედნიერია და ფინალური გამოცდის წინა საღამოს მოახლოებამდე აღარ აპირებს წიგნის ხელში აღებას. როგორც წესი, ასეთ სტუდენტებს გამოცდების ჩაბარება უჭირთ ხოლმე.

მოკლედ, თვითკმაყოფილებას მიცემული „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ აქამდე ყველაფერს სწორად აკეთებდა, აქამდე გატარებულმა პოლიტიკამ შედეგი მოიტანა. შესაბამისად, მათი აზრით, განსაკუთრებული ცვლილებების განხორციელება საჭირო არ არის. თან ფინალურ გამოცდამდე ჯერ კიდევ შორია.

„ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ აქამდე ყველაფერს სწორად აკეთებდა, აქამდე გატარებულმა პოლიტიკამ შედეგი მოიტანა. შესაბამისად, მათი აზრით, განსაკუთრებული ცვლილებების განხორციელება საჭირო არ არის. თან ფინალურ გამოცდამდე ჯერ კიდევ შორია

რაც შეეხება, თქვენ მიერ გამოკვეთილ კონკრეტულ საკითხებს. რატომღაც საქართველოში ჰგონიათ, რომ ევროკავშირი ჩვენგან ზუსტად ისეთივე საგარეო პოლიტიკის გატარებას ითხოვს, როგორიც, ვთქვათ, ნიდერლანდების სამეფოს აქვს.

საქართველო არც ნატოს წევრია და არც ევროკავშირის, ავტორიტარული რეჟიმების ალყაში ცხოვრობს, ეკონომიკური სიდუხჭირიდან გამომდინარე აუცილებლად სჭირდება კავშირები ცენტრალურ აზიასთან და შორეულ აღმოსავლეთთან. შესაბამისად, ცხადია, რომ ასეთი დაუცველი და განაპირას მყოფი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საერთაშორისო სტრატეგიებისგან განსხვავებული იქნება. ევროკომისია ჩვენგან მხოლოდ ინტენსიურ კომუნიკაციას, ცნობების მუდმივ გაცვლასა და კოორდინაციას ითხოვს, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილებების ახსნა და დასაბუთება შეგვეძლოს. ბუნებრივია, თავადაც გვაქვს უფლება ევროკომისიისგან მათი ხედვების შესახებ მეტი არგუმენტები გამოვითხოვოთ.

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ხშირად საკუთარ მოსახლეობასაც კი ვერ უხსნის თავისი საგარეო პოლიტიკური მანევრების მიზანს. რა გასაკვირია, რომ სახელისუფლებო გუნდი ვერ ახერხებს ზოგიერთი ნაბიჯის დასაბუთებას დასავლელი პარტნიორებისთვის და ამიტომ იზოლაციისა თუ გაბუტვის გზას ირჩევს. საუბედუროდ, არ მაქვს მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში „ქართული ოცნება“ იზოლაციის პოლიტიკას შეცვლის.

სახელისუფლებო გუნდი ვერ ახერხებს ზოგიერთი ნაბიჯის დასაბუთებას დასავლელი პარტნიორებისთვის და ამიტომ იზოლაციისა თუ გაბუტვის გზას ირჩევს. საუბედუროდ, არ მაქვს მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში „ქართული ოცნება“ იზოლაციის პოლიტიკას შეცვლის

უფრო საიმედოა მდგომარეობა რუსეთიდან მომდინარე დეზინფორმაციის შეზღუდვასთან დაკავშირებით. საქართველოში YouTube-ზეც კი დაბლოკილია რუსული საინფორმაციო არხები, ახალგაზრდების უმრავლესობა ცნობებს ინგლისურენოვანი წყაროებიდან იღებს, სოციალური მედია არ ტოვებს შანსს ერთფეროვანი ცნობების მიღებისთვის.

აქედან გამომდინარე, ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა გვერდი აუარონ პროპაგანდისტულ მითებს. ცხადია, ჯანსაღი საინფორმაციო ველის შესაქმნელად ეს საკმარისი არ არის, მაგრამ რუსულ პროპაგანდას საქართველოში ძლიერი მოწინააღმდეგეები ჰყავს.

ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა გვერდი აუარონ პროპაგანდისტულ მითებს. ცხადია, ჯანსაღი საინფორმაციო ველის შესაქმნელად ეს საკმარისი არ არის, მაგრამ რუსულ პროპაგანდას საქართველოში ძლიერი მოწინააღმდეგეები ჰყავს

- ევროპული გამოცდილება ადასტურებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული და შეიძლება პროცესი ათეული წლები გაგრძელდეს.

თუმცა, ისიც ფაქტია, რომ მმართველ ძალას აქვს საშუალება პოლიტიკური ნების შემთხვევაში უმოკლეს ვადებში შეძლოს დათქმების უმეტესობის შესასრულებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

ახლა მთავარია, რეალურად რა ნაბიჯების გადადგმაა შესაძლებელი თუნდაც 15 დეკემბრამდე, როცა, ოფიციალურად მოგვანიჭებენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

რადგან ახლა მთავარია მოქმედების რა გზას აირჩევს სახელისუფლებო გუნდი კითხვას ასე დავსვამდი - მოქმედების რა გზას აირჩევს ხელისუფლება იმისათვის, რომ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა დაინახონ, რომ საქართველო კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს ევროკავშირთან დასაახლოებლად?

- ხუმრობით შემიძლია გიპასუხოთ - 15 დეკემბრამდე სჯობს, რომ არავინ არაფერი გააკეთოს. ევროკომისიის რეკომენდაცია მიღებული გვაქვს და თუ რაიმე ექსტრაორდინარული არ მოხდა, გარანტირებული გვაქვს ევროპული საბჭოს დადებითი შეფასებაც. მთავარი, რა მოხდება 15 დეკემბრის შემდეგ.

უკანასკნელ პერიოდში სხვადასხვა ქვეყნებს ევროინტეგრაციის მიმართულებით სხვადასხვა გამოცდილება დაუგროვდათ. ჩვენ ამ გამოცდილებებს შორის არჩევანის გაკეთება მოგვიწევს.

მაგალითად, ერთ მხარეს დგას ხორვატია - ქვეყანა, რომელსაც ომიც გამოუვლია, დიქტატურაშიც უცხოვრია, ულტრანაციონალისტური და კონსერვატიული სენტიმენტებითაც უმართავს პოლიტიკური სისტემა, მაგრამ ამ ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები კანდიდატის სტატუსის მიღებისთანავე ინტენსიურად შეუდგნენ მუშაობას.

ხორვატიამ გონივრულ, არც თუ ისე ხანგრძლივ ვადაში მოახერხა: პოლიტიკური პარტიებისთვის სამართლიანი „თამაშის წესების“ შემუშავება, ევროპული სოციალური სახელმწიფოს მოდელის ელემენტები დანერგვა განათლებისა და ჯანდაცვის სისტემაში, ხელი შეუწყო გარემოს დაცვის, შრომის კანონმდებლობის დასავლურ ანალოგებთან ჰარმონიზაციას და ა.შ.

აქედან გამომდინარე, პატარა ბალკანურმა სახელმწიფომ ხორვატიამ, ადეკვატურ პერიოდში შეძლო ევროკავშირში გაწევრიანება. სამართლიანობისთვის უნდა აღნიშნოს, რომ მას ევროპულ ოჯახში ინტეგრირებულმა მეზობლებმაც გაუმართეს ხელი.

პატარა ბალკანურმა სახელმწიფომ ხორვატიამ, ადეკვატურ პერიოდში შეძლო ევროკავშირში გაწევრიანება. სამართლიანობისთვის უნდა აღნიშნოს, რომ მას ევროპულ ოჯახში ინტეგრირებულმა მეზობლებმაც გაუმართეს ხელი

ხორვატიის გარდა არსებობს, ვთქვათ, თურქეთის მაგალითი. ფაქტობრივად, რესპუბლიკას პოსტმოდერნული სულთანი მართავს, იზღუდება ოპოზიციური ძალები და მედია, სახელმწიფო რეპრესიულ პოლიტიკას ატარებს განსხვავებულად მოაზროვნეთა მიმართ, ხელისუფლება ფეხქვეშ თელავს ევროპული თანამეგობრობის ფუნდამენტურ პრინციპებს, ამიტომ ოფიციალურ ანკარას ორმოცი წელია მიღებული აქვს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ წინ ვერ მიიწევს.

რომელი ქვეყანა იქნება საქართველოსთვის მაგალითი - ხორვატია თუ თურქეთი? ამ კითხვაზე პასუხის მიხედვით შეიძლება კანდიდატის სტატუსი დიდ მიღწევად დარჩეს ქართული საზოგადოებისთვის ან უფუნქციო სათამაშოდ გადაიქცეს იმედგაცრუებული მასების ხელში.

რომელი ქვეყანა იქნება საქართველოსთვის მაგალითი - ხორვატია თუ თურქეთი? ამ კითხვაზე პასუხის მიხედვით შეიძლება კანდიდატის სტატუსი დიდ მიღწევად დარჩეს ქართული საზოგადოებისთვის ან უფუნქციო სათამაშოდ გადაიქცეს იმედგაცრუებული მასების ხელში.

- ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით ოპოზიციური სპექტრის შეფასებები პრაქტიკულად რადიკალურად განსხვავდება ხელისუფლების შეფასებებისაგან.

ვიცით, რომ ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად პარლამენტში „ლელოს“ წარმომადგენლობას პარლამენტში დარეგისტრირებული აქვს 6 ინიციატივა. როგორც „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა თქვა, რეკომენდაციებზე მუშაობისას მმართველმა გუნდმა არ მოინდომა მათზე ოპოზიციასთან ერთად მუშაობა.

რადგან ახლა ახალ რეალობაში ვართ აშკარად და რეალური ნაბიჯების გადადგმის დროა, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით პარლამენტის ოპოზიციური სპექტრი, თუნდაც იგივე „ლელო“ უფრო კონკრეტული და ეფექტური შეიძლება იყოს?

- თავის დროზე თავად „ლელომ“ ჰკრა წიხლი მოლაპარაკებისა და დეპოლარიზების მცდელობებს, რომლებიც ხელისუფლებას ჰქონდა და დროებით „ნაცმოძრაობის“ სატელიტად ყოფნაც კი მოასწრო.

„ლელო“ წარმოადგენს პარტიას, რომელმაც თავისი არსებობის თითქმის ხუთი წლის განმავლობაში დამოუკიდებელი, პრინციპული ძალის შთაბეჭდილება ვერ დატოვა. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ არეულ-დარეული, სუსტი პარტიის რამდენიმე ინიციატივა, რომელიც უკან მიდევნებულ ლამპარს ჰგავს, რამედ ჩააგდოს თვითტკბობისა და თვითკმაყოფილების გზაზე შემდგარმა „ქართულმა ოცნებამ“.

რომელი ქვეყანა იქნება საქართველოსთვის მაგალითი - ხორვატია თუ თურქეთი? ამ კითხვაზე პასუხის მიხედვით შეიძლება კანდიდატის სტატუსი დიდ მიღწევად დარჩეს ქართული საზოგადოებისთვის ან უფუნქციო სათამაშოდ გადაიქცეს იმედგაცრუებული მასების ხელში

- თქვენთან დაკავშირებამდე, თვალი გადავავლე „ინტერპრესნიუსისთვის“ ამავე თემებზე თქვენს ინტერვიუებს.

ერთგან თქვენ ამბობთ - „ქართული ოცნება“ კონსერვატიული და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებში წარმატების მიღწევას“.

მეორეგან ამბობთ - „წინ გველის საარჩევნო ორთაბრძოლა „მართლმადიდებლობის მცველებსა“ და „ლიბერალურ აქტივისტებს“ შორის.

ახლა როცა, ყველაფრის მიუხედავად საქართველო მაინც მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, სახელისუფლებო გუნდს შეუძლია იყოს უფრო აქტიური და ეფექტურიც რეკომენდაცია-დათქმების შესრულების საქმეში.

ისევ ვარაუდობთ, რომ 2024 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ ორიენტირებული იქნება კონსერვატიულ და ევროსკეპტიკურად განწყობილ ამომრჩეველზე? 2024 წლის არჩევნებზე ორთაბრძოლა „მართლმადიდებლობის მცველებსა“ და „ლიბერალურ აქტივისტებს“ შორის იქნება?

- კანდიდატის სტატუსის მიღება ვითარებას არ შეცვლის. ევროსკეპტიციზმი ევროკავშირის არსებობას, მასთან ინტეგრაციას არ გამორიცხავს. ზოგიერთი ევროსკეპტიკური სახელმწიფო წლებია ცდილობს შემდეგი პრინციპით მოქმედებას -ისინი დაუნდობლად აკრიტიკებენ ბრიუსელს, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები საერთო ევროპული ვალდებულება შეასრულონ. პარალელურად კი, შანსს არ უშვებენ ხელიდან, რათა ყველა საერთო ევროპული სიკეთიდან მიიღონ მაქსიმალური სარგებელი.

მკაფიოდ ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ სტრატეგია ზუსტად ამგვარია და თითქმის სრულად ემთხვევა ვიქტორ ორბანის, იაროსლავ კაჩინსკისა და სხვათა ხედვებს. უბრალოდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროსკეპტიციზმი უმადური და უპატიოსნო გზაა. თუ რომელიმე კავშირის წევრობა გსურს, მისგან მხოლოდ სარგებელს არ უნდა მოელოდე, კავშირის გასაძლიერებლად შენც უნდა გაიღო შენი რესურსების ნაწილი.

„ლელო“ წარმოადგენს პარტიას, რომელმაც თავისი არსებობის თითქმის ხუთი წლის განმავლობაში დამოუკიდებელი, პრინციპული ძალის შთაბეჭდილება ვერ დატოვა. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ არეულ-დარეული, სუსტი პარტიის რამდენიმე ინიციატივა, რომელიც უკან მიდევნებულ ლამპარს ჰგავს, რამედ ჩააგდოს თვითტკბობისა და თვითკმაყოფილების გზაზე შემდგარმა „ქართულმა ოცნებამ“

- საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა - „ევროკავშირი არ მალავს განზრახვას გაგაძევოს ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან, ეს არ გამოვა“.

თუ ლავროვის ამ განცხადებით ვიმსჯელებთ, კრემლი არ მიესალმება საქართველოს ევროპული სტრუქტურებისკენ სწრაფვას. ამ საკითხში მოსკოვის პოზიციას რა გავლენის მოხდენა შეუძლია დაწყებულ პროცესზე, რომელსაც ბევრი შეუქცევად პროცესად აღიქვამს?

- ცხადია, ევროკავშირში ინტეგრაცია ათასგზის უფრო ადვილია, როდესაც შენი მეზობლები იტალია, ავსტრია, სლოვენია და თუნდაც უნგრეთი არიან. საქართველოს ასეთი ფუფუნება არ აქვს. ჩვენი მეზობელი დიქტატორის მიერ მართული იმპერიაა, რომელიც ძალას არ დაზოგავს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის შესაფერხებლად.

საუბედუროდ, რუსეთს უდავოდ აქვს ბერკეტები ჩვენს საგარეო პოლიტიკაზე ზემოქმედებისთვის. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება უკრაინის ომის შედეგებსა და ომის შემდგომ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე. სამწუხაროდ, ომი დიდ ხანს გაგრძელდება. შესაბამისად, ჩვენ ისღა დაგვრჩენია ინტენსიურად შევისწავლოთ რუსეთი, რათა უფრო პასიონარულად და სერიოზულად ვეძიოთ გზები მისთვის გვერდის ასავლელად.

უბრალოდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროსკეპტიციზმი უმადური და უპატიოსნო გზაა. თუ რომელიმე კავშირის წევრობა გსურს, მისგან მხოლოდ სარგებელს არ უნდა მოელოდე, კავშირის გასაძლიერებლად შენც უნდა გაიღო შენი რესურსების ნაწილი

იმედს მხოლოდ ის გვაძლევს, რომ თანამედროვე მსოფლიოში რუსეთი აღარ მიიჩნევა სუპერსახელმწიფოდ, ჩვენ ირგვლივ არიან ძალები აშშ, ევროკავშირი, თურქეთი, ჩინეთი, რომელთა დახმარებითაც შეგვიძლია რუსეთის მხრიდან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ არსებული წინააღმდეგობის შემცირება.

თუმცა, დასახელებულ ძალებს შორის საქართველოსთვის სასარგებლო ურთიერთმიმართებების ჩამოყალიბებას დიდი შრომის, გამჭრიახობის გარდა, იღბალი და ღვთის წყალობაც სჭირდება.

მოკლედ, ვითარება მძიმეა, რუსეთი ნებისმიერ შემთხვევაში ხელს შეგვიშლის, მაგრამ მთავარია საქართველოს ევროპისკენ მოძრაობის პროცესი დაიძრას. ილია ჭავჭავაძესაც არ ჰქონდა იმედი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას მოესწრებოდა, მაგრამ მაინც იბრძოდა მიზნისთვის. ჩვენ კი ილიასგან განსხვავებით უკიდურესად დაჩქარებულ დროში ვცხოვრობთ, სადაც შეიძლება მოულოდნელად მოგვეცეს შანსი ჩვენი საქმის მოსაგვარებლად.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება